სიახლეები

15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა ჩატარდა

სფფ
გაუზიარე

სასტუმრო ჰუალინგმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობას უმასპინძლა, რომლის მუშაობაში 28 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ყრილობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი კიდევ ოთხი წლის ვადით ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს და დღესვე, აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა დაამტკიცეს.

29-ე საარჩევნო ყრილობა, სიმბოლურად, ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს ჩატარდა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პირველი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე დაჯილდოვდნენ. ჯილდო ასევე გადაეცა ფეხბურთის ფედერაციის ერთერთ დამფუძნებელს - ზურაბ პეტრიაშვილს. ეროვნული ჩემპიონატის ისტორიის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის და ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი გია ტუხაშვილი.

ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებს და მომავალ, საიუბილეო, 30-ე წელიწადს სხვა საინტერესო ღონისძიებებითაც აღნიშნავს.

საარჩევნო ყრილობას უეფას ვიცე-პრეზიდენტი მიკელე უვო და ფიფას განვითარების პროგრამების კოორდინატორი ოლივერ იუნგი დაესწრნენ. მათ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და განვლილი პერიოდი დადებითად შეაფასეს.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს ვესწრები. გამოვყოფდი უკანასკნელ სამ წელიწადს, რომლის განმავლობაში ფედერაციას ძალიან დიდი მიღწევები აქვს. ლევან კობიაშვილმა საკმაოდ საინტერესო ხედვა წარმოადგინა, რომელიც უეფას ღირებულებებს იზიარებს და სწორედ მათ შესაბამისად განხორციელდება. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებელია. აღსანიშნავია,რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყოველ წელს იზრდება და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ.“ - აღნიშნა უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მიკელე უვამ.

არჩევნების შედეგები შეაფასა ლევან კობიაშვილმა:

„უპირველესად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ყრილობის წევრებს, ასევე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის. ეს ჩემთვის  ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ბუნებრივია, რომ ჩვენს გზას კვლავ გავაგრძელებთ... საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს წინ და მე  და ჩემი გუნდი მზად ვართ იმისათვის, რომ მივიღოთ ეს გამოწვევა. კიდევ უფრო მეტად მოტოვირებული ვარ და თამამად ვიტყვი,რომ  ჩემს შესაძლებლობებსა და რესურსს მთლიანად ფეხბურთში დავხარჯავ, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში ძალიან წარმატებული იქნება.“

მედიისთვის კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდა საქართველოში:

„მე ჩამოვედი იმისთვის, რომ მხარი დამეჭირა ლევანისთვის და მისი გუნდისთვის. მიმაჩნია, რომ მან დაიმსახურა ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა და აქვს, რადგან 4 წლის მუშაობის მანძილზე შეძლო და გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია, არამხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქართულ ფეხბურთზე, სადაც ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და მე მჯერა, რომ ლევანი ზუსტად ისე გააგრძელებს, როგორც დაიწყო. ის იყო გენიალური ფეხბურთელი და იმსახურებს იმ ნდობასა და მხარდაჭერას, რომელიც მას აქვს.“ - აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.

ლევან კობიაშვილი ქართულ საფეხბურთო სამყაროს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.