აღმასკომის გადაწყვეტილება – მოიკვეთონ ფეხბურთიდან!

10 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად შეიკრიბა.

დღის წესრიგის მთავარი საკითხი, კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილი ფეხბურთელების საკითხის განხილვა იყო.

აღმასკომის წევრები სფფ–ში დღის 3 საათზე შეიკრიბნენ. მედიისთვის სხდომა დახურული იყო. 18 წევრიდან, სხდომას 17 ესწრებოდა.

დღის წესრიგში ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო: ფულად მაქინაციებში ეჭვმიტანილი ფეხბურთელების საკითხის განხილვა.

სხდომის დასაწყისში, აღმასკომის წევრებმა კიდევ ერთხელ ნახეს შსს–ს მიერ გავრცელებული კადრები, სადაც კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ფეხბურთელები და საეჭვო თამაშებია აღბეჭდილი.

ამის შემდეგ, სფფ–ის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს, მის სახელზე გამოგზავნილი, საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების წერილი გააცნო, სადაც სპორტსმენები თანაგუნდელის მიმართ ლოიალობის გამოჩენას ითხოვდნენ.

აღმასკომის წევრები, ასევე, გაეცნენ უეფა–ს მიერ მსგავს შემთხვევებში დაწესებული სანქციების ჩამონათვალსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებებს.

სხდომამ თითქმის ორ საათს გასტანა, ვინაიდან განსახილველი საკითხი ქართული ფეხბურთისთვის უპრეცედენტო მასშტაბების იყო. მითუმეტეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, სფფ–ს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა.

ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ხმები ორად გაიყო – ცხრა რვაზე და ხმათა უმრავლესობით, სფფ–ის აღმასრულებელმა კომიტეტმა ძალიან მძიმე, თუმცა, შექმნილ სიტუაციაში ადეკვატური და უმკაცრესი განაჩენი გამოიტანა: ფულად მაქინაციებში ეჭვმიტანილ ხუთივე ფეხბურთელს  – გიგა ბეჭვაიას („ვიტ ჯორჯია“), როინ ონიანს, ლევან ვართაგავას (ორივე „ბაია“), სპარტაკ გოგიას და კახა კირთაძეს (ორივე „სამტრედია“) სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ.

აღმასკომის წევრებმა განაჩენი სფფ–ის სადისციპლინო კოდექსის მე–60–ე მუხლის პუნქტი 2–ის მიხედვით გამოიტანეს, სადაც სიტყვასიტყვით ნათქვამია: „პირი, რომელიც შეეცდება სფფ–ის ორგანოს, მატჩის ოფიციალური პირის, ფეხბურთელის ან ოფიციალური პირის მოსყიდვას ან მოისყიდის მათ ან ეცდება პირდაპირ ან ირიბად მოახდინოს ზემოქმედება მათზე (მაგ: თხოვნა, დაპირება, გაუმართლებელი სარგებლის მიღება და სხვა), მატჩის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, დაჯარიმდება: პუნქტი 2 – სერიოზულ შემთხვევებში სანქცია შეიძლება იყოს სამუდამო.“

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სფფ–ის პრეზიდენტი და აღმასკომის წევრები ჟურნალისტებთან გავიდნენ და მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

10 მაისის აღმასკომზე, ასევე, გადაწყდა, რომ მომდევნო კვირაში, სფფ–ში აღმასრულებელი კომიტეტის კიდევ ერთი სხდომა გაიმართება, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, მომავალი სეზონის ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურაზე იმსჯელებენ.

მომდევნო აღმასკომზე, ასევე, გაირკვევა ივნისში გასამართი ფედერაციის ყრილობის თარიღიც.

სფფ–ის პრესსამსახური

Bookmark and Share