სიახლეები

24 ოქტომბერს რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკადემია გაიხსნება!

სფფ
გაუზიარე

24 ოქტომბერს, 17:00 საათზე რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია იხსნება.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფიფას და უეფას ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრებიან.

მედიის წარმომადგენლებისთვის: ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია ადგილზე გაიაროთ რეგისტრაცია. შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფი და კომფორტული პროცესისათვის, გთხოვთ, აკადემიაში მობრძანდეთ 16:00 საათიდან.

ქალაქ რუსთავში 6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს მოემსახურება. ტერიტორიაზე ორი შენობა განთავსდა. აკადემიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს. მათთვის აღნიშნულ კომპლექსში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის პირველი შენობა სულ 108 ადამიანზეა გათვლილი. აქ მოზარდებისთვის როგორც საძინებელი ოთახები, აგრეთვე გასართობი კუთხეა წარმოდგენილი. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასადილო, სასწავლო აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი, მწვრთნელთა და უსაფრთხოების ოთახებია განთავსებული. აკადემიის ტერიტორიის, ფართობისა და კლიმატის გათვალისწინებით, კომპლექსი სრულად გამწვანდება - მოედნებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეები გამწვანების ზოლით შეივსება.

ტერიტორიაზე არსებულ მეორე შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები და საშხაპეები, სათავსოები, სანიტარული კვანძები და სამედიცინო კაბინეტები. აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.