სიახლეები

უკან დასახევი გზა მოჭრილია!

გაუზიარე
საჩხერის ჩიხურა საქართველოს თასის ბოლო ორი გათამაშების ფინალისტია და ზედიზედ მესამედ ფინალში გასასვლელად დღეს სამტრედიაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება _ პირველი თამაში ხომ ჩიხურამ შინ 0:1 წააგო. ამ მატჩის წინ საჩხერელთა მთავარ მწვრთნელს სოსო ფრუიძეს დავუკავშირდით.

დღეს ჩიხურას სეზონის მატჩი ელის სამტრედიასთან. წარუმატებლობის შემთხვევაში ევროსაგზურის გარეშე რჩებით.

მართლაც უმნიშვნელოვანესი თამაშია და მთელი გუნდი საბრძოლველადაა შემართული. სამტრედიასთან პირველი მატჩი შინ წავაგეთ და თავი რთულ სიტუაციაში ჩავიყენეთ, მაგრამ, ვინც ის შეხვედრა ნახა, დამეთანხმება, რომ წასაგები მატჩი არ იყო. ახლა უკან დასახევი გზა არ გვაქვს, მთავარია, გოლი გავიტანოთ და ვნახოთ, მერე რა მოხდება. იმაში კი ვერ დაგეთანხმებით, რომ ევროსაგზურის მოპოვება მხოლოდ ამ თამაშზე იყოს დამოკიდებული _ ჩემპიონატში კიდევ ხუთი ტურია და ოთხეულისთვის კვლავინდებურად ვიბრძვით.  

ამ სეზონში სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ მოჭარბებულმა ტრავმიანობამ და მოკლე სათადარიგო სკამმა.

იცით, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე არაერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, სეზონის მიმდინარეობისას კი ისე მოხდა, რომ ძირითადად გამოცდილი ფეხბურთელები დაგვიშავდნენ და თამაში ახალგაზრდებს უწევდათ. ამან მართლაც შეგვიქმნა გარკვეული პრობლემები, იყო შეხვედრები, როცა უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ სათანადო გამოცდილების არქონის გამო ბიჭებს გოლი ვერ გაჰქონდათ და ყოველივე ეს სატურნირო ცხრილშიც აისახა. ახლაც ვერ ახერხებს თამაშს შოთა კაშია. ოდიკაძე, ღონღაძე და კუჭუხიძე კი ტორპედოსთან თამაშში დაგვიბრუნდნენ, მართალია, ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არიან, მაგრამ მათმა დაბრუნებამ ბიჭებზე ძალიან დადებითად იმოქმედა.

ჩიხურამ ბევრ ისეთ შეხვედრაში დაკარგა ქულები, რომელშიც ფავორიტად ითვლებოდა, თანაც, კვლავ გიჭირთ სტუმრად ქულების მოპოვება.

ქულების დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისევ ტრავმიანობაა, მაგრამ ახლა მთლიანად მომავალ თამაშებზე ვართ კონცენტრირებულნი და მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება. რაც შეეხება გასვლაზე თამაშს, პირველი წრისგან განსხვავებით, მეორეში სტუმრად ორი თამაში მოვიგეთ: ვიტ ჯორჯიასთან, რომელსაც ქულაც კი ჰაერივით სჭირდება და ტორპედოსთან, რომელიც აღმავლობის გზაზეა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრები ბოლო წუთებზე მოვიგეთ, ასე რომ, ახლა სტუმრად უკეთ გამოვიყურებით.

იმ შემთხვევაში, თუ გუნდმა ევროსაგზურის მოპოვება ვერ შეძლო, დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ შეგექმნებათ?

საქართველოს ჩემპიონატში ორ-სამ გუნდს აქვს მხოლდ სტაბილური მდგომარეობა. დანარჩენების ბიუჯეტი კი სეზონიდან სეზონამდე იგეგმება და ამიტომ ამ დროს რაიმე კონკრეტულზე საუბარი ძნელია. როგორც ვიცი, გორის დილამ სამწლიანი გეგმა შეიმუშავა და ეს ჩვენს სიტუაციაში ნამდვილად სწორია, რადგან ასე მწვრთნელმაც, მენეჯერმაც და კლუბში მომუშავე ნებისმიერმა პიროვნებამ იცის, თუ რა გეგმა უნდა დასახოს, სტაბილურ გარემოში მუშაობა კი ყველასთვის კომფორტულია.

პაატა ძნელაძე