სიახლეები

მასობრივი ფეხბურთის კვირეული აკეთში, მოყვარულთა ლიგის მატჩით დასრულდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე
  • მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ეგიდით ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა
     
  • კვირეული გურიაში დასრულდა
     
  • გურიის რეგიონალური სამოყვარულო ლიგის გამარჯვებული ოზურგეთის ლიხაური გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ბოლო დღეს გურიის სოფელ აკეთში, მოყვარულთა ლიგის მატჩს დაესწრნენ.

გურიის რეგიონალური ლიგის ბოლო ტურში ლანჩხუთის აცაურა ოზურგეთის ლიხაურს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის ლიხაურმა ბოლო ტურამდე გაინაღდა გურიის ჩემპიონის ტიტული, მატჩი მაინც დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა.

მოყვარულთა ლიგა სწორედ ის პროექტია, რისთვისაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, წელს პირველად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ვერცხლის ჯილდო გადასცა. ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან UEFA-ს ერთერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა.

23 სექტემბრიდან მთელი კვირის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციისაკენ მიმართული აქტივობები ჩატარდა.  უეფას ეგიდით ჩატარებული კვირის მიზანი იმ პროექტების წარმოჩენაა, რომელიც თავის როლს თამაშობს ფეხბურთის საძირკვლის განვითარებაში.

მამების თასი დავით პეტრიაშვილი არენაზე

კვირეული 23 სექტემბერს დავით პეტრიაშვილის არენაზე „მამების თასით“ გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს მწვრთნელი მამები და გოგოებისა და ბიჭებისგან თანაბრად დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში გაიმართა საფეხბურთო დღე ბავშვთა დღის ცენტრ კარიტასშიც, აღნიშნული დღის ცენტრი ერთერთია იმ რვა ბენეფიციართაგან, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით უკვე მეოთხე წელია, რაც ბავშვთა საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აძლევს საშუალებას ითამაშონ ფეხბურთი და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
28 სექტემბერს გურიაში, სოფელ ბოხვაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალთა საფეხბურთო გუნდების კაპიტნების ძალისხმევით კიდევ ერთი სოფლის მოედანი განახლდა. ღონისძიება, ტრადიციულად, საფეხბურთო მატჩით დასრულდა.

ფეხბურთის დღე კარიტასში

ბათუმმა უმასპინძლა აუტიზმის მქონე ბავშთა საფეხბურთო ფესტივალს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო გუნდი „ვორიორსი“ უკვე 3 წელია, რაც ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, გორში, თელავსა და რუსთავში 6-15 წლამდე ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებს ყველანაირ პირობას უქმნის იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი. ქალაქ ბათუმში გუნდი უკვე 2 წელია ჩამოყალიბდა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აქტიური ჩართულობით, რეგულარულ ვარჯიშებს მართავს.

აუტიზმის მქონე ბავშვთა ფესტივალი ბათუმში

იმავე საღამოს, ზღვისპირა ქალაქში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი პროექტის GOALBACK საჩვენებელი მატჩი შედგა.  რომლის მთავარი მიზანი, სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა. GOALBACK - აპლიკაციაა, რომელიც ფეხბურთის თამაშის მსურველებს ერთმანეთთან დააკავშირებს და ამით მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს.