სიახლეები

გურამ გოშთელიანი: გუნდის რეალურ ძალაზე საუბარი, ჯერჯერობით ნაადრევია

გაუზიარე
საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ნიჭიერი ფეხბურთელები ნამდვილად არ აკლია. ერთი მათგანია საბურთალოს შემტევი გურამ გოშთელიანი, რომელიც 25 გოლით პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა და თავის წვლილიც შეიტანა საბურთალოს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში. გოშთელიანს საკლუბო და სანაკრებო თემებზე გავესაუბრათ.

საბურთალო თავიდანვე მიიჩნეოდა უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტად, მაგრამ ელოდი, რომ პირველ ლიგას ამხელა სხვაობით მოიგებდით?

ეს შედეგი რომ გვეჩვენებინა, ამაში ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ, ამიტომ ნამდვილად ლოგიკურია, საბურთალომ ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე რომ გაინაღდა უმაღლესის საგზური. პირველი ლიგის დონიდან გამომდინარე, მთლიანობაში, საბურთალოს რეალურ ძალაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. რეალურად რა შეგვიძლია, ეს უმაღლეს ლიგაში გამოჩნდება.

ერთია უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლების მოპოვება და მეორე, იქ სასურველი შედეგის ჩვენება. თან გასათვალისწინებელია, რომ საბურთალო ახალგაზრდული გუნდია და თქვენ ჯერჯერობით როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად გაკლიათ გამოცდილება.

მართალია, გამოცდილება გვაკლია, მაგრამ, სამაგიეროდ,  გვაქვს სხვა პლუსები და ისიც სათქმელია, რომ მთელი გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული იქნება. უმაღლესი ლიგის კლუბებთან არაერთი თამაში ჩავატარეთ და ნამდვილად გვაქვს წარმატების შანსი.

წარმატებაში რას გულისხმობ?

ვფიქრობ, საბურთალოს შეუძლია, პირველივე სეზონში სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დაიმკვიდროს ადგილი.

პირველ ლიგაში შენს ანგარიშზე უკვე 25 გოლია. როგორ ფიქრობ, უმაღლესში რამდენის გატანას შეძლებ და შენი აზრით, ყველაზე მეტად რა მხრივ გაქვს სამუშაო?

იმ შედეგის ჩვენება, რაც პირველ ლიგაში მაქვს, ნამდვილად რთული იქნება, მაგრამ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საბურთალოს ბევრი გოლით შევეშველო. ყველაზე მეტად კი ფიზიკური მომზადების მხრივ მჭირდება ვარჯიში და ასევე სისწრაფეზე ვმუშობ ბევრს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გია ჭიაბრიშვილთან მუშაობა საინტერესო უნდა იყოს.

თამამად ვიტყვი, რომ საბურთალოს წარმატება პირველ რიგში სწორედ ჩვენი მთავარი მწვრთნელის და მთლიანად სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. ჭიაბრიშვილი საინტერესო და პერსპექტიული მწვრთნელია და მასთან მუშაობით ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებთ და ვსწავლობთ, თანაც, ისეთ ფეხბურთს გვათამაშებს, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს.

ახლახან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში უკრაინაში იყავი და ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღე მონაწილეობა.

ეს თამაშები ელიტრაუნდისთვის მოსამზადებლად იყო დაგეგმილი და მწვრთნელებმაც უკეთ ნახეს, რაც აინტერესებდათ. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ამის მიუხედავად, პირველ თამაში 0:0 დასრულდა და საკმაოდ ნორმალურადაც გამოვიყურებოდით. მეორე შეხვედრაში მასპინძლებმა თითქმის სულ სხვა შემადგენლობა დააყენეს და მოგვიგეს, მაგრამ იმ შეხვედრაშიც არაერთხელ შეგვეძლო გატანა. მეც მქონდა ასპროცენტიანი შანსი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენე.

მაისის ბოლოს ჩატარდება ელიტრაუნდი, მართალია, ურთულეს ჯგუფში ვართ ესპანეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან, მაგრამ თამაშები თბილისში გაიმართება და ეს ჩვენს შანსს ზრდის.

გეთანხმებით, ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. ესპანელები და პორტუგალიელები, ტრადიციულად, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და ამას ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ. თურქებსაც საკმაოდ ძლიერი გუნდი ეყოლებათ, მაგრამ, როგორც იტყვიან, საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ესეც დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენთვის. 

მართალია, ჯერ საქართველოს უმაღლეს ლიგაში გაქვს დასამტკიცებელი, მაგრამ, ალბათ, შენც ფიქრობ კარიერის უფრო ძლიერ ჩემპიონატში გაგრძელებაზე და ამ მხრივ რაიმე ვარიანტები ხომ არ არის?

თავიდან იმას ვიტყვი, რომ იმედია, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს უმაღლესი ლიგა ისეთი დონის იქნება, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები წასვლაზე არ იფიქრებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ სხვა რეალობაა. რაც შემეხება მე, წასვლაზე ლაპარაკი ადრეა, რადგან უმაღლეს ლიგაში საბურთალოს მინდა გამოვადგე. ისე, საქართველოს პირველი ლიგიდან პირდაპირ ევროპაში მოხვედრა ძალიან ძნელია.

საინტერესოა, რომელ ევროპულ კლუბს ქომაგობ და შენი ამპლუის ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევ?       

ჩემი საყვარელი გუნდი ბარსელონაა, ფეხბურთელებიდან კი ბარსას შემტევებს გამოვარჩევ:  მესი, ნეიმარი, სუარესი - ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან და მათი თამაშის მანერა არა მხოლოდ მომწონს, არამედ ვცდილობ, მათ მიერ შესრულებული საფეხბურთო ილეთები თამაშის დროს მეც გავიმეორე. 

ალბათ, იმის იმედი გაქვს, რომ თბილისში გასამართ სუპერთასის მატჩში სათამაშოდ სწორედ ბარსელონა გვესტუმრება.

ნებისმიერ შემთხვევაში თბილისში ასეთი შეხვედრის ჩატარება ძალიან კარგია, მაგრამ თუ ბარსელონა ჩამოვა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება.

პაატა ძნელაძე