სიახლეები

ეგრისი არ ითვლება, წინ დინამოა...

გაუზიარე
28 აპრილი. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“.  1800 მაყურებელი

თასის ნახევარფინალი, მე-2 მატჩი; პირველი მატჩი - 1:0

სამტრედია - ჩიხურა  3:0

1:0 იაშვილი (28), 2:0 გორგიაშვილი (61 ), 3:0 კაპანაძე (70)

სამტრედია: თევდორაძე, ხიზანიშვილი, კვირკველია, კაკუბავა (თევდორე გრიგალაშვილი 75), ბეჭვაია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი (ბოლქვაძე,79), დოლიძე, იაშვილი, გეწაძე, ი.კერძევაძე (კაპანაძე,67) 

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, ა.გურული, გაბედავა

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

ჩიხურა: ზარქუა, თ.ღონღაძე , ბაჯელიძე, ლ.ჭელიძე, კუჭუხიძე, დეკანოიძე (ა.ივანიშვილი 46),  კორიფაძე, ტროიანოვსკი (სარდალიშვილი 46), ლ.ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, ოდიკაძე (მუმლაძე 66).

სათადარიგოები:  ქვილითაია, მანჯგალაძე, ლუბჩაკი, განუგრავა 

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯი: ჯენერი ხორავა

გაფრთხილება: დობროვოლსკი (30), გეწაძე (81)

მიმდინარე გათამაშებამდე სათასო ბატალიებში საუკეთესო შედეგი სამტრედიას 1995- 1996 წლების სეზონში ჰქონდა, როცა ნახევარფინალს უწია, მერე კი  დინამოს ვეღარ გაუმკლავდა. და, აი,  19 წლის შემდეგ გუნდს ძველი მიღწევის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობა მიეცა. საქართველოს თასის ორგზის ფინალისტ ჩიხურასთან სტუმრად, ივანწმინდაში გამარჯვების (1:0) შემდეგ სამტრედიელები ორმატჩიანი ნახევარფინალური რაუნდის  ფავორიტებად ითვლებოდნენ. საბოლოო წარმატების მისაღწევად, ანუ ფინალში გასასვლელად, მათ ფრეც აძლევდათ ხელს.  

ჩიხურას რაც შეეხება, როგორც აღვნიშნეთ, წინა ორი გათამაშების ფინალისტმა მეტოქესთან საშინაო მარცხით ფინალში ზედიზედ მესამედ გასვლის შანსი გვარიანად შეიმცირა, თუმცა საჩხერელები იმედს არ ჰკარგავდნენ და  მათთვის სასურველი შედეგის მიღწევას სწორედ რომ „ეროსი მანჯგალაძეზე“ აპირებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩიხურას სამტრედიულ მატჩამდე 4 დღით ადრე ერთგვარი გენერალური რეპეტიცია ჰქონდა ქუთაისში და ჩემპიონატის  მატჩში ტორპედო დაამარცხა, გამორიცხული არაფერი იყო.

ერთი სიტყვით, საპასუხო თამაში კარგ სანახაობას გვპირდებოდა, თუმცა მოლოდინმა ნაწილობრივ  გაამართლა - თამაშს, ფაქტობრივად, ნახევარ საათში დაეკარგა ინტერესი... 

ილია კერძევაძის ძირითადში გამოჩენას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც მეტწილად სწორედ შეცვლაზე უწევს გამოსვლა, მასპინძლებმა ნაცადი შემადგენლობით დაიწყეს. სტუმართა სასტარტო შემადგენლობა კი იგივე გახლდათ, რაც ცოტა ხნის წინ ქუთაისში მოგებულ მატჩში.

თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა ზურაბ ხიზანიშვილმა საკუთარ ნახევარზე მოულოდნელად დაკარგა ბურთი, რომელიც დავით ოდიკაძეს მიუვიდა. საჩხერელთა კაპიტანი მეტოქის კარისკენ დაიძრა საჯარიმოსთან მიახლოებამდე კარშიც დაარტყა, ოღონდ ისე, რომ რევაზ თევდორაძეს პრობლემა არ შეჰქმნია. წინასწარ ვიტყვით, რომ პირველ ტაიმში ეს იყო ერთადერთი დარტყმა, რომელიც სტუმრებმა სამტრედიელთა კარში განახორციელეს, შესვენებამდე თუ რაიმე საინტერესო ხდებოდა, მხოლოდ თორნიკე ზარქუას კართან.  მასპინძლები მიზანმიმართულად უტევდნენ და საგოლე მომენტებსაც საკმარისად ქმნიდნენ.

მე-6 წუთზე ილია კერძევაძემ კუთხური გამოიმუშავა. რევაზ გეწაძემ მარჯვნიდან სახიფათოდ გაგზავნა საჯარიმოში, თუმც პარტნიორთაგან ბურთს ვერავინ მისწვდა. მალევე გიორგი დათუნაიშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან გაისროლა და ბურთს საჩხერელთა მეკარე დაეუფლა. შუა ტაიმისთვის მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახდა, საუცხოოდ ათამაშდა ალექსანდრე იაშვილი. მე-20 წუთზე მან გამოზომილი გადაცემა გაუკეთა თორნიკე გორგიაშვილს, რომელმაც ჩიხურას საჯარიმოში კერძევაძე მოძებნა, თუმც მას ბურთზე ფეხი აუცდა. „იაშკას“ კიდევ ერთი ჩინებული პასის შემდეგ იყო, კერძევაძემ ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან რომ დაარტყა და სტუმრები მეკარემ იხსნა. და... ისევ იაშვილი.  მან ამჯერადაც კერძვაძეს გადააწოდა საჯარიმოში, მაგრამ ილიას მეკარემ დაასწრო და კუთხურზე გადააგდო ბურთი. ეს კუთხური კი საბედისწერო აღმოჩნდა ზარქუასთვის. გრიგოლ დოლიძემ მარცხნიდან ჩააწოდა, მეკარემ თითქოს დაიჭირა ბურთი, მაგრამ მოულოდნელად ძირს დაუვარდა, იაშვილიც იქვე გაჩნდა და ზარქუას აშკარა შეცდომა არ აპატია.

სამტრედია დაწინაურდა, თუმცა მეტოქეს ინიციატივა მაინც არ დაანება. კონტრშეტევებზე თამაშმა სტუმრებს ვერაფერი არგო. პირიქით, შესვენებამდე დარჩენილ დროში მასპინძლებს მეორის გატანაც შეეძლოთ, იაშვილი-გეწაძე-დოლიძის კომბინაცია ბოლო მომენტში მეკარემ ჩაშალა.
სათასო მატჩებში ყველაფერი ხდება და ჩიხურაც შეეცადა თითქმის უიმედო მდგომარეობიდან  თავის დაღწევას. სოსო ფრუიძემ მეორე ტაიმისთვის ორმაგ შეცვლას მიმართა. ალეკო ივანიშვილმა და მიშიკო სარდალიშვილმა მართლაც რომ გამოაცოცხლეს სტუმარი გუნდი, საჩხერელები საკმაოდ ხშირად უტევდნენ, მაგრამ მეტოქის კარს რეალურ საფრთხეს ვერ უქმნიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშის და ორმატჩიანი დაპირისპირების ბედიც  საბოლოოდ 61-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც გორგიაშვილმა კარგად მოირგო ბურთი და საშუალო მანძილიდან „ცხრიანში“ დაურტყა ზარქუას. მერე მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს -  თორნიკე კაპანაძემ გეწაძეს დაუფასა ზუსტი გადაცემა და ახლოდან შეარხია ჩიხურას კარის ბადე. 

დარჩენილ დროში თამაშს გახსნილი ეთქმოდა და გატანის შანსი, თან არაერთხელ, ორივე გუნდს ჰქონდა. მშრალი ანგარიშით მარცხისგან სტუმრების ხსნა თემურ ღონღაძეს და ივანიშვილს შეეძლოთ, მაგრამ მათი დარტყმული ბურთები მცირედით აცდა მიზანს. სარდალიშვილის გადაცემის შემდეგ თორნიკე მუმლაძემ ხარიხას გაარტყა ბურთი. თუმცა მასპინძლებმა ბოლოსკენ გაცუდებული მომენტების რაოდენობითაც აჯობეს მეტოქეს. დავით ბოლქვაძეს, იაშვილს, დოლიძეს, დათუნაიშვილს რომ გამართლებოდათ, სამტრედიელთა გამარჯვება კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდებოდა. 

ასე იყო თუ ისე, სამტრედიამ ორივე ნახევარფინალურ მატჩში აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, სწორედ დამოუკიდებლობის პერიოდში, თორემ სამტრედიულ გუნდს 1970 წელს საბჭოური საქართველოს თასის ფინალში აქვს ნათამაშები, მაშინ ლოკომოტივი 1:3 დამარცხდა სენაკის ეგრისთან. 

-  ჩიხურას ორივე თამაში მოვუგეთ და ეს ცოტას არ ნიშნავს. ძალიან გვიხარია. ვულოცავ და მადლობას ვუხდი კლუბის აბსოლუტურად ყველა წევრს. ჩვენი გუნდი პირველად ითამაშებს თასის ფინალს დინამოსთან. ვეცდებით, ისიც მოვიგოთ - განაცხადა „ჩვენს თამაშთან“ საუბარში სამტრედიელთა დამრიგებელმა ზაზა ზამთარაძემ.

იუზა კაციტაძე სამტრედიიდან

ქრისტი ხუჭუას ფოტო