სიახლეები

ზვიად სიჭინავა ფუტსალის კლუბებს შეხვდა

ფუტსალი
გაუზიარე

დღეს, 14 თებერვალს, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი - რევაზ შენგელია „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში ფუტსალის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და 6 თბილისური კლუბის გარდა, ქუთაისისა და თელავის კლუბების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სფფ-ის გენერალურმა სამდივნომ ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატის დებულების ახალი ვერსია მოამზადა, რომელიც კლუბების წარმომადგენლებს დაურიგდათ და პარასკევამდე მიეცათ ვადა, რათა ახალ დოკუმენტს საფუძვლიანად გაეცნონ და თავიანთი შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინონ.

სფფ-ის პრეზიდენტმა კლუბებს ყველანაირი დახმარება აღუთქვა და შეხვედრაზევე განაცხადა, რომ ისინი გადასახადისგან გათავისუფლდებიან და ტრანსპორტირების საკითხებსაც სფფ მოაგვარებს.

„საბოლოო შეხვედრა 17 თებერვალს გვექნება, სადაც კლუბების წარმომადგენლები ოფიციალურ თანხმობას განაცხადებენ ჩემპიონატში მონაწილეობაზე და ახალ დებულებაზე აზრს და შენიშვნებს გამოთქვამენ. სწორედ, ამის შემდეგ გადავწყვეტთ ჩემპიონატის ჩატარების ზუსტ თარიღს, ჩავატარებთ კენჭისყრას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდეს და საინტერესო იყოს.

დღევანდელი მონაცემებით, ვიცით, რომ 8 გუნდს აქვს ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი. მაგრამ ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, რომლებსაც, ამ ეტაპზე, მხოლოდ 4 გუნდი აკმაყოფილებს. თუმცა, ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, ყველანაირად დაეხმაროს იმ გუნდებს, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ; გარკვეულ ხარჯებს ჩვენს თავზე ავიღებთ და იმედია, დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატის მომსწრენი გავხდებით“ - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

თავად ჩემპიონატი კი, სავარაუდოდ, ორ წრედ ჩატარდება და თამაშები, ძირითადად, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.  

კლუბების წარმომადგენლებმა კმაყოფილები დარჩნენ საქმის ასე სასიკეთოდ შემობრუნების გამო და იმედი გამოთქვეს, რომ ქართულ ფუტსალში ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.

ლევან გრიგოლია („ახალი გუნდი“ - სარაჯიშვილი): „მე არ მახსოვს პრეცედენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ასე აქტიურად დადგომოდეს გვერდში ფუტსალს. როგორც ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი, ხმამაღლა ვამბობ, რომ რაც დღეს ხდება, ეს ჩვენთვის უზარმაზარი დახმარება და გვერდში დგომაა. ამისათვის, დიდი მადლობა ფედერაციას და მის პრეზიდენტს. ახალ დებულებას ჩვენ საფუძვლიანად გავეცნობით, შევჯერდებით და პარასკევის შეხვედრაზე წარმოვადგენთ ჩვენს შენიშვნებსა და შეხედულებებს. ეს უკვე სამუშაო პროცესია, სიცოცხლეა და ესაა ნამდვილი ფეხბურთი.“

ავთო ასათიანი („თელასის“ მწვრთნელი): „ფედერაციამ მაქსიმალურად გამოგვიწოდა დახმარების ხელი და ქართული ფუტსალის გვერდში დადგა. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო - ყველა კლუბმა თავისი სათქმელი თქვა და პრობლემებზეც ღიად ვისაუბრეთ. ბატონი ზვიადისგან მართლაც კარგი ინიციატივები წამოვიდა და ვგრძნობთ, რომ ფედერაცია გვერდში გვიდგას. პარასკევს კი, საბოლოოდ შევჯერდებით, 6-გუნდიან ჩემპიონატს ვითამაშებთ თუ გუნდების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.“

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუშაობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, რადგან ჩემპიონატის დაწყება ძალიან არ დაგვიანდეს. სავარაუდოდ, 17 თებერვალს ფუტსალში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის დაწყების თარიღიც გაირკვევა.

სფფ-ის პრესსამსახური