სიახლეები

ვაწაძე – “Bolden fra Tbilisi”

გაუზიარე

ასეთი სათაური აქვს ერთ-ერთ დანიურ საიტზე განთავსებულ სტატიას, რომელიც მათე ვაწაძეს ეძღვნება. ბევრი არაფერი წერია და სიახლეც არ გვინახავს, თუმცა სათაური მოგვხვდა თვალში, რომელიც ქართულად ასე ითარგმნება: "ჯალათი თბილისიდან". 

ჩვენის მხრივ გვინდა, რომ ვაწაძის კარიერაში ზოგიერთ საინტერესო ამბავზე ვთქვათ. ერთ-ერთმა მწვრთნელმა მომიყვა და შემდეგ გადავამოწმე: მათე ვაწაძე ნორჩი დინამოელის საფეხბურთო სკოლაში თავის ასაკში მესამე გუნდში იყო, მის ასაკში (1988 წელს დაბადებულებში) საქართველოს ბევრი ნიჭიერი თავდამსხმელი ჰყავდა და ყველაზე გამორჩეულებს ჩამოვთვლით: რატი წინამძღვრიშვილი, ბექა გოცირიძე, ბესიკ ჩიმაკაძე, რევაზ ბარაბაძე. 
მართლაც, ვაწაძე მაშინდელ 17-წლამდელთა ნაკრებთან სიახლოვესაც არ იყო, მოგვიანებით სინჯებით მოხვდა თბილისის დინამო-2-ში, მერე კი მთავარ გუნდში. მათეს წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა კახა კაჭარავამ – დინამოს მაშინდელმა მწვრთნელმა. 
აი, რას ნიშნავს შრომა. და ნურავინ იტყვის, რომ 16 წლის ბიჭი თუ ღობეებს არ ანგრევს, მორჩა, ამისგან არაფერი გამოვაო. 
ვაწაძე ტიპიური ცენტრფორვარდია, გოლის კარგი ალღოთი. მასზე ვერ იტყვი, საჯარიმოს გარეთაც ძლიერიაო, მაგრამ კარგად არჩევს პოზიციას, ძლიერია დასწრებაზე, თავით მშვენივრად თამაშობს. 
მათე ვაწაძის კარიერაში ხშირია ტრავმები, რაც სტაბილურ შედეგიანობაში ხელს უშლის. ერთკვირიან მკურნალობებს რომ თავი დავანებოთ, ორი თვე, სამი თვე, ნახევარი წელიწადიც გასცდენია. 
ფეხბურთში ხშირია ეს გამოთქმა: ~თუ წაუვიდა~... ვაწაძეს პირდაპირ შეესაბამება ეს ~თუ წაუვიდა~ და დღეს სწორედ ასეთი პერიოდი აქვს. ბოლო ერთ თვეში 6 გოლი გაიტანა. მართალია, ორჰუსი დანიის რანგით მეორე ლიგაშია, მაგრამ უმაღლესში ბრუნდება და ბრუნდება დიდწილად ქართველის გოლების წყალობით. 
"ჯალათი თბილისიდან" - ეს სათაური გასულ ტურში ვეილესთან ორი გოლის გატანისთვის მიუძღვნეს. 
იმედია, ტრავმებიც თავს აარიდებს და მაშინ, ეგებ, ის ვაწაძე ვიხილოთ, როგორიც გორის დილაში გვახსოვს, ან როგორიც ბოლო ერთ თვეშია. ამ შემთხვევაში დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს ნაკრებსაც, რომელსაც ჯალათი ფორვარდი ნამდვილად არ აწყენდა. 

ილია ნანობაშვილი