სტადიონზე ქცევის წესები და უსაფრთხოების ზომები

ძვირფასო გულშემატკივრებო!

მოგეხსენებათ, 7 და 11 სექტემბერს გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და უსაფრთხოების სამსახური თავს ვალდებულად თვლის, შეგახსენოთ სტადიონზე ქცევის წესები და უსაფრთხოების ის ზომები, რაც თამაშების დღეებში იქნება მიღებული.

7 და 11 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ სტადიონის ყველა შესასვლელი კარი გაიღება მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე. მოგმართავთ თხოვნით, სტადიონზე მიბრძანდეთ მაქსიმალურად ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ რიგები შესასვლელებში და სხვა გაუგებრობები. ასევე გთხოვთ, იმოძრაოთ და გადანაწილდეთ ბილეთზე მითითებული ადგილებისა და ტრიბუნების მიმართულებით. მაგალითად: დასავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონე გულშემატკივრებმა იმოძრაოთ ყიფიანის ქუჩიდან; აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონეებმა კი - წერეთლის გამზირიდან.

გაცნობებთ, რომ სტადიონის შესასვლელებში დაცვის სამსახური აწარმოებს დათვალიერებას.

წესისამებრ, იმოქმედებს კანონით დადგენილი აკრძალვები: სტადიონის ტერიტორიაზე ბოთლების, ხელკეტების, ბლაგვი საგნებისა და ე.წ „ლაზერების“ შეტანა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა „ლაზერებს“. სტადიონზე მუშაობს უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოკამერები და ლაზერის გამოყენების შემთხვევაში, გულშემატკივარს მყისვე დაატოვებინებენ სტადიონის ტერიტორიას. რასაკვირველია, იკრძალება დაცულ ტერიტორიაზე (ამ შემთხვევაში - სტადიონზე) არასანქცირებული შეღწევაც (მაგალითად, ღობეზე გადაძრომა).

სფფ და უსაფრთხოების სამსახური გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ სტადიონზე ქცევის დადგენილ წესებს, რათა 7 და 11 სექტემბრის მატჩებმა ჩაიაროს მშვიდად, ზედმეტი გართულებების გარეშე.

სფფ-ის პრესსამსახური

Bookmark and Share