სიახლეები

ზესტაფონის განცხადება

გაუზიარე

"ჩვენი თამაშის" 27 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ზესტაფონი - დილას გახმაურებულ მატჩთან დაკავშირებულ ამბებზე ისაუბრა. საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი ამ ინტერვიუს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოეხმაურა და პასუხის გამოქვეყნება ჩვენც გვთხოვა, რასაც ვასრულებთ კიდეც... წერილი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ კლუბთან შეთანხმებით, მასალას შემოკლებით გთავაზობთ, თუმცა, ცხადია, დედააზრი და პათოსი უცვლელია.
მაშ, ასე, ზესტაფონელები წერენ...

"ვპასუხობთ "ჩვენს თამაშში" გამოქვეყნებულ რევაზ არველაძის ინტერვიუს და გვსურს, დავაზუსტოთ მთელი რიგი გარემოებები და მათი თანმიმდევრობა. 
 
გორელებთან არშემდგარი მატჩის წინა დღეებში ბატონი რეზო ნამდვილად ესაუბრა კლუბის გენდირექტორს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. ამ ადამიანებთან კომუნიკაცია კლუბისა და გუნდის გადასარჩენად გზების ძიება გახლდათ, რის გამოც კლუბი და მისი ქომაგი ნამდვილად მადლიერია. თუმცა, ინტერვიუში ბატონი რეზო დელიკატურად უვლის გვერდს მთავარს - ზესტაფონის ფეხბურთელთან ბინძური გარიგების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზესტაფონისა და დილას მატჩის წინა დღეს იცოდა.
 
შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ბატონი რეზო კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა ჩააყენა. მანვე სთხოვა არველაძეს, სიტუაციის დეტალურად განხილვის მიზნით, ზესტაფონის მფლობელ ილია კოკაიას შეხმიანებოდა. არველაძისა და კოკაიას საუბარი მატჩის წინა დღეს, 12 საათზე შედგა. კლუბის მფლობელმა, სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, მატჩის გადადება ითხოვა. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში მასსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის საერთოდ არ შემდგარა სატელეფონო საუბარი, სთხოვა არველაძეს, შექმნილი სიტუაციის შესახებ სფფ-ს პრეზიდენტი საქმის კურსში ჩაეყენებინა.
 
მეტიც, ზესტაფონის მფლობელმა ფედერაციის გენმდივანს სთხოვა, რომ, სიტუაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბატონი ზვიადი მას ტელეფონით დაკავშირებოდა, რასაც ბატონი რეზო შეპირდა კიდეც. სამწუხაროდ, ბატონ ზვიადს ზესტაფონის მფლობელთან აღარ დაურეკავს. ჩემპიონატიდან კი სწორედ ის გუნდი მოხსნეს, რომლის წევრებმაც, უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, სიბინძურისაგან თავის შორს დაჭერა ამჯობინეს.
 
ზესტაფონელები ჩემპიონატიდან მოხსნეს, რამაც კლუბის მენეჯმენტი გადაწყვეტილების გასაჩივრების აუცილებლობის წინაშე დააყენა (ქომაგთა ფინანსური თანადგომა რომ არა, კლუბს აპელაციის შესატანად საჭირო ბაჟის გადახდის პრობლემაც ექმნებოდა). პარალელურად, კლუბის ფეხბურთელთან კრიმინალური გარიგების მცდელობის გამო, ზესტაფონელებმა განცხადებით მიმართეს სამართალდამცავებს.
 
მოგვიანებით გაირკვა, რომ ფედერაციის გენერალურმა მდივანს  ზესტაფონის ფეხბურთელთან კრიმინალური გარიგების მცდელობის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტისთვის (ამის შესახებ თავად ბატონმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა) საერთოდ არ უცნობებია.
 
რაც შეეხება ბატონ რეზოს, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ ფედერაციის ხელმძღვანელს დაუმალა და კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს არ მიმართა, ჩვენი აზრით, აუცილებელია, დღის წესრიგში დაკავებულ თანამდებობაზე მისი ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი დადგეს. მას საფეხბურთო ოჯახის პირველკაცობის მორალური უფლება არ გააჩნია!”


რედაქციისგან: 
სჯერა ვინმეს ეს თუ არა, სადისციპლინო კომიტეტი ავტონომიურად, ფეხბურთის ფედერაციისგან სრულიად დამოუკიდებელად, კოდექსის შესაბამის მუხლ(ებ)ზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. არც თამაშის წინადღეს, არც მატჩის დღეს, ზესტაფონის თამაშზე გამოუცხადებლობის რაიმე სხვა მიზეზი, გარდა უსახსრობისა, არ დასახელებულა. მეტიც, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზეც, როცა გუნდის ჩემპიონატში დარჩენა-არდარჩენა წყდებოდა, კლუბის დირექტორ მიხეილ ხუციშვილს სხვა მიზეზი, გარდა ფინანსების არქონისა, არ გაუჟღერებია. ის ფაქტი, რომ გუნდის ჩემპიონატიდან მოხსნის რეალური საფრთხის წინაშე დგახარ და ამ კრიტიკულ ვითარებაშიც კი გამოუცხადებლობის მიზეზად არ ასახელებ ,,კორუფციული გარიგების მცდელობას”, თავისდავად ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ასეთი ფაქტი, უბრალოდ, არ არსებობდა, რომ ეს ვერსია მოგვიანებით გაჩნდა, როგორც სიტუაციიდან თავის დაღწევის მცდელობა. 

წერილის ავტორები ჩივიან, რომ რევაზ არველაძემ არ შეასრულა მატჩის წინადღეს, შუადღის 12 საათზე მიცემული დანაპირები და კოკაიას მობილურზე არ გაისმა ზვიად სიჭინავას ზარი. გაუგებარია, თუკი მართლაც მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი კოკაიას სიჭინავასთვის, განა რამ შეუშალა ხელი ზესტაფონის მეპატრონეს თავად დაერეკა ფედერაციის ხელმძღვანელისთვის? კოკაიას ამისთვის მთელი 28 საათი ჰქონდა, რადგან მატჩი მეორე დღეს 16 საათზე იწყებოდა.

რაც შეეხება რევაზ არველაძისადმი გამოთქმულ ბრალდებებს, იმდენად არასერიოზულად ჟღერს, 
კომენტარსაც არ იმსახურებს. ფაქტია, ბატონ კოკაიას გადასაწყვეტი არაა, ეკუთვნის თუ არა რევაზ არველაძეს ფედერაციის პირველკაცობა. ჩვენს პატარა საფეხბურთო ოჯახში ყველა ყველას იცნობს, ყველამ კარგად იცის, ვინ ვინაა, ვინ რას წარმოადგენს და ვინ რით სუნთქავს. ამიტომ, ფედერაციის გენმდივანზე პერსონალური თავდასხმა, თავის მართლებასთან ერთად, ალბათ, წინასაარჩევნო ელემენტებსაც შეიცავს. საეჭვოა, დასახელებულ პრეტენდენტთა შორის ყველაზე რეალურ კანდიდატს კოკაიას აზრმა რაიმე დააკლოს. ეს არაა პრობლემა. პრობლემაა, რომ ზოგადად ამდენი დრო და ენერგია არასაფეხბურთო საკითხებში, ბრალდებებსა და ინტრიგებში იკარგება.