სიახლეები

ფუტსალის ლიგის თასი წელს პირველად გათამაშდება!

ფუტსალი
გაუზიარე

10 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ფუტსალის ლიგის თასის წილისწყრა გაიმართა. თასის გათამაშება წელს პირველად ჩატარდება  და მასში მონაწილეობას ფუტსალის  ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდები მიიღებენ. პირველ, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში III-VIII ადგილზე გასული გუნდები და ფუტსალის ლიგა 2-ს ექვსი გუნდი, ბრმა წილისყრით დაწყვილდნენ, საიდანაც გაირკვევა იმ 6 გუნდის ვინაობა, რომელიც ასპარეზობას 1/4 ფინალში განაგრძობს. 1/4 ფინალიდან ჩაერთვებიან გათამაშებაში ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის I-II ადგილზე გასული თელასი და TMC თბილისი, რომელთა განთესვაც ასევე ბრმა წილისყრით მოხდა. საკვალიფიკაციო, მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდების ვინაობა, ერთ მატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა. ერთ მატჩიანი იქნება ასევე ფინალური შეხვედრაც.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ილიაუნი vs UG, კსუ vs თელავი, თსუ vs ივერია 2017, მართვე vs დინამო, თსუ 2 vs ბსუ, თბილისი vs პსპ. ასევე, აღსანიშნავია, სატურნირო ბადეში თელასი და TMC თბილისი იმგვარად გადანაწილდნენ, რომ მეოთხედფინალში მაყურებელი სწორედ მათ დაპირისპირებას იხილავს.

გთავაზობთ წილისყრის შემდგომ კომენტარებს:

კონსტანტინე ჯავახიშვილი, პსპ-ს მენეჯერი: „ჩვენი გუნდი სამოყვარულო ჩემპიონატიდანაა გადმოსული. დებიუტანტები ვართ. გუნდები ძალიან საინტერესოდ გადანაწილდნენ. რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია ჩვენთვის პროფესიონალებთან თამაში. თბილისთან გვიწევს დაპირისპირება, რომელიც უმაღლესი ლიგის გუნდია. იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. რთული მატჩი იქნება და ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.“

პეტრე წულუკიძე, ილიაუნის მენეჯერი: „ილიაუნი ფუტსალის პროფესიონალური ლიგის გათამაშებაში პირველად ჩაერთო. ბუნებრივია, თასის გათამაშება გვაძლებს საშუალებას ძალები უმაღლესი ლიგის გუნდებთანაც გამოვცადოთ. ჩვენს შემთხვევაში ბადე ისე დალაგდა, რომ პირველ ეტაპზე მეტოქე ჩვენივე ლიგიდანაა. საქართველოს უნივესიტეტთან ორი მატჩი გვაქვს ჩატარებული ფუტსალის ლიგა 2-ს ფარგლებში და მარტივად ვძლიეთ, მაგრამ წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება, რადაგან არ ვიცით როგორი შემადგენლობით გამოვლენ. თუ ამ შეხვედრას მოვიგებთ, შემდეგ უკვე კსუ-ს ვხვდებით, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა.“

მალხაზ გედევანიშვილი, SBM-ს გენერალური მენეჯერი: „ფუტსალის ლიგის თასი სადებიუტო ტურნირია, სადაც მონაწილეობას ფუტსალის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს გუნდები მიიღებენ. ამ ყველაფერს დამატებით ხიბლს სძენს ისიც, რომ წილისყრა ბრმად გაიმართა. მეტოქეები მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად არიან გადანაწილებულები, რაც ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ფუტსალის ლიგის პროექტია, რომელსაც სპორტული სააგენტო SBM საქრთველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ანხორციელებს.“

თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები, თბილისის ოლიმპიურ სასხლეში, 12 აპრილს გაიმართება, ხოლო 1/4 ფინალური დაპირისპირებები 19 აპრილს შედგება.