სიახლეები

ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსი შენდება 

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატთან, რეზო სოხაძესთან ერთად, პირადად გაეცნო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსი აშენდება, რომელიც 1 სტანდარტულსა და ერთ პატარა მოედანს, გასახდელებსა და 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას მოიცავს. ამასთან, ვარკეთილში განათების სისტემაც დამონტაჟდება.

პროექტის მნიშვნელობაზე და მის როლზე, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისით, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა კვლავ ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება:

“2018 წელს ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ინფრასტრუქუტურული განახლებები, თუმცა, ბუნებრივია, ის რასაც ვაკეთებთ საკმარისი ვერ იქნება და ჯერ კიდევ ვდგავართ ამ გამოწვევების წინაშე. ბავშვთა ფეხბურთის განვითარება პირდაპირ დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, რადგან ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ითამაშონ ფეხბურთი. ეს პროექტიც, სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზეა ორიენტირებული.“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

რაიონისთვის საფეხბურთო ცენტრის გაჩენის პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ვარკეთილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რეზო სოხაძემ, რომელმაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება.