სიახლეები

7 ივნისი: საქართველო-გიბრალტარი დინამო არენაზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩს თბილისში ჩაატარებს. თამაშისთვის თითქმის ერთკვირიანი მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ვარჯიში, ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. ღია ვარჯიშს საწყისი 15 წუთის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ დროისთვის ეროვნული გუნდი გიბრალტარისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ სრული დატვირთვით ემზადება. კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვერკველია გიბრალტართან შეხვედრაში ტრავმის გამო არ იქნება.

სავარჯიშო პროცესამდე ვლადიმირ ვაისმა, ნიკა კვეკვესკირთან ერთად დინამო არენაზე პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისი: "მომავალ შეხვედრებში ქულები უნდა მოვიპოვოთ"

ვლადიმირ ვაისი:  მომავალ შეხვედრებში ქულები უნდა მოვიპოვოთ. გიბრალტარის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ფავორიტები ვართ და ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ.  შემდეგ დანიასთან თამაში გვაქვს, რომელიც მარტივი ნამდვილად არ იქნება. დანიელთა სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს შვეიცარიის ნაკრების სტილს, მათ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენის მხრივ, მომდევნო შეხვედრაში  შანსს მივცემთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და უფრო შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. ვნახოთ რა გამოგვივა, ეს განსაკუთრებით პირველ შეხვედრას ეხება, რადგან გვსურს, რომ სამი ქულა ავიღოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

ხვალინდელ მატჩში ახალგაზრდული შემტევი ხაზით გამოვალთ, ვნახოთ როგორ გაამართლებს ჩემი რისკი. ტრავმების გამო შეტევაში ბევრი მოთამაშე გვაკლია, ამიტომ ახალგაზრდებს შანსი ეძლევათ, რომ ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვან და თავი კარგად წარმოაჩინონ.

შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ასი პროცენტით მზად არ არის. კვერკველიამ კლუბში მიიღო ტრავმა, ასევე მცირე ტრავმები აწუხებთ ნავალოვსკისა და ხოჭოლავას, პაპუნაშვილი კი  სრული დატვირთვით დღეს ივარჯიშებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხვალინდელ თამაშში მხოლოდ ის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ასი პროცენტით მზად იქნებიან. ასევე იქნება გარკვეული გამონაკლისებიც. ლევან მჭედლიძემ მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში 15-20 წუთით შეძლებს გუნდის დახმარებას.

ხვიჩა კვარაცხელია  ნიჭიერი მოთამაშეა, რომელიც პროფესიულ საფეხბურთო კარიერას ახლა იწყებს. სათამაშო სტილით ჩაკვეტაძეს გავს და მისი იმედი მაქვს. კვარაცხელიას შეუძლია, რომ მომავალში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს, მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. გუნდში კარგად გრძნობს თავს. ვარჯიშებზეც კარგად გამოიყურება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ეროვნული ნაკრების გამოცდილი მოთამაშეები მას დაეხმარებიან და მინდა წარმატებული დებიუტი ვუსურვო.

ნიკა კვეკვესკირი: "გულშემატკივართა მხრიდან წამოსული პოზიტივი და მუხტი დაგვეხმარა მნიშვნელოვანი თამაშების მოგებაში"

ნიკა კვეკვესკირი: ყველა ჩვენგანისთვის ერთა ლიგა ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან შევძელით და გულშემატკივარი სტადიონზე დავაბრუნეთ. ეს ფაქტორი თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკრები მოთამაშეებისა და მწვრთნელების არაა, ის მთელს საქართველოს ეკუთვნის. სწორედ გულშემატკივართა მხრიდან წამოსული პოზიტივი და მუხტი დაგვეხმარა იმ მნიშვნელოვანი თამაშების მოგებაში, რომელიც ერთა ლიგაზე გავმართეთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა დინამო არენას სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის განრიგი:

D ჯგუფი

7 ივნისი - მესამე ტური


20:00 საქართველო - გიბრალტარი
22:45 დანია - ირლანდია

? საქართველოს ნაკრების ვარჯიში ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე, გურამ კაშიასა და ვატო არველაძის კომენტარი გიბრალტართან მატჩზე.