სფფ–ის აღმასკომი ყრილობის შემდეგ პირველად შეიკრიბა

დღეს, სფფ–ის საკონფერენციო დარბაზში, ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი ყრილობის შემდეგ პირველად შეიკრიბა.

სხდომის დღის წესრიგში შედიოდა სფფ–ის ვიცე–პრეზიდენტებისდამტკიცება და გენერალური მდივნის დანიშვნა. ამ მხრივ, ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ცვლილებები არ მომხდარა. გენერალური მდივნის პოსტზე კვლავ რევაზ არველაძე დაინიშნა. ხოლო ვიცე–პრეზიდენტებად გია ფირცხალავა და ალექსანდრე ჩივაძე დაამტკიცეს.

ამის შემდეგ, სფფ–ის პრეზიდენტმა აღმასკომს გააცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წერილი, რომელშიც გურულები საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ლანჩხუთის „გურიას“ დაშვებას ითხოვენ, ვინაიდან საფეხბურთო კლუბ „გურია 2000“ – ს ყადაღა ადევს. აღმასკომმა წერილი განიხილა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, „გურიას“ პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება მისცა.

ზვიად სიჭინავამ დაწვრილებით ისაუბრა იმ ჩაშლილი ტენდერის შესახებ, რომელიც სფფ–ს ჰქონდა გამოცხადებული ფოთის, გორისა და ქობულეთის სტადიონების მინდვრების გაკეთებაზე. პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ქვეყნის მთავრობასთან. კომპანიები, რომლებიც ამ სამუშაოს შეასრულებენ, ვალდებულები იქნებიან შეასრულონ უმთავრესი მოთხოვნა – მოედნები ჩააბარონ 5–8 წლიანი გარანტიით და საუკეთესო სადრენაჟო სისტემით.

დღესვე გადაწყდა, რომ აღმასკომის წევრებისგან შეიქმნება საგანგებო კომისია, რომელიც სტადიონებზე მიმდინარე სამუშაოებს გააკონტროლებს. კომისიის თავმჯდომარე ზვიად სიჭინავა იქნება; წევრები კი, ლადო ვარძელაშვილი, დავით ნამგალაური, გიორგი ასანიძე, ალექსანდრე ჩივაძე, გია ფირცხალავა და რევაზ არველაძე.

სხდომის ბოლოს კი, აღმასკომის წევრმა – სერგო კვარაცხელიამ კოლეგების წინაშე განსახილველად დააყენა საკითხი, რომ კომპლექსურ სასპორტო სკოლებს გამოეყოს საფეხბურთო სკოლები და მოხდეს მათი იურიდიულ პირად ჩამოყალიბება. აღმასკომმა საკითხი მოიწონა და დღეიდან, დაიწყება წინადადებების შემუშავების პროცესი.

სფფ–ის პრესსამსახური

Bookmark and Share