სიახლეები

ცხინვალმა მოიგო, დინამო ფინალში გავიდა

გაუზიარე

ცხინვალი – დინამო 1:0 

28 აპრილი. თბილისი.  "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 700 მაყურებელი

1:0 ივანიშვილი (38)

ცხინვალი: ნადირაძე, ლექვთაძე (ცაცკრიალაშვილი 79), მახარობლიძე, თარხნიშვილი, ქარდავა, ბაჩიაშვილი, ვარლამ კილასონია (კაჭკაჭიშვილი 89), ივანიშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, ნიკა კაჭარავა (შინდაგორიძე 73) 

სათადარიგოები: ნანიევი; ბურძენაძე, იმედაშვილი, ჯიშკარიანი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ბუკორაცი, მანუელი (ჩირგაძე 62), ჯიღაური (კიტეიშვილი 73), ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი 90) 

სათადარიგოები: დაუშვილი; ტაბატაძე, პარუნაშვილი, ჯანელიძე

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გაფრთხილება: შერგელაშვილი (13), კაჭარავა (26), რენე ფერეირა (26), ჰრდლიჩკა (90+3)

მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მსგავსად, თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ცხინვალმა დინამოს კვლავ მოუგო, თუმცა ფინალში თამაშის უფლება დინამომ მოიპოვა. კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა დინამოს მინიმალური ანგარიშით მოუგეს, სტუმრად კი ორი ბურთით ჰქონდათ წაგებული. არადა, ცხინვალელებს, ივანიშვილის გოლის გარდა, გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს. 

პირველი ტაიმი ცხინვალმა აქტიურად დაიწყო, ბურთს მეტწილად დინამო კი ფლობდა, მაგრამ კაჭარავას ფეხბურთელები მწვავე შეტევებს ანხორციელებდნენ. მატჩის დებიუტში

ცხინვალელთა ცენტრალურმა მცველმა დავით მაისაშვილმა დინამოს ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ გონი დაკარგა, თუმცა ექიმების ჩარევის შემდეგ მოედანზე დარჩა და თამაში გააგრძელა. ცხინვალელთა კარგი თამაშის შემხედვარეს დინამოს ყოფილი ფეხბურთელები გამახსენდა. პარადოქსია, მაგრამ დინამოდან გაშვებული ფეხბურთელებით სხვა გუნდები უფრო სარგებლობენ, ვიდრე თავად დინამო. მაგალითად, მახარობლიძე, რომელიც ბოლო ორ მატჩში დინამოს წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, ასევე ნადირაძე, ლექვთაძე, თუნდაც კაჭარავა და შინდაგორიძე, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრეში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდები არიან. დინამოდან თუ ვინმეს თამაშია გამოსარჩევი, ეს ალბათ მათე ცინცაძეა, რომელიც ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძოდა და პასებსაც სწორად ანაწილებდა, თუმცა მას მხარს ვერ უბამდნენ ფლანგელი მცველები კაკაბაძე და შერგელაშვილი. სუსტად გამოიყურებოდა გიორგი პაპუნაშვილიც, რომელმაც წინა ტურში ცხინვალთან თამაში დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა გაიტანა. ცხინვალელთა ერთ-ერთმა ლიდერმა საჯარიმოს ხაზთან თოთაძის და ჰრდლიჩკას შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა დინამოს ზედიზედ მეორე მატჩში გაუტანა. მის გოლამდე პაპუნაშვილს ჰქონდა შანსი, საჯარიმოს ხაზთან სტანდარტული მდგომარეობიდან ურტყამდა, თუმცა საკმაო მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმში კაჭარავას ფეხბურთელები ანგარიშის გაზრდას ეშურებოდნენ, მაგრამ რამდენჯერმე კარგი შანსი ვერ გამოიყენეს. პირველი ტაიმის მსგავსად, ბურთს უმეტესად დინამო ფლობდა. მეტოქის საჯარიმომდე დინამოს ფეხბურთელები ადვილად მიდიოდნენ, თუმცა ხშირად ან ბოლო პასი არ ვარგოდა, ან ბოლო დარტყმა. კარგი მომენტი ჰქონდა ჯიღაურს, როცა რამდენიმე მეტოქე მოატყუა,საჯარიმოში შევიდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და ნადირაძეს ბურთის აღება არ გასჭირვებია. სტანდარტული დარტყმით გატანა შეეძლო კილასონიას, მაგრამ ჰრდლიჩკამ აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ტაიმის შუაში ორი შანსი ჰქონდა მახარობლიძესაც, ცხინვალელთა 13 ნომერმა ორივე შემთხვევაში ბურთი მეტოქის კარს ააცილა. ერთ-ერთ ეპიზოდში ლექვთაძემ და ივანიშვილმა მარჯვენა ფლანგზე კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ივანიშვილი საჯარიმოში შევიდა, თუმცა მის სახიფათო ჩაწოდებას ცხინვალელთაგან არავინ გამოეხმაურა. მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა დინამოს. მარჯვენა ფლანგიდან კიტეიშვილი საჯარიმოში შევიდა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია ბურთი.  ცხინვალელთა გამარჯვების მიუხედავად, თბილისის დინამო  ზედიზედ მესამედ გავიდა თასის ფინალში, სადაც მისი მეტოქე სამტრედია იქნება, რომელმაც ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ჩიხურა 3:0 დაამარცხა. 

ოთო მუმლაძე