სიახლეები

ზვიად სიჭინავას ინიციატივა: სპორტის თავკაცი სპორტის სამყაროდან!

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ლევან ყიფიანის განცხადებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ევროპაში უსმინა. ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე რამდენიმე დღით უეფაში იმყოფებოდნენ, სადაც საინტერესო შეხვედრები გამართეს და მნიშვნელოვანი საკითხები საბოლოოდ მოაგვარეს. ზვიად სიჭინავას ჯერ სპორტის მინისტრის გადადგომის თაობაზე ვთხოვეთ კომენტარი, მერე კი მისგან რამდენიმე ახალი ამბავიც შევიტყვეთ... 

თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემთვის უცნობია, რა მიზეზით გადადგა სპორტის მინისტრი, თუმცა კი, ადრე ნათქვამს ახლაც გავიმეორებ: სპორტი მაქსიმალურად გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკისგან _ გვითხრა ზვიად სიჭინავამ, _ რაც შეეხება სპორტის მინისტრობის კანდიდატურას, ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე რომელიმე ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელის წარდგენა იქნებოდა უპრიანი. ლევან ყიფიანმა თავის განცხადებაში ბევრი წარმატებული ფედერაცია ჩამოთვალა და, ცხადია, რომელიმე მათგანის ხელმძღვანელის სპორტის მინისტრად დანიშვნა ურიგო არ უნდა იყოს. სპორტის ახალი მინისტრი სპორტში კარგად ჩახედულ-გარკვეული კაცი უნდა იყოს. ისე, ჩვენთვის უსიამოვნოა, რომ სპორტის მინისტრის თანამდებობიდან წასვლას მთელი რიგი კოლიზიები უნდა მოჰყვეს. ახლა, მოგეხსენებათ, თბილისში გასამართი სუპერთასის მატჩისთვის გამალებული მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრთა ცვლილებამ და პარლამენტში მათმა თავიდან დამტკიცებამ, შესაძლოა, აღებული ტემპი ოდნავ შეანელოს, თუმცა, ვიმედოვნებ, სუპერთასისთვის მზადების საქმეში მინისტრთა ახალი კაბინეტიც აქტიურად და ეფექტურად ჩაერთვება. 

მინისტრის პოსტზე თქვენ არ გყავთ სასურველი კანდიდატურა? 

არა. ლევან ყიფიანმა იმდენი წარმატებული ფედერაცია ახსენა, მათგან რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება. სამწუხაროდ, ყიფიანის სიაში ფეხბურთის ფედერაციის ადგილი არ მოიძებნა. ზოგადად კი, სპორტის სამყაროსთვის და ხელისუფლებისთვის ასეთი წინადადება მაქვს _ ხომ არ აჯობებდა, მომავალში სპორტის მინისტრი ქართულ სპორტულ სამყაროში არჩეულიყო?! 

ახლა უეფაში თქვენსა და რევაზ არველაძის ვიზიტზე გკითხავთ. ვიცით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ. ჯერ ეროვნული სტადიონის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე გვითხარით. გერმანიასთან მატჩისას მოედანზე შვიდი სტრიკერის შევარდნას რა სანქციები შეიძლება მოჰყვეს? 

დავიწყოთ იმით, რომ მოედანზე ქომაგების შეჭრას ძალიან უარყოფითი შეფასება მოჰყვა, განსაკუთრებით გერმანიაში. უეფაში კი გვითხრეს, რომ გერმანიასთან მატჩის ორგანიზება უმაღლეს დონეზე იყო, დაუბრკოლებლად ხდებოდა ხალხის სტადიონზე შესვლა, მაგრამ სტრიკერების გადახტომამ ორგანიზატორთა შრომა წყალში ჩაყარა და ყველაფერს ხაზი გადაუსვაო... 

ეს ნიშნავს, რომ საქართველო შოტლანდიას ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდება? 

არა, ასე არ იქნება. ეროვნულ სტადიონს დისკვალიფიკაციას არ მისცემენ. უკვე ცნობილია, რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქართველო _ გერმანიის მატჩისას მომხდარზე გადაწყვეტილებას 21 მაისს მიიღებს, თუმცა ჩვენ შევხვდით უეფას შესაბამისი კომიტეტის წევრებს, რის შემდეგაც იმედიანად განვეწყვეთ. ვფიქრობთ, რომ შოტლანდიასთან ნაკრები უმაყურებლოდ არ დარჩება. 

სუპერთასთან დაკავშირებით არავის შეხვედრიხართ? 

ცხადია, შევხვდით. უკვე გადაწყვეტილია, რომ 15-დან 19 ივნისამდე თბილისში უეფას წარმომადგენლებთან ერთად ორივე იმ გუნდის ხელმძღვანელობა გვესტუმრება, რომლებიც ეროვნულ სტადიონზე 11 აგვისტოს თბილისში სუპერთასისთვის ითამაშებენ. ამავე პერიოდში თბილისში ჩამოიტანენ ევროპის ჩემპიონთა თასს, ევროპის ლიგის თასსა და, ცხადია, სუპერთასს. სტუმრები სამართალდამცავებს შეხვდებიან და სუპერთასის მატჩამდე, მატჩისას თუ მატჩის შემდეგ უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ და შესაბამის ღონისძიებებს დაგეგმავენ. 

კობა ინასარიძე