სიახლეები

ჯაბა მუჯირი: ფეხბურთელების ვალი ზესტაფონს ფედერაციამ უნდა გადაახდევინოს

გაუზიარე

საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია დაახლოებით ორი წელიწადია არსებობს, ამ ხნის განმავლობაში კი ძირითადად ზესტაფონის ფეხბურთელების დაცვა უწევს. დიახ, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯაბა მუჯირმა გვითხრა, მის ორგანიზაციაში შესული საქმეების დაახლოებით 70 პროცენტი სწორედ ზესტაფონის ფეხბურთელებზე მოდის. ზესტაფონთან დაკავშირებულ საქმეებს შორის ყველაზე გახმაურებული და პრობლემური გუნდის ლიდერების თორნიკე აფციაურისა და შოთა ბაბუნაშვილის საკითხი გახლდათ. კონტრაქტის თანახმად, კლუბს ფეხბურთელებისთვის ფული მართებდა, მაგრამ... ვეჭვობთ, ამ ასოციაციას მალე დახმარებისთვის ზესტაფონის სხვა ყოფილი ფეხბურთელებიც მიმართავენ, რადგანაც ეს გუნდი ჩემპიონატიდან მოხსნის შემდეგ, ფაქტობრივად დაშლის პირას დადგა, იქ დასაქმებულები კი ჰაერში დარჩნენ...

ჩვენი ასოციაცია სწორედ ფეხბურთელთა უფლებების დაცვისთვისაა მოწოდებული. მზად ვართ ყველა დაზარალებულს დავეხმაროთ და კლუბთან შექმნილი პრობლემები მოვუგვაროთ _ გვითხრა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯაბა მუჯირმა, _ მივმართავ ყველა ფეხბურთელს, ვინც თავს დაზარალებულად თვლის, მოგვაწოდოს კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი და საქმის დეტალები აგვიხსნას. უპასუხოდ არც ერთ მომართვას არ დავტოვებთ.   

ამჟამად რომელი ფეხბურთელის საქმეს განიხილავთ?

სადღეისოდ ასეთი პრობლემური საქმე არ გვაქვს, თუმცა კი რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საფეხბურთო დავების გამხილველი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ზესტაფონმა ყოფილ ფეხბურთელს თორნიკე აფციაურს კონტრაქტით გათვალისწინებული 10 ათასი დოლარი და ზედაც საურავი, არსებული თანხის 0.02 პროცენტი უნდა გადაუხადოს. არადა, ქალაქის სააპელაციო სასამართლომდე საქმე სწორედ ზესტაფონმა მიიტანა, რომელმაც საფეხბურთო არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ აღიარა. 

როგორც ვიცით, ადრე შოთა ბაბუნაშვილმაც მოგმართათ დახმარებისთვის და ზესტაფონს ამ ფეხბურთელის საქმეც მოუგეთ.

დიახ, ასე იყო. კონტრაქტით, ზესტაფონს ბაბუნაშვილის 5 600 დოლარი მართებდა. ზესტაფონთან მოლაპარაკება დავიწყეთ ამ თანხის გადახდის თაობაზე. რამდენიმე უშედეგო შეხვედრის შემდეგ კი მოვრიგდით, რომ კლუბი ფეხბურთელს თანხას ეტაპობრივად გადაუხდიდა. საბოლოოდ თავად ფეხბურთელი დაყაბულდა ზესტაფონის წინადადებას, რომ მისთვის დავალიანება ერთი წლის განვალობაში გადაეხადათ. კლუბმა რამდენიმე თვის ფული მართლაც გადაიხადა, მაგრამ გასული დეკემბრის შემდეგ, რაც ზესტაფონში მორიგი ფინანსური პრობლემები შეიქმნა და დაშლის პირას დადგა, ზესტაფონისგან თანხა აღარც ბაბუნაშვილს მიუღია. 

კი, მაგრამ ასოციაციაში დასახმარებლად მხოლოდ ზესტაფონის ფეხბურთელები მოგმართავენ?

საქმეების დაახლოებით 70 პროცენტი სწორედ ზესტაფონის ყოფილ ფეხბურთელებზე მოდის. ისე, რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთის გურიას ყოფილმა ფეხბურთელმა ჩუენსუმ მოგვმართა. მისი საქმე კლუბთან მოლაპარაკების გზით, ერთი წერილის შემდეგ, მალევე მოგვარდა. თანაც ფეხბურთელის მიმართ რვათვიანი დავალიანების პერიოდში გურიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ფეხბურთელს კი 6 თვის ფული კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ გადაუხადა, ხოლო ორი თვის დავალიანება ძველმა უფროსობამ გაუსტუმრა. სხვათა შორის, ერთხელ, თავდამსხმელ ქობალიას თაობაზე ზესტაფონთანაც უპრობლემოდ მოვრიგდით.

თქვით, რომ ზესტაფონი ტრიბუნალს არ სცნობს და შესაბამისად, ფულს, ალბათ, არც აფციაურს გადაუხდის. ზესტაფონი არც ბაბუნაშვილისთვის აგრძელებს დავალიანების დაფარვას. გამოსავალი რა არის?

საფეხბურთო დავების გამხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აღასრულოს. ამ შემთხვევაში აღმსრულებელი ფედერაცია არის და მივმართეთ კიდეც ასეთი თხოვნით მის ხელმძღვანელობას, მაგრამ... რატომღაც მათგან ყოველთვის ასეთი პასუიხი ისმის _ კი, დავავალდებულებთ ზესტაფონს თანხის გადახდას, მაგრამ იქნებ ცოტა ვადროვოთ, ახლა უჭირთ და მერე გადაიხდიან; ახლა ევროსარბიელზე თამაშობენ და მოდით ხელს ნუ შევუშლით; მალე უეფადან ფული ჩაერიცხებათ და მერე გადაიხდიან... რატომღაც ფედერაცია არ ავალდებულებს ზესტაფონელებს, რომ ფეხბურთელებს კუთვნილი გადაუხადოს. მოკლედ, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და კლუბები, ამ შემთხვევაში ზესტაფონი დავავალდებულეთ, რომ ფეხბურთელებისთვის კუთვნილი გადაეხადა. დანარჩენი კი ფედერაციის საქმეა, ვიმეორებ, ასეთ შემთხვევაში აღმასრულებლის ფუნქცია სწორედ ფედერაციას ეკისრება და აქვს კიდეც საამისო ბერკეტები.
 
კობა ინასარიძე