სიახლეები

კახა ცხადაძე: ზოგჯერ ბურთს უნდა გამოეთხოვო

გაუზიარე

8 ივნისს უკრაინასთან ამხანაგური მატჩი ავსტრიაში, 13 ივნისს კი ევროშესარჩევის თამაში პოლონეთთან ვარშავაში – საქართველოს ნაკრების უახლოეს შეხვედრამდე თითქმის თვენახევარია დარჩენილი. რას ველით კახა ცხადაძის ნაკრებისგან ივნისში? რა თქმა უნდა, პროგრესს მარტის მატჩებთან შედარებით, რადგან მაშინ მწვრთნელს გუნდთან მომზადების დროც არ ჰქონია. 

კახა ცხადაძეს აზერბაიჯანში დავუკავშირდით და ინტერვიუში მან საინტერესო სიახლეებიც გვითხრა. მათ შორის, ერთი შედარებით უცნობი ფეხბურთელის გვარიც ახსენა, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. 

აქვე, ინტერვიუც. თავიდან ორი კითხვა ბაქოს ინტერზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, სანაკრებო თემა:  

ინტერი მეორე ადგილზეა და სავარაუდოდ, ამ პოზიციაზე დაასრულებს ჩემპიონატს. ამის გამო გუნდს ბოლო ტურებში მოტივაცია ხომ არ დააკლდება? 

მეორე ადგილი ჯერ ბოლომდე არ გვაქვს განაღდებული, საამისოდ დარჩენილ ტურებში ექვსი ქულის აღება დაგვჭირდება. თუმცა ინტერს სხვა პრობლემები აქვს: ფინანსური სიტუაცია გაურკვეველია. სპონსორი წავიდა და ახალიც არ მოსულა. ჩვენ ბანკი გვასპონსორებდა და ახლა ასე აღარაა, დაფინანსება შეწყვეტილია. 

ანუ, ხელფასს ვერ იღებთ? 

ასეა. გაურკვეველი ვითარებაა და გული მწყდება, რომ ინტერს პრობლემები დაუგროვდა. მომავალიც ჯერ ბუნდოვანია. 

ალეკო ამისულაშვილი რაც გერმანიასთან მატჩის პირველ წუთზე დაშავდა, მას შემდეგ თითქმის ერთი თვე გაუცდა. გასულ ტურში დაბრუნდა და როგორ…ითამაშა? 

საკმაოდ კარგად. 90 წუთი ითამაშა და კმაყოფილი ვარ მისით. ამისულაშვილი ნაკრებისთვის დიდი ძალაა, გამოცდილია. თან ძალიან მონდომებულია. 

ბოლო პერიოდში ლეგიონერთა თამაშის სანახავად ხომ არ ყოფილხართ? დრო გქონდათ? 

დღეს უნდა გავფრენილიყავი პოლონეთში, სადაც იაგელონიას თამაში უნდა მენახა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ისე კი, ჩვენს ექიმს და სამწვრთნელო შტაბს კონტაქტი აქვს ფეხბურთელებთან, მეც ხან ტელევიზორში ვუყურებ მათ თამაშებს, ხან ინტერნეტის საშუალებით. მუდმივად საქმის კურსში ვარ. სამწუხაროდ, ბოლო ერთ თვეში ნაკრების ზოგიერთ ლეგიონერს სათამაშო დრო მოაკლდა კლუბში. რუსეთის ვიზის აღება რთულია, მაგრამ მაინც ვაპირებ სანკტ-პეტერბურგში წასვლას 10 მაისს, სკა-ენერგიას ექნება იქ თამაში. გოგიტა გოგუაც მაინტერესებს და კახა ალადაშვილიც. გოგუას ერთ-ერთ საყრდენად ვხედავ. ასევე, მარჯვენა მცველის პრობლემა გვაქვს, უჩა ლობჟანიძე ბოლო წლებში შეუცვლელია და ალადაშვილსაც სწორედ ამ მიზნით დავაკვირდები.

მათ გარდა, სხვა სიახლეებიც შეიძლება ვიხილოთ სანაკრებო სიაში? 

მაინტერესებს როლანდ გიგოლაევი, რომელიც პოლონეთის უმაღლს ლიგაში, ხოჟუვის რუხში თამაშობს. ის თბილისშია დაბადებული და საქართველოს სახელით თამაშზე თანახმაა. ცაციაა და მარცხენა ფლანგზე თამაშობს. მუდმივი პრაქტიკა აქვს. 29 აპრილს (ანუ დღეს) ნიკა ძალამიძისა და გიორგი ფოფხაძის იაგელონია სწორედ რუხს ხვდება. 

როგორც შევიტყვეთ, გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში მოთამაშე აკაკი გოგიაც გაინტერესებდათ. 

გოგიაზე დაკვირვება არ შეგვიწყვეტია, მაგრამ ის შემტევი ნახევარმცველია და ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრების შემტევებს ვერ სჯობს. გვყავს ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან ყენია, სანდრო კობახიძე, გიორგი ჭანტურია და სხვები. 

გიორგი ლორია და ნუკრი რევიშვილი უთამაშებლები არიან, რაც დამატებით პრობლემას შექმნის. 

ცუდია, რომ უთამაშებლად დარჩნენ, მაგრამ ორივე კვალიფიციური მეკარეა, ასე რომ, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. 

მოსამზადებელი ეტაპი როგორი იქნება, პირდაპირ ავსტრიაში ჩახვალთ თუ ჯერ თბილისში მოემზადებით?

წლეულს ევროპაში გვიან მთავრდება ჩემპიონატები, ამიტომ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება თითქმის არ ეძლევათ. პირდაპირ ავსტრიაში შევიკრიბებით, 4 ივნისიდან ვარჯიშებზე გადავალთ, 8-ში უკრაინას ამხანაგურ მატჩში შევხვდებით, შემდეგ ისევ ავსტრიაში გავაგრძელებთ მზადებას და 12 ივნისს ჩავალთ ვარშავაში. 13-ში კი უკვე შესარჩევის თამაში გველის. 

კარგია, რომ მოსამზადებლად გაცილებით მეტი დრო გექნებათ, ვიდრე მარტში. რამდენად რეალურია, რომ დროის ფაქტორმა თამაშის დახვეწაზეც იმოქმედოს და ყველაზე მეტად, რა მხრივ გექნებათ სამუშაო?

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ უპირველესად სწორედ სათამაშო კუთხით დავიხვეწოთ, ამას კი შედეგიც აუცილებლად მოჰყვება. დრო, ერთად დიდი ხნით ვარჯიში, იმის მიხვედრა თუ რა გვინდა, ჩანაფიქრის მინდორზე გადატანა – ეს გვჭირდება. გერმანიასთან მატჩისას იყო მომენტები, როცა მწვავედ ვთამაშობდით და სულაც არ ყოფილა ისეთი ფეხბურთი, რომ მხოლოდ დროის გასვლაზე და მატჩის მალე დამთავრებაზე გვეფიქრა. შეგვეძლო გოლის გატანაც. თქმა არ უნდა, თამაშის მხრივ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, ბევრი შეკითხვაა, ბევრი რამ საკამათოა. გარდა ამისა, რწმენა უნდა ჰქონდეთ ფეხბურთელებს. უნდა დაიჯერონ, რომ გამართულად თამაში შეუძლიათ. 

ნაკრებმა რამდენად კარგად აუღო ალღო სამი ცენტრალური მცველის სქემას?

სამი ცენტრალური მცველით თამაში დოგმა არაა. ნაკრები მზად უნდა იყოს, რომ ტაქტიკა შეცვალოს. ჩემი პრეროგატივა მოკლე და საშუალო გადაცემებია. ჩემთვის მიუღებელია, როცა ფეხბურთელი უადგილოდ იწყებს ინდივიდუალიზმს.

გერმანიასთანაც იყო ორი-სამი ეპიზოდი, როცა ჩვენიანმა მეტოქე მოატყუა, მაგრამ მანძილი არ მოუგია, ისევ იმავე პოზიციაში იდგა.

ბურთს ზოგჯერ უნდა გამოეთხოვო. ბურთი უფრო სწრაფად მივა მეტოქის კარამდე, ვიდრე ფეხბურთელი. ამაშია შეტევის ძალა. ჩვენ ინდივიდუალიზმს არ ვუშლით, მაგრამ გააჩნია, რა მომენტში, მოედნის რომელ მონაკვეთში. ეს აუცილებლად უნდა შეიგნონ ფეხბურთელებმა. აღარაა ის ფეხბურთი, ერთმა კაცმა მიიღოს ბურთი და ნახევარი გუნდი მოატყუოს. ბურთის სწრაფად მიტანა მეტოქის კართან, ან საჯარიმომდე – ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ.  

ჩვენის მხრივ, გიგოლაევზე ვთქვათ, რომ 25 წლისაა. თბილისში დაიბადა და ორი წლისა იყო, როცა ოჯახი ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 12 წლის გიგოლაევმა თამაში ვლადიკავკაზში დაიწყო, 17 წლისა კი სანკტ-პეტერბურგის ზენიტის ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა. ზენიტის მაშინდელმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა რამდენიმე ამხანაგურ მატჩშიც ათამაშა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრაში შანსი არ მიუციათ. დაბრუნდა ოსეთში და ალანიაში ითამაშა, მერე სანკტ-პეტერბურგის დინამოში გადავიდა. გიგოლაევს ორი მატჩი ჩაუტარებია რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 

როლანდს 2014 წლის დასაწყისში გადავიდა ხოჟუვის რუხში, ამ სეზონში 20 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. გასულ ტურში, ვარშავის ლეგიასთანაც (0:0) ტაიმნახევარი ითამაშა. მარცხენაფლანგელია და საკმაოდ სწრაფი. 

ილია ნანობაშვილი