სიახლეები

ლადო ბურდული: ვისაც უნდა ვხვდებოდეთ, ყველასთან მოგება გვსურს

გაუზიარე
ბოლნისის სიონში არაერთმა საინტერესო ფეხბურთელმა მოიყარა თავი და სეზონის მეორე ნახევარში ეს რამდენჯერმე დადასტურდა კიდეც, გავიხსენოთ თუნდაც თბილისის დინამოსთან გამარჯვება, მაგრამ ბოლნისელებს სტაბილურობა აკლიათ, რაც გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიონის თავკაც ლადო ბურდულს გუნდის შენება ახლა უწევს და ასე მცირე პერიოდში კი ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება პრაქტიკულად შეუძლებელია. გუშინ ლადო ბურდულს დავუკავშირდით და სიონში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრეთ.

მეორე წრეში ბოლნისის სიონის თამაშს როგორ შეაფასებთ?

სანამ ჩემი გუნდის თამაშს შევაფასებ, მანამდე ვიტყვი რომ უკმაყოფილო ვარ მსაჯობით. თუნდაც ბოლო ტურის შეხვედრა ავიღოთ ვიტ ჯორჯიასთან. ჩვენს კარში აშკარა თამაშგარედან გატანილი გოლი ჩათვალეს, ჩვენ კი 100 ასპროცენტიანი გოლი გაგვიუქმეს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასე იყო საჩხერეშიც, კოლხეთთან შეხვედრაში კი სუფთა პენალტი არ დამინიშნეს და კაციც არაფრის გულისთვის გაგვიგდეს. ასეთ ვითარებაში ბოლნისის სიონი კი არა, მადრიდის რეალი დაკარგავს ქულებს. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ფედერაციის მხრიდან ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის ადექვატური რეაგირება იყო და უკვე არაერთო მსაჯი დაისაჯა ჩვენ შეხვედრებში დაშვებული უხეში შეცდომების გამო. ისეც არ მინდა გამომივიდეს, თითქოს წაგებას მსაჯებს ვაბრალებდე. მაგალითად, მარტვილის მერანს რომ მოვუგეთ, შეხვედრას მალტელი მსაჯი სჯიდა და გამოვთქვი ჩემი მოსაზრება - საქართველოში ისეთი უცხოელი არბიტრები გვჭირდება, რომ აქ აამაღლონ სამსაჯო დონე და არა თვითონ ჰქონდეთ კვალიფიკაცია ასამაღლებელი. ეს ცოტა ემოციურად გამომივიდა, რის გამოც მორიგი დისკვალიფიკაცია მივიღე. შეგახსენებთ მოგებულ თამაშზე ვსაუბრობ, სხვა ჩემს მაგივრად გაჩუმდებოდა მე კი უსამართლობას ვერ ვიტან და მოგებული შეხვედრის შემდეგაც გამოვთქვი ჩემი აზრი. კიდევ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ბოლნისის სიონის ფეხბურთელები ყველაზე ნაკლებს ეკამათებიან მსაჯებს და ეს თუნდაც ბოლო ტურში ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრაშიც დადასტურდა.

სიონის რიგებში საკმაოდ ბევრი ახალწვეულია.

სეზონის მეორე ნახევარს ახალი გუნდით შევხვდით. ამ შემადგენლობას პერსპექტივა რომ აქვს, ეს ჯერ კიდევ თურქეთში მოსამზადებელი ეტაპისას გამოჩნდა, როდესაც საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ბიჭებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. მაგრამ ახალი გუნდის გაკეთებას გარკვეული დრო სჭირდება და ამისთვის ორი თვე საკმარისი არ იყო. წინა სეზონში სიონი მესამე ადგილზე რომ გავიდა, ეს იმის შედეგი იყო, რომ ჩვენ ორი წელი პრაქტიკულად ერთი და იგივე შემადგენლობით ვთამაშობდით, ახლა კი კლუბმა გადაწყვიტა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთეს. საკმაოდ საინტერესო და ნიჭიერი ფეხბურთელები შევკრიბეთ: ცნობილაძე, გურეშიძე, ცხადაია, უგულავა და კიდევ ბევრი, მაგრამ სიონმა კვლავ მაღალი ადგილებისთვის რომ იბრძოლოს და სტაბილურად შევძლოთ კარგი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება, ამას დრო დაჭირდება.

ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურიღა დარჩა, სიონი კი ჯერაც გასავრდნ ზონასთან ახლოსაა.

ახლა ჩვენი მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური წნეხია. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული მატჩი გადამწყვეტია და ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გარკვეულწილად დამთრგუნველად მოქმედებს. არა და, რომ არა მსაჯების მიერ დაშვებული ამდენი უხეში შეცდომა, ჩვენ 7-8 ქულით მეტი გვექნებოდა. შედეგად ცხრილშიც უფრო მაღლა ვიდგებოდით და ფეხბურთელებზეც არანაირი წნეხი არ იქნებოდა, რაც მათ საშუალებას მისცემდათ უფრო თავისუფლად ეთამაშათ.

მომდევნო ტურში ცხინვალს მასპინძლობთ, რომელიც ევროსაგზურისთვის იბრძვის.

ცხინვალი კარგი გუნდია და რთული თამაში გველის, მაგრამ ჩვენ ახლა ქულები ძალიან გვჭირდება და ვისაც უნდა ვხვდებოდეთ, ყველასთან მოგება გვსურს. კიდევ გავიმეორებ, რომ ახლა ჩვენი მთავარი პრობლემა არსებული წნეხია და ამას თუ ვსძლიეთ, დარჩენილ შეხვედრებში უძლიერესთა შორის ადგილს აუცილებლად შევინარჩუნებთ.

ცალკე უნდა გკითხოთ პორტუგალიელ ლუის ალბერტოზე, რომელიც აშკარად გამორჩეულად გამოიყურება.

მადრიდის ატლეტიკოს გაზრდილი ფეხბურთელია და ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ კარგი სკოლა აქვს გავლილი. ორი ტაიმის განმავლობაში იბრძვის, სწორად იხსნება, უბურთოდ მყოფიც სულ მოძრაობაშია და ტექნიკურადაც მაღალ დონეზეა მომზადებული.

სამაგიეროდ ბრაზილიელმა არაუჟომ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოიკიდა ფეხი.

ისიც საკმაოდ კარგი ფეხბურთელია, უბრალოდ გარკვეული დრო სჭირდება ადაპტაციისთვის. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე,  ეს დრო ახლა ნამდვილად არ გვაქვს და ამიტომაც შედარებით იშვიათად უწევს თამაში, მაგრამ მისი იმედი გვაქვს და მჯერა, რომ საქართველოს ჩემპიონატში თავის სიტყვას იტყვის.

უმაღლეს ლიგაში დარჩენის შემთხვევაში, მომავალ სეზონში ალბათ უფრო მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებთ.

ჯერ დასრულდეს ჩემპიონატი და მომდევნო სეზონზე ამის შემდეგ ვისაუბროთ, ისე კი, ამ შემადგენლობას ნამდვილად აქვს რესურსი, რომ მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს. ახლა გვჭირდება ცოტაოდენი დრო შესათამაშებლად და გარკვეული ტაქტიკური ნიუანსების ასათვისებლად. წლევანდელ სეზონში თავიდანვე ნათელი იყო რომ ევროსაგზურისთვის ვერ ვიბრძოლებდით, რადგან ახალი გუნდის შენება დავიწყეთ.

პაატა ძნელაძე