სიახლეები

ეს პირველია! სამტრედია ისტორიული ფინალისთვის ემზადება

გაუზიარე
საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში სამტრედია პირველად გავიდა ფინალში, თანაც, ეროვნულ ჩემპიონატში საპრიზო ადგილისთვისაც აგრძელებს ბრძოლას. ყოველივე ეს საკმაო მიზეზია საიმისოდ, რომ სამტრედიელთა მთავარ მწვრთნელს ზაზა ზამთარაძეს გავსაუბრებოდით. 

გილოცავთ თასის ფინალში გასვლას, რაც საკმაოდ დამაჯერებლად შეძელით _  ჩიხურა საპასუხო მატჩშიც დაამარცხეთ.

3:0 კი გავიმარჯვეთ, მაგრამ ანგარიშმა არ მოგვატყუოს _ საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. 1:0-ს რომ ვიგებდით, მეტოქეს ანგარიში რომ გაეთანაბრებინა, მოედანზე სიტუაცია ძალიან დაიძაბებოდა, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა კონცენტრაცია ბოლომდე შეინარჩუნეს და სამტრედია პირველად გაიყვანეს ფინალში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფინალამდე გათამაშებიდან გამოვთიშეთ ბათუმის დინამო, ტორპედო და ჩიხურა, ჩვენი ფინალისტობა სავსებით დამსახურებულია.

ყველაზე მეტად რომელი ბარიერის დაძლევა გაგიჭირდათ?

თითოელ მეტოქესთან ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბათუმელებთან პირველი თამაში 1:4 წავაგეთ, ყველაზე მეტად აქ შეგვხვდა სირთულეები, თუმცა განმეორებითი მატჩი 3:0 მოვიგეთ.

ფინალში თქვენი მეტოქე თბილისის დინამოა, გუნდი, რომელიც საქართველოში ყოველთვის ფავორიტად მიიჩნევა.

დინამოს დიდ პატივს ვცემთ და ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ფინალი გველის. ვეცდებით, ფინალის საკადრისად ვითამაშოთ და მაყურებელი კმაყოფილი წავიდეს სტადიონიდან. ეს სამტრედიას პირველი ფინალია და ჩვენი ერთგული ქომაგების თანადგომით ეს ტიტული უნდა მოვიპოვოთ.

ჩემპიონატშიც წარმატებით გამოდიხართ _ სამეულისთვის იბრძვით.

ახლა მთელ ყურადღებას ჩემპიონატისკენ მივმართავთ. მომდევნო შეხვედრა კოლხეთთან გვაქვს და ამ თამაშის მოგება სამეულში მოხვედრის რეალურ შანსს შეგვინარჩუნებს. თანაც, ჩემპიონატის მატჩები დაგვეხმარება, ფინალს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ.

მართალია, სამტრედია ახალშეკრებილი გუნდია, მაგრამ ჩემპიონატის ბოლოსკენ გაცილებით შეთამაშებულად გამოიყურება და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა.

ეს ბუნებრივია, რადგან ნებისმიერი ახალი გუნდის შენებას გარკვეული დრო სჭირდება. პრობლემას კი ის გვიქმნის, რომ კალენდარი შედარებით მჭიდროა და ფეხბურთელები სრულად აღდგენას ვერ ასწრებენ, თუმცა, ისე არავინ გაიგოს, თითქოს ვწუწუნებ, რადგან ყველა გუნდი ერთნაირ სიტუაციაში ვართ.

ცალკე უნდა გკითხოთ ალექსანდრე იაშვილსა და ზურაბ ხიზანიშვილზე.

მათი დონის პროფესიონალების შემატება ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს და, რა თქმა უნდა, მათ სამტრედიაც სერიოზულად მოაღონიერეს, თუმცა ეს არა მხოლოდ სამტრედიას, არამედ მთელი ქართული ფეხბურთის შენამატია. ახლახან გერმანულ პრესაში დაიწერა, ისეთი დონის ფეხბურთელი, როგორიც იაშვილია, საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდაო. ეს ხომ ჩვენი ჩემპიონატის რეკლამაა.

თქვენს გუნდში გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდებიც თამაშობენ. როგორ ფიქრობთ, რომელ მათგანს შეუძლია ეროვნული ნაკრებში მოხვედრა?

კახა ცხადაძეს ჩვენგან ლევან კაკუბავა ჰყავდა შეკრებაზე გამოძახებული. ასევე ძალიან პერსპექტიულია მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე, მაგრამ მან ბევრი უნდა იშრომოს და მოუმატოს, კარგი ფეხბურთის თამაში კი ნამდვილად შეუძლია.

პაატა ძნელაძე