სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების მესამე დღე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, სავარჯიშო პროცესი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. ვატო  არველაძემ, რომელიც  საწვრთნელის პროცესი საწყის ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. დღევანდელი სავარჯიშო პროცესის ძირითადი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე ხვალ ივარჯიშებს.

ნიკა კვეკვესკირი წლის პირველ მატჩთან დაკავშირებით:

„გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა. ამას, რა თქმა უნდა, ემატება  მაყურებლის ფაქტორი. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მითუმეტეს ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება მათი დახმარება.

ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.“

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მედია ორგანიზაციები, რომლებმაც 19 მარტის ჩათვლით ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართეს, აკრედიტაციასთან დაკავშირებით სრულ  ინფორმაციას 21 მარტს მიიღებენ. აკრედიტაციების გაცემა, აგრეთვე, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია და გუნდების ღია ვარჯიში 22 მარტს ჩატარდება. დამატებით ინფორმაციას ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით გაგაცნობთ.

საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით (tkt.ge) , აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღიურად შეგიძლიათ. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ევროპის ჩემპონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის პირველი ტური:

23 მარტი
საქართველო-შვეიცარია 18:00
გიბრალტარი-ირლანდია 21:00