სიახლეები

საქართველო 0:2 შვეიცარია

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

23 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისის „დინამო არენაზე“ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. მატჩი სტუმართა  გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

პირველ ნახევარში საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მეორე ტაიმში კი, შვეიცარიელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში 56-ე წუთზე ცუბერმა გახსნა, მე-80-ზე კი ზაქარიამ მეორედ აიღო საქართველოს ნაკრების კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა განვლილი მატჩი შეაფასა და ირლანდიასთან გასამართი მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

„რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვმუშაობ, შვეიცარია ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო რომელსაც თბილისში დავუპირისპირდით. პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, ვაკო ყაზაიშვილს გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ამ ეტაპზე, ბიჭებზე ცუდი არაფრის თქმა შემიძლია, ყველა მათგანმა ბოლომდე იბრძოლა. შედეგი ნამდვილად ლოგიკურია, მეორე ტაიმში შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო. მეტოქე გუნდის მოთამაშეები ასეთ შეხვედრებს ყოველ სამ დღეში თამაშობენ, ჩვენ კი, წელიწადში მხოლოდ ექვსჯერ. შვეიცარია არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტია.

ირლანდიაში ქულების მოპოვებას შევეცდებით. მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ყველა მწვრთნელს საკუთარი ფილოსოფია აქვს, აქამდე, ირლანდია 3-5-2 სათამაშო სქემით თამაშობდა, ვნახოთ, თუ შეცვლიან რამეს. ირლანდიელებს დღეს, ჩვენგან განსხვავებით, არც თუ ისე, რთული მატჩი ელით გიბრალტარის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ირლანდიელთა წინააღმდეგ ფიზიკური დატვირთვა დღევანდელი თამაშის მსგავსი იქნება, ამას ემატება ის, რომ ჩვენ სტუმრად ვთამაშობთ და საკმაოდ დიდი მგზავრობა გველის. რა თქმა უნდა, ირლანდია საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ უიღბლო სერია შევწყვიტოთ და გავიმარჯვოთ.

ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მათ შორის იძულებითი ხასიათის. ჯიმი ტაბიძეს ტვინის შერყევა აქვს და ის ჩვენთან ერთად დუბლინში წამოსვლას ვერ შეძლებს. ცვლილებები შესაძლოა ტაქტიკურ სქემაშიც მოხდეს, შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ მინიმუმ 2-3 ცვლილებას განვახორციელებთ.“ - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის მეორე შეხვედრა გიბრალტარსა და ირლანდიას შორის  სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. 

საქართველო 0:2 შვეიცარია

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (84’ კაჭარავა), ქვილითაია (74’ ლობჟანიძე), ტაბიძე (60’ კვერკველია), გვილია

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, მაკარიძე, კიტეიშვილი, არველაძე, პარუნაშვილი, ხარაბაძე, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

შვეიცარია: სომერი, ლიხშტაინერი, აკანჯი, ემბოლო (84’ სტეფენი), ფროილერი (90’ სოუ), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაქარია, გავრანოვიჩი (60’ აიეტი), შარი

სათდარიგო შემადგენლობა: მვოგო, ომლინი, ბენიტო, ელვედი, ლანგი, ფასნახტი, კლოზე, მბაბუ

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

მსაჯები: კრეიგ პოუსონი (ინგლისი), ლი ბეტსი (ინგლისი), გარი ბესვიკი (ინგლისი), ენტონი ტეილორი (ინგლისი)

გაფრთხილება: 70' კაშია, 76' ხოჭოლავა, 89' ჯაკა, 90+2' გვილია

გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაქარია (80)

შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივარმა ეროვნული გუნდიდან ოთხი მოთამაშე გააცილა. ლაშა სალუქვაძეს, ოთარ მარცვალაძეს, უჩა ლობჟანიძესა და ნუკრი რევიშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას დუბლინის „ავივას“ სტადიონზე ირლანდიის წინააღმდეგ 26 მარტს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ვლადიმირ ვაისის გუნდი დუბლინში ჩარტერული რეისით, 24 მარტს დილით გაემგზავრება.