სიახლეები

ცხადაძის დუბლი, ინტერის საჩემპიონო შანსი

გაუზიარე

კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ინტერმა ბაქოურ დერბიში 4:0 გაანადგურა ნეფთჩი და ჩემპიონობის შანსიც აქვს, რადგან ლიდერმა ყარაბაღმა თავისი მატჩი ვერ მოიგო: ფრედ ითამაშა ხაზართან. 

ახლა ინტერი 6 ქულით ჩამორჩება ყარაბაღს და ერთი მატჩი მარაგში აქვს. და თუ იმ შეხვედრას მოიგებს, სხვაობა 3 ქულა გახდება და ბოლო ტურში, 22 მაისს ინტერი-ყარაბაღია... ასე რომ, თავად განსაჯეთ რამდენად მნიშვნლოვანი მატჩი იქნება, თუ იქამდე სამქულიანი ჩამორჩენა შენარჩუნდება. 

ინტერ-ნეფთჩიში მშვენივრად ითამაშა ბაჩანა ცხადაძემ, რომელმაც დუბლი შეასრულა: ერთი გოლი თავით გაიტანა. ბაჩანას მიმდინარე სეზონში 7 გოლი დაუგროვდა. ის სასტარტოში გახლდათ და 75-ე წუთზე შეცვალეს, როცა უკვე 3:0 იყო. ქართველი ფორვარდი მეკარემ შეცვალა, რადგან ინტერის ძირითადი გოლკიპერი გააძევეს. 

ბოლო წუთზე ნეფთჩიმ პენალტი გააცუდა. ეს პენალტი ალეკო ამისულაშვილის ხელით თამაშისთვის დაინიშნა. აქვე ვთქვათ, რომ ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემაც შეუცვლელად ითამაშეს. 

მოკლედ, ინტერი იგებს და იგებს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ხელფასი ვერ რიგდება – კახა ცხადაძემ ინტერვიუშიც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე კლუბს სპონსორი არ ჰყავს. 

თურქულ სუპერლიგაში ლაშა დვალი გამოჩნდა მინდორზე. ის სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 36-ე წუთზე შეცვალეს. საუბარია,Qესკიშეჰირსფორ-ქასიმფაშას მატჩზე, რომელიც ქასიმფაშამ 1:4 წააგო. დვალის გუნდი მეთერთმეტე ადგილზეა. შეცვლის მიზეზი? ქასიმფაშა 0:2-ს აგებდა და მწვრთნელმა ქართველის ნაცვლად თავდამსხმელი შეიყვანა, ანუ სამმცველიან სისტემაზე გადავიდა. 

რუსეთში ყაზანის რუბინმა კრასნოდარის ყუბანს 1:0 აჯობა და მეხუთე პოზიციაზეა. შოლომონ კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა და კვლავაც საიმედოდ. ქართველმა გაფრთხილებაც მიიღო. რუბინის მეორე ჩვენიანი, მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო.  

პოლონეთის ექსტრაკლასაში რვა გუნდი ცალკე აგრძელებს ერთ წრედ თამაშს, ოღონდ აქამდე მოგროვილი ქულები გაუნახევრდათ. პირველ ტურში იაგელონია 1:1 გაეყარა შლიონსკს და მესამე ადგილზეა. ნიკა ძალამიძემ ბოლო 32 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ფოფხაძე ამჯერად სათადარიგო იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ.     

ილია ნანობაშვილი