სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მთავარი მწვრთნე

გაუზიარე

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოთარ გაბელია დაამტკიცა.



ოთარ გაბელიამ ამ თანამდებობაზე კახა ცხადაძე შეცვალა, რომელმაც კარიერა აზერბაიჯანის ”ინტერში” გააგრძელა. გაბელია გუნდს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე უხელმძღვანელებს.



17 საათზე, სფფ-ის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს შეხვდა.



ოთარ გაბელია, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი:



...პირველ რიგში მსურს განვაცხადო, რომ კახა ცხადაძის წასვლა ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისია - მან საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კახა ცხადაძემ ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა თითქმის საბოლოოდ ჩამოაყალიბა - იმ გუნდს, რომელიც ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ სწორედ ამ შემადგენლობიდან დავაკომპლექტებთ.



...რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ამ გუნდს უცვლელად ვტოვებთ: დავით გვარამაძე, ზაურ სვანაძე და გელა ინალიშვილი კვლავ დარჩებიან გუნდში და ჩემთან ერთად იმუშავებენ - მათ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული.



...უახლოესი მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აგვისტოში ელის: ლიტვაში ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. თუ რა გეგმით ვიმუშავებთ მანამდე, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა, როცა ნაკრები გუნდების ხელმძღვანელებს და სფფ-ის თავკაცებს შევხვდები.



...მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვაქვს ნაკრების კანდიდატთა საკმაოდ კარგი გაფართოებული სია, ახალი ფეხბურთელების ძებნას არ შევწყვეტთ: გუნდში აუცილებლად საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ.