სიახლეები

ირლანდია 1:0 საქართველო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი, დუბლინში ირლანდიასთან დამარცხდა.

პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას  მეტოქე ფლობდა, თუმცა ვაკო გვილიას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა. ანგარიში 36-ე წუთზე გაიხსნა. ჰარიჰეინმა ანგარიში ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კართან, რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა. ირლანდიამ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.

დუბლინში,  საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. ეროვნული გუნდის მაისურით, ვატო არველაძემ და ლევან ხარაბაძემ პირველად ითამაშეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა.

ვლადიმირ ვაისი: „პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიის ნაკრებს გამარჯვებას, მათ კარგი თამაში აჩვენეს. მეტოქემ პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა. ამიტომ მოგვიწია სათამაშო სქემა 4-4-2, 4-3-3-ით შეგვეცვალა. ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დავმარცხდით, ჩემს ფეხბურთელებს თამაშის წინ ვუთხარი, რომ ჰარიჰეინი და ბრეიდი სტანდარტულების დროს ძალიან სახიფათოები არიან. ვფიქრობ, რომ ჯარიმის შესრულების დროს, კედელი ცოტა შიგნით იყო და ჰარიჰეინმა შესანიშნავი გოლი გაგვიტანა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ, ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ რენდოლფმა ორივეს მოგერიება მოახერხა. ვცადეთ, რომ ბოლო 15 წუთში კიდევ ერთხელ შეგვეცვალა სათამაშო სქემა და ქვილითაიას ოქრიაშვილი მივახმარეთ. უკვე მეორე შეხვედრაში მარცხენა მცველის შეცვლა გვიწევს, რაც ადვილი ნამდვილად არაა.

ირლანდიის ნაკრები ჯგუფის ლიდერია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ორი შეხვედრა წავაგეთ, ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ჯგუფის ორ ლიდერთან, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან დავმარცხდით. აღნიშნულ გუნდებთან ერთად ვფიქრობ, რომ დანიაც ჯგუფის ფავორიტია. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, ახალი გუნდის შენება გვიწევს ისეთი ახალგაზრდა მოთამაშეებით, როგორიც ჩაკვეტაძე, ხარაბაძე, გვილია, კიტეიშვილი და სხვები არიან. მაგალითად, კიტეიშვილი ორი წლის უკან საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და ევროპაში ახლახან გადავიდა. ის დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს, ეს ადვილი ნამდვილად არაა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ სწორად ვითარდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, 2020 წლის მარტს მზად შევხვდეთ და ისტორიული შანსი გამოვიყენოთ.

ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის. არველაძე 21 წლის პერსპექტიული მოთამაშეა, რომელსაც ამ შესანიშნავ სტადიონზე თამაშის საშუალება ჰქონდა. მან თავის პოტენციალი  დაგვანახა, მაგრამ ამ დონეზე თამაში ადვილი არაა. სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს ქვილითაიას, მან მძიმე ტრავმა გადაიტანა და „გენტში“ ახლა იწყებს თამაშს. მე მჯერა ჩემი გუნდის, მე მჯერა პირადად მისი. 2020 წლის მარტისთვის ფორმის პიკში უნდა ვიყოთ, რაც ყველაზე მთავარია ტრავმების გარეშე, რადგან ბელორუსიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული იქნება.“

ირლანდია 1:0 საქართველო

დუბლინი, „ავივა“

ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი სტივენსი, დაფი, კიო, ველანი, მაკგოლდრიკი (81’ დოჰერტი), ბრეიდი (74’ ო’ბრაიენი), მაკლინი, ჰენდრიკი, ჰარიჰეინი

სათადარიგო შემადგენლობა: ვესტვუდი, ტრეივერსი, მაგუაიერი, ეგანი, კოლინსი, ჯაჯი, ქულენი, კ. ლონგი, არტერი

მთავარი მწვრთნელი: მიკ მაკარტი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (85’ ოქრიაშვილი), ხოჭოლავა (65’ ხარაბაძე), კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, კიტეიშვილი, ქვილითაია, არველაძე (73’ ყაზაიშვილი)

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, მაკარიძე, კაჭარავა, პარუნაშვილი, მერებაშვილი, ჭანტურაშვილი, ლობჟანიძე, ჯიღაური, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: სერდარ გოზუბუიუკი (ჰოლანდია), ჩარლზ შააპი (ჰოლანდია), იან დე ვრისი (ჰოლანდია), დენის ჰიგლერი (ჰოლანდია)

გაფრთხილება: 15’ კანკავა, 33’ კაშია

გოლი: 1:0 ჰარიჰეინი (36)

საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის მეორე მატჩი შვეიცარიასა და დანიას  შორის ფრედ 3:3 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას 7 ივნისს, „დინამო არენაზე“ გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.