სიახლეები

აღმასკომის პირველი სხდომა და ფუტსალისკენ გადადგმულ

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

13 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა.

2012 წელს, აღმასკომი პირველად შეიკრიბა და დღის წესრიგში შეტანილი ხუთი საკითხი განიხილა:

 

 

1)   საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების დამტკიცების შესახებ

 

 

2)   სფფ-ის აღმასკომის წევრის - ვ.ქორიძის განცხადების შესახებ

 

 

3)   ქ.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილის შესახებ

 

 

4)   ს.კ სოხუმის „აეტის“ წერილის შესახებ

 

 

5)      სხვადასხვა

 

 

აღმასკომის სხდომას, მისი 18 წევრიდან - 14 ესწრებოდა. სხდომა სფფ-ის პრეზიდენტმა გახსნა და სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყებოდა, მან აღმასკომის წევრებს 2012 წლის გეგმების შესახებ ესაუბრა. ზვიად სიჭინავას თქმით, მთავრობის წინაშე მან დააყენა საკითხი, რომ წლევანდელ წელს, თითო ახალი მოედანი შეემატოს ქვეყნის საფეხბურთო მეურნეობას - კახეთსა და გურიაში და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.

 

 

ამის შემდეგ, ზვიად სიჭინავამ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ახალი მწვრთნელების კანდიდატურები წარუდგინა აღმასკომს. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ კანდიდატურების შერჩევასა და საერთოდ, ამ საკითხზე მუშაობას ეროვნული გუნდის თავკაცი - თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობდა. აღმასკომი დადებითად შეხვდა ახალი მთავარი მწვრთნელების კანდიდატურებს და ერთხმად დაამტკიცა. ამასთან, აღმასკომის წევრებმა მწვრთნელებთან სამუშაო შეხვედრა და ჩვენი ერონული გუნდების გეგმების შესახებ საუბარიც ისურვეს

 

 

მეორე საკითხად, აღმასკომმა მისი აწ უკვე ყოფილი წევრის - ვახტანგ ქორიძის წერილობითი თხოვნა განიხილა, სადაც ვეტერანი ფეხბურთელმა და აჭარის რეგიონალური ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობიდან წასვლისა და აღმასკომის დატოვების შესახებ განაცხადა.

 

 

აღმასკომზე განხილულ იქნა ორი წერილიც. პირველი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიმართვა, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბისთვის სამართლებრივი ფორმის შეცვლის თაობაზე. წყალტუბოს საკრებულოს თხოვნით, აქამდე შპს-დ დარეგისტრირებულ „საფეხბურთო კლუბ სამგურალი 2009“- ს (ზუსტი ციტირება) – „არ გააჩნდა არანაირი კომერციული მოგება და შემოსავალი. ამიტომ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მიზანშეწონილად მიაჩნია ჩამოყალიბდეს ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი სამგურალი“. ამასთან ერთად, მოგახსენებთ, რომ შპს „საფეხბურთო კლუბი სამგურალი 2009“-ის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება ფედერაციისა და ბიუჯეტის მიმართ, შესრულებულ იქნა 2011 წლის ბოლომდე.“

 

 

მეორე წერილის ავტორი საფეხბურთო კლუბ სოხუმის „აეტის“ პრეზიდენტი - ომარ სოხაძე იყო, რომელმაც ახლადჩამოყალიბებული კლუბისთვის  სფფ-ს ფინანსური შეღავათების დაწესება სთხოვა: „შესაბამისი ბაზისა და რეზერვის არქონის გამო, მოკლე დროში, სეზონის დაწყებამდე მოგვიხდა 100-ზე მეტი უგუნდო ფეხბურთელის გასინჯვა. ლიმიტით გათვალისწინებული 30 ფეხბურთელის გარდა, განაცხადში შევიყვანეთ კიდევ 6 ფეხბურთელი, რის გამოც დამატებით გადავიხადეთ 1800 ლარი (თითო ფეხბურთელზე 300 ლარი).

 

 

ჩემპიონატის მიმდინარეობამ გვაჩვენა, რომ მათი უმრავლესობა კლუბის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც, გუნდში რჩება მხოლოდ 11 ფეხბურთელი. ჩემპიონატის მეორე ეტაპის ღირსეულად ჩატარების მიზნით, ამჟამად ვაწარმოებთ ახალგაზრდა ფეხბურთელების სელექციას.

 

 

გუნდის დევნილობაში სრულფასოვნად ჩამოყალიბების მიზნით, გთხოვთ, განიხილოთ სატრანსფერო პერიოდში 15 ფეხბურთელის დამატებით განაცხადში საშეღავათო გადასახადით შეყვანის შესაძლებლობა, რადგან განაცხადის ლიმიტი ამოწურული გვაქვს“ - ნათქვამი იყო წერილში.

 

 

აღმასკომმა სოხუმის „აეტისთვის“ გამონაკლისის დაშვება შესაძლებლად მიიჩნია, თუმცა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ სხვა კლუბებზე მსგავსი შეღავათები არ გავრცელდება.

 

 

სფფ-ის გენერალურმა სამდივნომ კი, აღმასკომს გააცნო ჩემპიონატის დებულებაში სესატანი ერთი მცირე ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 1996-97 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა ჩემპიონატში, სეზონის განახლების შემდეგ, 35-ის ნაცვლად, იქნება 40 წუთიანი ტაიმები.

 

 

ბოლოს კი, ყველაზე დიდი დრო აღმასკომმა ქართულ ფუტსალში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ პრობლემებზე მსჯელობას დაუთმო.

 

 

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სფფ-ის პრეზიდენტმა აღმასკომს გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც ფუტსალის წლევანდელი ჩემპიონატის ჩატარება თავის თავზე ფეხბურთის ფედერაციამ აიღო. ამასთან, ფუტსალის ასოციაციას დაევალა შეასწოროს და შეცვალოს მისი დებულება და როგორმე დალაგდეს ასოციაციაში არსებული არეულობა და პრობლემები.

 

 

ამასთან, ფუტსალის პოპულარიზაციის მიზნით, სფფ-ის პრეზიდენტმა რეგიონული ფედერაციების წარმომადგენლებს დაავალა, თავიანთ რეგიონებში ფუტსალის თითო გუნდის ჩამოყალიბებაზე იზრუნონ, რათა მომდევნო ჩემპონატი, გეოგრაფიულად უფრო მრავლისმომცველი გახდეს და თამაშები მარტო თბილისში არ გაიმართოს.

 

 

აღასკომის სხდომა ამით დასრულდა, თუმცა, ფუტსალის თემა არ ამოწურულა. ხვალ, 14 თებერვალს, სფფ-ის პრეზიდენტი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფუტსალის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდება და მომავალი ჩემპიონატის კალენდარსა და ყველა საჭირო საკითხზე ისაუბრებს.

 

 

სფფ-ის პრესსამსახური