სიახლეები

შალვა კაკაბაძე – ლანჩხუთის გურიას ისტორიის შემქმნელი

გაუზიარე

დღეს ლანჩხუთის გურიას ყოფილ მწვრთნელსა და დირექტორს, შალვა კაკაბაძეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. ბატონი შალვა 78 წლისა გახლდათ და მას უკავშირდება გურიას ფურორი 80-იან წლებში, როცა ლანჩხუთელები საბჭოეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ. 

ბოლო პერიოდში შალვა კაკაბაძე გაგრაში მუშაობდა კლუბის პრეზიდენტის მრჩევლად. სხვათა შორის, იგი 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლდათ და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა 1953 წელს. ბატონი შალვა მაშინდელი გუნდის კაპიტანი იყო და გუნდს არ იკითხავთ? მიხეილ მესხი, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, ჯემალ ზეინკლიშვილი, ბორის სიჭინავა და სხვები. 

1958 წელს შალვა კაკაბაძე გურიას მთავარი მწვრთნელი გახდა – 22 წლის ასაკში! და, სხვათა შორის, 20 წელიწადზე მეტი იმუშავა ამ თანამდებობაზე. 

ცნობილი მწვრთნელი ნოდარ აკობია მოგვითხრობს: "შალვა კაკაბაძის სახით საქართველომ უნიჭიერესი ადამიანი დაკარგა. მის ხელში არაერთი ძლიერი ქართველი ფეხბურთელი აღიზარდა, რომელი ერთი უნდა თქვა... გურიას უნიკალური საფეხბურთო ისტორია ამ კაცმა შექმნა: პატარა ქალაქის გუნდი საიდან სადამდე მიიყვანა... მაშინდელი საქართველოს ჩემპიონატიდან კლუბი ჯერ საბჭოეთის მეორე ლიგაში, მერე პირველ ლიგაში აღზევდა, ბოლოს კი უმაღლეს ლიგაშიც მოიპოვა ადგილი. 

... პირადად მეც მომიწია მასთან მუშაობა. თბილისის ლოკომოტივში მურთაზ ხურცილავა და მე რომ ვიყავით მწვრთნელები, შალვა კაკაბაძე გუნდის უფროსი გახლდათ. ის იყო თავის საქმეზე თავგადაკლული კაცი, ფეხბურთით ცხოვრობდა, ყველას ხელს უწვდიდა და, ფაქტობრივად, პირადი ცხოვრებისთვის დრო არც რჩებოდა". 

ილია ნანობაშვილი