სიახლეები

შეხვედრა სპორტული მედიის წარმომადგენლებთან

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული  მატჩები იყო. შეხვედრაზე ვლადიმირ ვაისთან ერთად, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა უპასუხა.  სასტუმრო რუმსში გამართულ შეხვედრას, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

🔻 საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩების შესახებ ვლადიმირ ვაისმა მედიის ყველა შეკითხვას უპასუხა:

"ჩვენი მოთამაშეები არ იყვნენ სასურველ ფიზიკურ კონდიციაში იმ კონკრეტულ მომენტში, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან თანაბრად რომ ეთამაშათ. მეტიც, ამ მდგომარეობაში გამარჯვება ერთა ლიგის ჯგუფშიც გაგვიჭირდებოდა - ვგულისხმობ ტრავმებსა და სათამაშო კონდიციას და არა იმას, რომ ცუდი ფეხბურთელები გვყავს. ფეხბურთელებზე ცუდი არასოდეს მითქვამს. ჩემს თავს არასოდეს ვაკადრებ, ფეხბურთელებზე ცუდი ვთქვა.  ზოგჯერ შესაძლოა, ჩემს მიერ ემოციურად ნათქვამი სხვაგვარად გავრცელდეს. ორი თამაში წავაგეთ, რაზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა, ცხოვრება გრძელდება.  არსებობს ვითარება, როდესაც მწვრთნელის მიერ გასახდელში ნათქვამი, გასახდელში უნდა დარჩეს. იქ რაც ხდება, ყველაფერს ვერ იტყვი.  ოქრიაშვილი მზად არ იყო, მაგრამ მისი საფეხბურთო თვისებები ძალიან მომწონს და ვაფასებ და გამომდინარე იქიდან, რასაც ვარჯიშებზე აკეთებდა, მაინც დავაყენე, მაგრამ თამაშმა აჩვენა, რომ შევცდი." 

🔻 ვლადიმირ ვაისმა ჯანო ანანიძის ირლანდიაში არყოფნაზე და დუბლინში გამართულ მატჩზე ისაუბრა:

„ჯანომ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ მითხრა, რომ მუხლი სტკიოდა და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამ დღეში ორ მატჩს ვერ ჩაატარებდა.მე ავუხსენი, რომ თუ ირლანდიაში სათამაშოდ მზად არ იყო, მაშინ სჯობდა კლუბში დაბრუნებულიყო და გამოჯანმრთელებულიყო. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, არ მითქვამს, რომ გაშვებული გოლი ლორიას ბრალია. ვთქვი,რომ კედელი ცუდად იყო დაყენებული. კედელში კიდევ ერთი მოთამაშე უნდა ყოფილიყო. ლორიამ შვეიცარიასთან და ირლანდიასთან საუკეთესო თამაში აჩვენა.
ჩვენ სამი წელიწადია ვმუშაობთ და ქართულ ფეხბურთს იმედი გავუჩინეთ ყველამ ერთად. ერთა ლიგაზე გამარჯვება ყველასთვის დიდი წარმატება იქნება."

🔻 ვლადიმირ ვაისმა ლოკომოტივი-ზენიტის შეხვედრაც მიმოიხილა, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი, საბა კვერკველია და ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობდნენ:

"ამ თამაშზე ქართველი ფეხბურთელების სანახავად ჩავედი. კვერკველიას შვეიცარიასთან მატჩში  სასტარტოში არდაყენების საკითხს კიდევ ერთხელ შევეხები, რადგან ამის გამო კითხვები გაჩნდა. შემადგენლობას მწვრთნელი არჩევს და მე კვერკველიასაც და გუნდსაც ავუხსენი, ასე რატომ მოვიქეცი, გუნდმა კი ეს გაიგო. კვერკველია კლუბში საუცხოოდ თამაშობს და მანამდე ნაკრებშიც ძალიან კარგი თამაშები ჰქონდა, თუმცა, მის მიმართ გარკვეული პრეტენზია იყო, რაზეც ვისაუბრეთ. კვარაცხელია ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. გამიკვირდა და გამიხარდა, რომ სიომინმა ასეთ თამაშში სასტარტოში ათამაშა. მწვრთნელი მას ენდობა.  მოედანზე არაფერს თმობდა და გაბედული იყო. მე კმაყოფილი ვარ და თუ ასე გააგრძელა ნაკრებშიც ვიხილავთ. კარგია, რომ მწვრთნელი მას ენდობა და ათამაშებს."

შეხვედრა,რომელსაც ქართული მედიის 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა საათნახევარს გაგრძელდა.

ვლადიმირ ვაისი: "მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრის გამო. ირლანდიაში მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ისე დასრულდა, რომ ჟურნალისტების მხრიდან კითხვები არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, იყო გარკევეული საკითხები, რომლებზეც მე პასუხი უნდა გამეცა, სწორედ ამიტომ შევხვდი ჟურნალისტებს.
მიხარია, რომ დღეს ამდენი ჟურნალისტი მოვიდა და ფეხბურთით ბევრი ადამიანი ინტერესდება. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი არადამაჯერებლად დავიწყეთ. შევეცადე, რომ ყველა ეს მიზეზი ღიად ამეხსნა.

რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც გასახდელს გარეთ არ უნდა გავიდეს და მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის უნდა დარჩეს. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ვფქირობ, რომ შვეიცარიასთან უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო, ირლანდიასთან კი, მინიმუმ ქულის აღება, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა. იმედი მაქვს, რომ ირლანდიასთან წარუმატებელ სერიას ამ საკვალიფიკაციო ეტაპზევე შევწყვეტთ.

ჩვენ უკვე ვემზადებით გიბრალტარისა და დანიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის. ამ ორ შეხვედრაში ჩვენი მიზანია, რომ უკეთესი თამაში და პროგრესი ვაჩვენოთ."

საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩს 7 ივნისს, თბილისში გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს, 10 ივნისს კი ჩვენი გუნდი კოპენჰაგენში დანიას დაუპირისპირდება. ამ ორი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს, 5 სექტემბერს თბილისში ამხანაგური თამაში შედგება. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართული მხარე მოლაპარაკებას აწარმოებს ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში. თბილისში შესაძლოა კოპა ამერიკის გათამაშების ბოლო გამარჯვებული, ჩილეს ეროვნული ნაკრები ჩამოვიდეს.

🔻 მედიასთან შეხვედრაზე კითხვებს ალექსანდრე იაშვილმაც უპასუხა:

"გამომდინარე იქიდან,რომ ნაკრების გარშემო ბევრი კითხვა დაგროვდა, ჩვენ მთავარ მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მედიას ასეთ ფორმატში შევხვედროდით და მიზანი სწორედ ის იყო, რომ საზოგადოებისთვის და მედიისთვის ყველაფერი სწორად აგვეხსნა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ყველაფერი სწორად იცოდეს, რადგან ეს საერთო საქმეა. ეროვნული ნაკრების წარმატება სრულიად საქართველოს წარმატებას ნიშნავს.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ძალიან სასიხარულოა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გასულ ტურში 20 წუთი ითამაშა. გიორგის დღესაც ვესაუბრე და მისი თქმით, მომდევნო თამაშში მეტ სათამაშო დროს მიიღებს. მას ფეხი თითქმის აღარ აწუხებს და თავს კარგად გრძნობს. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ზაფხულის შეხვედრებისთვის ის 100 პროცენტით მზად იქნება.

ჯანოს შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვისაუბრეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა და არცერთ ფეხბურთელს არ მოუცია იმის საბაბი, რომ მათ არ ვენდოთ. ჯანომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის თავის ქვეყნისთვის ყველაფერს აკეთებს და მე დარწმუნებული ვარ,  მას რომ შეძლებოდა ირლანდიის წინააღმდეგ თამაში, აუცილებლად ითამაშებდა."

დღესვე, ვლადიმირ ვაისი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის  თბილისში გამართულ შეხვედრებს დაესწრო. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ამ ეტაპზე ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება.