სიახლეები

ამხანაგური მატჩი საქართველო 4:0 ლატვია

გაუზიარე

დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისში, ”ამერის” სტადიონზე ლატვიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა. ქართველმა ფეხბურთელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს.



პეტარ სეგრტის გუნდმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მალე მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვა. მე-13 წუთზე ანგარიში გაიხსნა: საქართველოს ნაკრების ზედიზედ მესამე კუთხურის შემდეგ, რომელიც გიორგი მერებაშვილმა შეასრულა, რევაზ ბარაბაძემ უძლიერესი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში - 1:0.



24-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა ნახევარმცველმა ირაკლი კლიმიაშვილმა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან მიუახლოვდა ლატვიელთა კარს და საჯარიმოს გარედან, უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში გაახვია - 2:0.



53-ე წუთზე ქართველთა კაპიტანმა გიორგი ნავალოვსკიმ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო დღევანდელ მატჩში, ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა - 3:0. ლატვიელმა მცველმა საჯარიმოში შეჭრილი გიორგი მერებაშვილი წესების დარღვევით შეაჩერა.



75-ე წუთზე ანგარიში 4:0 გახდა - რევაზ ბარაბაძესთან ორთაბრძოლისას ლატვიელთა მცველმა ვიტალის სმირნოვსმა შემთხვევით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.



ოთხი გოლის გარდა მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ მინიმუმ ორი გოლის გატანა - პირველ ტაიმში ბარაბაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა სათანადოდ ვერ დაარტყა, მეორე ნახევარში კი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მერებაშვილის საჯარიმო დარტყმა სტუმართა მეკარე გერმანს მალინსმა ულამაზესი ნახტომით მოიგერია.



საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზედიზემ მესამე მატჩი მოიგო, ამავდროულად, ზედიზედ მესამედ დაასრულა მატჩი გოლის გაუშვებლად და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პეტარ სეგრტის ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით - დეკემბერში ამ გუნდმა ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად 5:0 დაამარცხა.



* * *



ამხანაგური მატჩი. 25 მარტი, 2008. თბილისი, ”ამერი”. 300

საქართველო 4:0 ლატვია

გოლები: 1:0 რ.ბარაბაძე (13), 2:0 ი.კლიმიაშვილი (24), 3:0 გ.ნავალოვსკი (53, პენ), 4:0 ვ.სმირნოვსი (75, სკ)

საქართველო: გ.ლორია (მ.ალავიძე 87), დ.მჭედლიშვილი, ა.სანაია, ზ.გვაძაბია (გ.თომაშვილი 57), გ.ნავალოვსკი (გ.ელბაქიძე 58), მ.დაუშვილი, მ.ბჟალავა (მ.ვაწაძე 82), ი.კლიმიაშვილი, რ.ბარაბაძე (ბ.ჩიმაკაძე 77), გ.მერებაშვილი (ზ.ხაჭიპერიძე 82), დ.დევდარიანი (ვ.ფანცხავა 67)

მწვრთნელი: პეტარ სეგრტი (ხორვატია)

ლატვია: გ.მალინსი, ა.სილაგაილისი (რ.კრიაუკლისი 76), ვ.სმირნოვსი, ვ.გაბოვსი (ს.კოზანსი 46), ვ.გაილუსი, ო.ლაიზანსი, ა.ლაზდინსი (ა.გრამოვიჩსი 74), ი.კოზლოვსი, ვ.ჟულევსი, ე.გავრაჩსი (ი.ლუკიანოვსი 46), ა.რუდნევსი

მწვრთნელი: გენადის სიტიკსი

გაფრთხილება: გ.ნავალოვსკი, ი.კოზლოვსი, ვ.ჟულევსი, ა.სილაგაილისი

გაძევება: მ.დაუშვილი (90)

მსაჯები: ვ.ალიევი (აზერბაიჯანი); გ.ჩიგოგიძე, მ.ელიკაშვილი (საქართველო)