სიახლეები

საქველმოქმედო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე

სფფ
გაუზიარე

“აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად, საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობით, მიხეილ მესხის სახელობის მცირე სტადიონზე (მესხი 2) 31 მაისს 20 საათზე, შედგება საფეხბურთო ამხანაგური მატჩი ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით და საქართველოს უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ გუნდს ''Football Legends - Georgian XI'' და შვედი დიპლომატებით, პოლიტიკოსებითა და ბიზნესმენებით დაკომპლექტებულ სამოყვარულო გუნდს ''Swedish Brussels Euroleague Team ''შორის. 

საქართველო 2009 წელს ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში, რომელსაც ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა და რომლის ინიციატორები იყვნენ შვედეთის სამეფო და პოლონეთის რესპუბლიკა. საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. 

31 მაისს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი კიდევ ერთი ღონისძიებაა, რომელიც წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის აღსანიშნავად იმართება.
  
საქველმოქმედო თამაშიდან შემოსული თანხა, დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც  საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში მიეხმარება.