ახალი თაობა ქართულ სამსაჯო კორპუსში

სერბეთში მიმდინარე 17-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, საქართველოდან ფიფა-ს ასისტენტი - გიორგი ყრუაშვილი იმყოფება. ახალგაზრდა ქართველმა მსაჯმა უკვე იმსაჯა ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, უეფა-ს გადაწყვეტილებით მიეცა უფლება ერთ–ერთი ნახევარფინალური მატჩის იმსაჯოს. არ არის გამორიცხული, ყრუაშვილმა ფინალურ შეხვედრაშიც გაუწიოს ასისტენტობა მატჩის მთავარ არბიტრს.

ქართველი მსაჯების გადამზადების პროცესი  მხოლოდ ამ სახით არ მიმდინარეობს.

თორნიკე გვანცელაძე (არბიტრი), დავით ჩიგოგიძე (ასისტენტი) და ლევან ვარამიშვილი (ასისტენტი) შვეიცარიის ქალაქ ნიონში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს უეფა–ს მიერ ორგანიზებულ სამსაჯო კურსებზე CORE პერსპექტიული მსაჯებისთვის, რომელთაც აქვთ პოტენციალი მოხვდნენ საერთაშორისო მსაჯების ან ასისტენტების სიაში.

ათი დღის განმავლობაში, მათ გაიარეს ლექციების და პრაქტიკული ვარჯიშების კურსი საუკეთესო პედაგოგების მონაწილეობით. უეფა–ს სამსაჯო კომიტეტის წევრები – იაპ ულენბერგი და დევიდ ელერეი არიან ამ კურსის წამყვანები, ხოლო კურსის მენეჯერი და ორგანიზატორია ივან კორნუ, უეფა-ს სამსაჯო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

ქართველ მსაჯებს ჰყავდათ პირადი მწვრთნელიც – ესტონელი უნო ტუტკო, რომელიც გამოცდილი, ყოფილი საერთაშორისო არბიტრია.

მათ იმსაჯეს ერთი თამაში შვეიცარიის მე–3 ლიგაში, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

პროგრამის თანახმად, თორნიკე გვანცელაძე (არბიტრი), დავით ჩიგოგიძე (ასისტენტი) და ლევან ვარამიშვილი (ასისტენტი) 6–7 თვეში კვლავ გაემგზავრებიან ნიონში, სადაც ერთკვირიან კურსზე მოხდება სხვადასხვა სამსაჯო ასპექტში მათი პროგრესისა და ინგლისური ენის ცოდნის ხარისხის შემოწმება.

სფფ–ის პრესსამსახური

Bookmark and Share