სიახლეები

15-წლამდე და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულებს ფეხბურთის ფედერაციამ უმასპინძლა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ერონული ჩემპიონატის 15-წლამდე და 17-წლამდე ოქროს ლიგების გამარჯვებულს - თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. ჩემპიონებს კუთვნილი მედლები და თასი ალექსანდრე იაშვილმა, დავით სირაძემ და ლევან ცქიტიშვილმა გადასცეს.

თბილისის "დინამოს" ასაკობრივმა გუნდებმა განვლილი სეზონი დამაჯერებლად ჩაატარეს, 17-წლამდე გუნდმა უახლოეს მდევარ "საბურთალოს" 10 ქულით გაასწრო, 15-წლამდე გუნდმა კი, "სფფ აკადემიას" 7 ქულით აჯობა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გუნდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და დღეს გამართული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"პირველ რიგში, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ. ვთვლი, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ფეხბურთელისთვის ეს პირველი დიდი გამარჯვებაა. ახალგაზრდა ფეხბურთელები საკუთარი კარიერის დასაწყისში არიან და ისინი უნდა მიხვდნენ, რამდენად დიდი სტიმულია გუნდთან ერთად მიღწეული წარმატება. ეს ყველაფერი იმის საწინდარია, რომ ისინი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ, რომელსაც ასაკობრივი ნაკრებები ჰქვია და უკვე ამ დონეზე მოუტანონ საკუთარ ქვეყანასა და კლუბს წარმატება."

შეხვედრაზე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ ფედერაციისა და ფონდის ერთობლივი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვით, ასაკობრივი ლიგის გამარჯვებულებსა და ვერცხლის მედალოსნებს ექნებათ შესაძლებლობა, ზამთრის პაუზის დროს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტურნირებში. აღნიშნულის დაფინანსებას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ფედერაცია სრულად უზრუნველყოფენ. 

"ვულოცავ თბილისის დინამოს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ამ ბავშვებისთვის ეს წინსვლა დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. კიდევ უფრო დიდ სიხარულს და გამარჯვებებს ვუსურვებ მომავალში."- აღნიშნა დავით სირაძემ.