სიახლეები

რომან ფიფია: დინამო არ იყიდება, სკოლა კი დაიხურება

გაუზიარე

გუშინ "პრაიმტაიმმა", ცოტა არ იყოს, მოულოდნელი ცნობა გაავრცელა. სააგენტო იუწყება, რომ დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია კლუბის გაყიდვას 30 მილიონ დოლარად აპრებს, მყიდველი კი, სავარაუდოდ, დინამოს ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იქნებაო. მეორე ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტს დიღომშივე, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დახურვაც გადაუწყვეტია... ეს და სხვა ამბები "ჩვენმა თამაშმა" თავად რომან ფიფიასთან გადაამოწმა...

კლუბის გაყიდვაზე

არანაირ გაყიდვაზე არ ვფიქრობ. ყველამ იცის, რომ დინამო ჩემი ცხოვრებაა, ამ კლუბთან ჩემი გრძნობებია დაკავშირებული. დინამოში შემთხვევით არ მოვსულვარ და არც შემთხვევით დამიწყია ამ უდიდესი კლუბის აღორძინებაზე ფიქრი და მუშაობა. დინამო ჩემი ნაწილია და არავის დავუთმობ. იქნებ ზოგიერთებს კი სურთ, რომ დინამოს შეველიო, მაგრამ იმედებს აქედანვე გავუცრუებ და ვეტყვი: დინამოში იმიტომ არ ვარ, შემდეგ აქაურობას თქვენ რომ დაეპატრონოთ. მოკლედ, გამორიცხულია, რომ რომან ფიფიამ დინამო გაყიდოს.

საფეხბურთო სკოლასა და აკადემიაზე

საქმე ისაა, რომ მიწის ნაკვეთი არ გვიწყობს ხელს, რომ აკადემიის ტერიტორიაზე სკოლამაც განაგრძოს ფუნქციონირება. ერთი პერიოდი დინამოსთვის იქვე მდებარე საფეხბურთო სკოლა ოლიმპიკის ტერიტორიის გადმოცემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. ახლა კი სწორედ შესაბამისი ტერიტორიის არქონის გამო იძულებული ვარ, სკოლა დავხურო. დიახ, სკოლის დახურვა გადაწყვეტილია, მაგრამ აკადემია ჩვეულებრივ იმუშავებს. გარკვეული ცვლილებები გვაქვს დაგეგმილი, რის შემდეგაც აკადემიის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ დინამოს აკადემია ჩემთვის შვილივით არის, ბავშვებს შვილებივით ვუვლი და მათ არფერს მოვაკლებ. დინამოს აკადემია თავის სათქმელს რამდენიმე წელიწადში იტყვის. 

დინამოზე
      
ამ ეტაპზე კონკრეტული საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა უახლოეს მომავალში, ალბათ, უფრო სეზონის ბოლოს, ვრცლად ვისაუბრებ. მიმაჩნია, რომ დღესდღეობით დინამო სწორი კურსით მიდის და რისი საშუალებაც გვაქვს, იმას ვაკეთებთ. `საშუალებაში~ ფინანსურ საკითხებს არ ვგულისხმობ. დღეს რა გზაც ჩანს, დინამოც იმ გზით მიდის. 

პაპუნაშვილზე 

დიახ, ვიცი, რომ გიორგი პაპუნაშვილის კვიპროსზე გადაბარგებაზე დაიწყო ლაპარაკი, თუმცა მე სხვანაირად ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ პაპუნაშვილმა ჯერ დინამო თბილისის წინაში უნდა მოიხადოს სპორტული ვალი და უცხოეთს შემდეგ მიაშუროს. როგორც კლუბის პრეზიდენტი, პაპუნაშვილის წასვლის წინააღმდეგი ვარ, თუმცა, თუ გამოუვალი ვითარება იქნება და აუცილებლობა მოითხოვს, ცხადია, მასთან დამშვიდობება მოგვიწევს. 

კობა ინასარიძე