სფფ–ის აღმასკომმა ყრილობის თარიღი დანიშნა

დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სფფ–ის აღმასკომის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები შედიოდა:

I - სფფ–ის მორიგი XX ყრილობის ჩატარების შესახებ.

II – საქართველოს 2010–11 წლების ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის შეცვლის და 2011–12 წლების ჩემპიონატის ჩატარების სტრუქტურის განხილვა.

III - სხვადასხვა

აღმასკომის წევრების გადაწყვეტილებით, სფფ–ის ყრილობა 25 ივნისს გაიმართება. ყრილობაზე განსახილველ საკითხებს შორის, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ახალი აღმასკომის არჩევა იქნება.

სფფ–ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატურების წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ სფფ–ის წევრებს, გენერალურ სამდივნოში, 2011 წლის 15 ივნისის 18:00 საათამდე.

გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის – რევაზ შენგელიას განცხადებით, მომავალი ყრილობა რიგითია და წესდების შესაბამისად, სტანდარტული დღის წესრიგი იქნება. რაც შეეხება ახალი აღმასკომის არჩევას, ეს პროცედურა ფარული კენჭისყრით მოხდება.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ყველაზე ხანგრძლივი მსჯელობა, სწორედ, ამ თემის ირგვლივ გაიმართა. სფფ–ის პრეზიდენტმა, აღმასკომის წევრების წინაშე წარმოდგენილი პროექტის ვრცელი პრეზენტაცია მოახდინა.

გუშინ, საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებისამებრ, დღეს, აღმასკომმა ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის ცვლილების პროექტის განსახილველად საგანგებო სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც გაერთიანდნენ სფფ–ის გენერალური სამდივნო, საშეჯიბრო კომიტეტი, ფედერაციის გენერალური მდივანი და ვიცე–პრეზიდენტები; ასევე, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები. სამუშაო ჯგუფი პროექტის დახვეწაზე იმუშავებს და უახლოეს დღეებში, პროექტის სამუშაო ვარიანტს ჯერ კლუბების ხელმძღვანელებს, ხოლო შემდეგ, აღმასკომს წარუდგენს.

დღევანდელ აღმასკომს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა, რომელიც, ასევე, აქტიურად ჩაერთო ამ საკითხის განხილვაში. სხდომიდან გამოსულმა კი, მცირე კომენტარიც გააკეთა.

თემურ ქეცბაია: „მე ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი უფრო საინტერესო და დაძაბული გახდება. რატომღაც, ყველა მარტო უარყოფითს ეძებს ამ პროექტში და ეს ცალმხრივი მიდგომაა. მაგ ლოგიკით, ათგუნდიან ჩემპიონატშიც უამრავი უარყოფითია. იქნება გარანტიები, დახმარება სახელმწიფოს მხრიდან და ჩემი აზრით, შემოთავაზებული სისტემა გაამართლებს. რაც უფრო მეტ თამაშს ითამაშებს ფეხბურთელი, უფრო კარგია.“

მედიისთვის კომენტარი გააკეთა სფფ–ის პრეზიდენტმაც.

ზვიად სიჭინავა: „როგორც იცით, დაინიშნა ყრილობის თარიღი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ახალ აღმასკომს ავირჩევთ. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, ის მუშაობას დღესვე შეუდგება, რომ უახლოეს დღეებში, საფეხბურთო კლუბებს წარვუდგინოთ პროექტის დახვეწილი ვარიანტი.

ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ სანქციების გამკაცრებაზეც. როგორც ადრე გითხარით, საფეხბურთო მოედანზე ჩადენილი ნებისმიერი არასპორტული საქციელი ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი და არა 100 და 200 ლარით, როგორც აქამდე ხდებოდა. ამას გარდა, მკაცრად გაკონტროლდება გუნდების მთავარი მწვრთნელების ჩაცმულობა, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ეთიკური ნორმები და მომავალი სეზონიდან, აღარ ვნახოთ სხვადასხვა უცხოური კლუბების მაისურებსა და სპორტულებში გამოწყობილი მწვრთნელები. დიდ ყურადღებას მივაქცევთ იმასაც, რომ თამაშის წინ და მისი დასრულების შემდეგ, კლუბების პრესცენტრებმა უზრუნველყონ პრესკონფერენციების ჩატარება, რათა გულშემატკივარმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს.“

სხდომის ბოლოს, სფფ–ის იურისტმა – კესო ჩხიკვაძემ აღმასკომს გააცნო ახალი პროექტი – „პროფესიული გადამზადებისა და სპორტის სამართლის ცენტრის დაფუძნების“ შესახებ. აღმასკომმა მხარი დაუჭირა ცენტრის დაფუძნებას, რომელიც ოფიციალურად მომდევნო კვირის დასაწყისშივე სამართლებრივი და იურიდიული ნორმების დაცვით დარეგისტრირდება.

აღმასკომის დასრულების შემდეგ კი, დღის მეორე ნახევარში, სფფ–ში შეიკრიბა ეროვნულ ჩემპიონატში შესატანი ცვლილებების პროექტზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დაკისრებული მოვალეობის შესრულებას უკვე აქტიურად შეუდგა. სამუშაო შეხვედრამ საკმაო ხანს გასტანა. სფფ–ის გენერალური მდივნის განცხადებით, მომდევნო დღეები სამუშაო ჯგუფისთვის მსგავს დატვირთულ რეჟიმში ჩაივლის.

სფფ–ის პრესსამსახური

Bookmark and Share