სიახლეები

ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის „ფეხბურთი ყველას“ გამარჯვებულია

გაუზიარე
  • ფესტივალი, სახელწოდებით „ფეხბურთი ყველას“ სამი დღის განმავლობაში ჩატარდა და მასში ქვეყნის რვა რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა
  • წელს, ბავშვების ინიციატივით, პროექტის საპატიო ელჩი ლევან კობიაშვილი გახდა.

2 დეკემბერს რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში მზურნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ შეხვედრაში ფოთის ბავშვთა გუნდმა თბილისის “SOS“ ბავშვთა სოფლის გუნდი 3:0 დაამარცხა და სამდღიანი ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

გამარჯვებულები და ფინალისტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დააჯილდოვეს. 

„ჩვენთვის ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა. ჩვენ, როგორც მშობლებს, ძალიან კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს სპორტში, კერძოდ ფეხბურთში ბავშვების ჩართულობას და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას მივცეთ ამის შესაძლებლობა.  ეს ამ ბავშვებისთვის არის საშუალება იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ სპორტულები და აქტიურები.“- აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ.

ფესტივალის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი და ნათელი მომავლისათვის“ წარმომადგენლებმა წელს პროექტის საპატიო ელჩი დაასახელეს. „ფეხბურთი ყველას“ კეთილი ნების ელჩი, ბავშვების ინიციატივით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა.

ფესტივალი, სახელწოდებით „ფეხბურთი ყველას“ სამი დღის განმავლობაში ჩატარდა და მასში ქვეყნის რვა რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც რეგიონული ტურნირების შედეგად შეირჩნენ.პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აერთიანებს. უკვე 3 წელზე მეტია, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა, სადაც აღსაზრდელები სისტემატურად ვარჯიშობენ.