სიახლეები

ფუტსალი | საქართველო 7:0 ისრაელი

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

31 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 7:0 დასრულდა. მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 'დ' ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება დროზე ადრე მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა აქტიური შეტევებით დაიწყო და ხუთი გოლი პირველ 10 წუთში გავიდა. ჰეთ-ტრიკი თალესის ანგარიშზეა, თითო გოლი კი, შოთა თოფურიამ და ფუმასამ გაიტანეს.

მეორე ტაიმში გულშემატკივარმა განსხვავებული თამაში იხილა, საქართველოს ნაკრებმა აქცენტი ბურთის კონტროლზე გააკეთა და მეტოქეს აქტიურად აღარ უტევდა. მიუხედავად ამისა, ავთანდილ ასათანის გუნდმა ისრაელის კარში კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში - 7:0 დააფიქსირა. გოლები საკუთარ ანგარიშზე გია ნიყვაშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა ჩაიწერეს.

საქართველო 7:0 ისრაელი

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ისრაელი: კოჯოკარო, დიედუნოვი, ტ. შკოლნიკი, კოენი, ჯუბრანი

სათადარიგო შემადგენლობა: ჰაფიფი, შტუკმაისტერი, ბუდა, სტამი, დაადი, ბარ-ელი, ვასერი, შულკინი, ი. შკოლნიკი

მთავარი მწვრთნელი: ავი კალიფი

გაფრთხილება: 28:41' სებისკვერაძე

გოლები: 1:0 თალესი (03:13), 2:0 თოფურია (05:05), 3:0 თალესი (08:30), 4:0 ფუმასა (08:44), 5:0 თალესი (10:00), 6:0 ნიყვაშვილი (23:26), 7:0 ჯვარაშვილი (35:46)

'დ' ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანია დანიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 5:2 დაამარცხა მეტოქე. მოპოვებული გამარჯვებით გერმანელებმა სამი ქულა დააგროვეს და ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 'დ' ჯგუფის დასკვნითი შეხვედრები 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 17:30 საათზე ისრაელი გერმანიას დაუპირისპირდება, სწორედ ამ შეხვედრაში გამოვლინდება თუ რომელი ნაკრები მოიპოვებს მეინ-რაუნდში თამაშის უფლებას. 20:30 საათზე კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიას უმასპინძლებს.

 

მატჩის ჩანაწერი