სიახლეები

სოლომონ კვირკველია პატარა ფეხბურთელებს: თუ გითხრეს, რომ ვერ ითამაშებთ, გაიღიმეთ და განაგრძეთ ვარჯიში!

გაუზიარე

სოლომონ კვირკველიას განვლილი გზა გამორჩეულია იმით, რომ საქართველოში არსებული საფეხბურთო აკადემიიდან (კერძოდ, თენგიზ სულაქველიძის) პირდაპირ რუსულ პრემიერლიგაში მოხვდა. მას ერთხელაც კი არ უთამაშია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. 

23 წლის კვირკველია დღესდღეობით რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა, ესეკილ გარაისა თუ კრისტოფერ სამბას გვერდით ასახელებენ. აღიარება მოიპოვა სამშობლოშიც - ფედერაციის გამოკითხვით, 2014 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდა. 

სოლომონს რუსეთში დავუკავშირდით და ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუც გამოვიდა: 

გასულ ტურში მოსკოვის ტორპედოს გაუტანე ლამაზი თავური. რუსმა კომენტატორმაც აღნიშნა, რონალდუმ რომ სევილიას მესამე ბურთი გაუტანა, ძალიან ჰგავდაო... 

მართლაც კარგი გოლი იყო, ცოტა რთულ მდგომარეობაში ვიყავი და მაინც საპირისპირო კუთხეში დავურტყი მეკარეს. საწყენი ისაა, რომ ვერ მოვიგეთ და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი შეგვიმცირდა, მაგრამ წინ კიდევ ოთხი ტურია და მეოთხეადგილოსანს მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით.

გოლი ემოციურად აღნიშნე. ვინმეზე იყავი გაბრაზებული?

ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული, რომ გოლი ვერ გამქონდა და ძალიან გამიხარდა, რომ ნავსი გავტეხე. ადრე მქონდა გატანილი პერმის ამკარის კარში, მას შემდეგ კი დიდი დრო იყო გასული. მოკლედ, სიხარული გამოვხატე. ასეა, გოლის გატანა მცველებსაც გვიყვარს.   

ისე, რუბინი მეორე წრეში აშკარად უკეთ თამაშობს.

იმიტომ, რომ გუნდი შეთამაშდა და ახლა მართლაც მშვენიერ ფორმაში ვართ. ტორპედოსთანაც უიღბლობის გამო ვერ მოვიგეთ და საერთოდ, რომ დავთვალოთ, 8 ქულა გვაქვს დაკარგული ბოლო წუთებზე. ეს ისეთ თამაშებში, რომელშიც უპირატესობას ვფლობდით და აუცილებლად უნდა მოგვეგო. 

ხშირად იწერება, რომ კვირკველია სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. რომელ კლუბებზეა საუბარი? 

ამ თემაზე ყველა მეკითხება, ახალი კი რა გითხრათ: თითქმის ყველა ევროპული ქვეყნიდანაა შემოთავაზება. უბრალოდ, ვერ დავასახელებ, ჯერ თავს შევიკავებ. 

გრანდი კლუბებიდანაც? 

ვისთვის გრანდია, ვისთვის - არა. რუბინს უკავშირდებიან, მაგრამ ჩემამდეც მოდის ინფორმაცია. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე წინადადებებზე არ ვფიქრობ, მთლიანად პრემიერლიგის დარჩენილ ოთხ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. მეორეც, მწვრთნელ ბილიალეტდინოვს ჩემთვის იმდენი აქვს გაკეთებული, რომ მის გარეშე არაფერს გადავწყვეტ. უპატივცემულობა იქნება ჩემი მხრიდან. 

როგორც წესი, რუბინიდან მძლავრ გუნდებში იყიდებიან ფეხბურთელები და კარიერაში წინსვლაც აქვთ. აი, ბოლო მაგალითი ივან მარკანოა, რომელიც პორტოს დაცვის ერთ-ერთი ლიდერია. 

დიახ, ასეა. რუბინი იაფფასიან შემოთავაზებებს არც განიხილავს. გეცოდინებათ, ათ მილიონზე ნაკლებად იშვიათად რომ ვინმე გაყიდონ. რუბინი ერთი ოჯახია, ამ კლუბმა ყველაფერი მომცა და ისე ნამდვილად არ წავალ, რომ ვინმეს ვაწყენინო. ერთიც: თუ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, ამ შემთხვევაში ზაფხულში ჩემი წასვლა გამორიცხულია. 

ყაზანში ქართველების მიმართ სითბო თუ იგრძნობა? 

სხვათა შორის, ახლა ქართულ რესტორანში ვარ. აქ რუსებიც მრავლად შემოდიან, ბევრისთვის საყვარელი ადგილია. ხინკალი და ხაჭაპური ყველას უყვარს. სითბო? არ გადავაჭარბებ და პირდაპირ გეტყვით: ყაზანში გაცილებით მეტ სითბოს ვგრძნობ, ვიდრე საქართველოში. 

საწყენია, მაგრამ ეს სხვა ფეხბურთელებსაც უთქვამთ. 

აქ ყველა გცნობს, პატივს გცემს. აღარ დავკონკრეტდები, რა და როგორ. ყაზანში რომ ფეხბურთელებს აფასებენ, საქართველოში ასე სადაა...

რუბინის სტადიონზე საქართველოს დროშა თუ შეგინიშნავს? აქვთ გულშემატკივრებს?

სიმართლე გითხრათ, არ შემინიშნავს. ისე, ყაზანში ცხოვრობენ ქართველები. ბევრნი არა, მაგრამ მაინც. 

საქართველოს ნაკრებზეც: როგორ შეაფასებდი მალტასთან და გერმანიასთან გამართულ მატჩებს? რა სიახლეები დაინახე თამაშში შარშანდელთან შედარებით? 

მალტასთან, თუ არ ვცდები, ბურთის ფლობის 72 პროცენტი გვქონდა. მართალია, გოლები გვიან გავიტანეთ, მაგრამ მთავარია, რომ გავიტანეთ. გერმანიასთან კი პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ალალად ვთქვათ - ხალხი უფრო დიდი ანგარიშით წაგებას ელოდა. მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ. 

ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო მატჩებში ნაკრები უკეთ ითამაშებს - მალტასთან და გერმანიასთან ერთად მოსამზადებლად დრო არ გვქონია, ივნისში კი საკმარისად გვექნებაო. შენ რას იტყვი? 

იმედია, ასეც მოხდება. კახა ცხადაძე მაღალი დონის მწვრთნელია, დადებით აურას გადმოგცემს, კარგად გვიხსნის დეტალებს. თუმცა გერმანიასთანაც არ გვითამაშია ცუდად და პირველ ტაიმში 0:0 რომ შეგვენარჩუნებინა, მეორეში უფრო დაძაბულ თამაშს ვნახავდით.         

გერმანელებიდან შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა?

შეტევის ხაზი ჰყავთ სასწაული. ყველა მაგარია. 

ბავშვობაში შენი მწვრთნელი ვახტანგ კოპალეიშვილი იყო. როგორც შევიტყვეთ, ავადმყოფობის დროს ფინანსურად ეხმარებოდი. ეს ინტერვიუშიც გვითხრა კოპალეიშვილმა. შემდეგ მის ოჯახსაც დაეხმარე, როცა გარდაიცვალა. 

ძალიან განვიცადე კოპალეიშვილის ამბავი. როდესაც ადამიანი ასე გეხმარება ბავშვობისას და ჭაბუკობისას, მისი ამაგი არ უნდა დაივიწყო. მან ბევრი გააკეთა ჩემთვის. ყველანაირად მზად ვიყავი დავხმარებოდი, თურქეთში აპირებდნენ სამკურნალოდ გაგზავნას, მაგრამ შემდეგ თქვეს, რომ აზრი აღარ ჰქონდა... 

ახლა 23 წლის ხარ. კმაყოფილი ხარ განვლილი გზით? 

რა გზაც გავიარე, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვობისას მშიერი ვიყავი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ფუფუნებაშიც არ გავზრდილვარ. ყველგან ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება მიწევდა. სხვები თუ შედარებით იოლად აღწევდნენ მიზანს, მე დიდი ბრძოლა მიწევდა. 14-15 წლის ბიჭს მითხრეს, შენგან ფეხბურთელი არ გამოვა და წადი, ან კალათბურთი ითამაშე, ან წიგნი გადაშალეო. არ დავასახელებ, თუ რომელმა მწვრთნელმა მითხრა. ახლა რაღა აზრი აქვს. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მენდნენ. აი, რეზო ჩელებაძემ დაინახა ჩემი შესაძლებლობები, ჯერ სანკტ-პეტერბურგის ზენიტში მიმიყვანა, შემდეგ რუბინში და დღესაც აქ ვარ. 

"შენგან ფეხბურთელი არ გამოვა" - ასეთი სიტყვები ზოგს ფსიქოლოგიურად ანადგურებს, ზოგსაც ბრაზს და ჟინს მატებს. 

საბედნიეროდ, მე ჟინი მომემატა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყაზანის რუბინში ვთამაშობ. სწორედ ამიტომ მინდა მივმართო პატარა ფეხბურთელებს: თუ ვინმემ გითხრათ, შენგან ფეხბურთელი არ გამოვაო, გაიღიმეთ და არ დაუჯეროთ. გააგრძელეთ თქვენი საქმე. შესაძლოა, იქ აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც გიყურებს და შენს შესაძლებლობებს ხედავს. სხვამ ვერ დაინახა? ის დაინახავს. რასაც მივხვდი, 15-16 წლის ასაკიდან ფეხბურთი და სწავლა ერთად, ან ფეხბურთი და ცეკვა ერთად არ გამოდის. თუ ფეხბურთელობა გინდა, ბოლომდე უნდა მიჰყვე, სისხლად უნდა დაიცალო...

და ბოლოს, ოჯახზეც გკითხავ. შვილი შეგეძინა? 

დიახ, ორი თვის წინ შემეძინა გოგონა, ნია დავარქვით. 

ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებთ. მადლობა გულახდილი საუბრისთვის. 

მეც წარმატებას გისურვებთ და ისე ყოფილიყოს საქმე, რომ სულ კარგ ამბებზე გეწეროთ გაზეთში.  

ილია ნანობაშვილი