სიახლეები

ოქრიაშვილის გადამწყვეტი

გაუზიარე

ბელგიაში გენკმა გასვლაზე 3:2 სძლია ზულტე-ვარეგემს და გადამწყვეტი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. 88-ე წუთი იყო, როცა მასპინძელთა მცველი უხეშად შეცდა, მისგან ქართველს მიუვიდა ბურთი და მანაც ათიოდე მეტრიდან დაბალი დარტყმით გაუტანა მეკარეს. ოქრიაშვილი 56-ე წუთიდან ჩაერთო ამ მატჩში, ხოლო ლუკა ზარანდია განაცხადში არ იყო – ჯერ ბოლომდე მზად არაა სათამაშოდ. გენკზე ვთქვათ, რომ ექვსეულს მიღმა კი არის დარჩენილი, მაგრამ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. 

კვიპროსზე, ზედა ექვსეულში ომონიამ 2:1 აჯობა ანორთოსისს და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი დაიტოვა: ომონია მეოთხეზეა, ხოლო ანორთოსისი მეხუთეზე, მათ შორის სხვაობა 4 ქულაა. გამარჯვებულთა შორის ვერ ითამაშებდა უჩა ლობჟანიძე, რომელიც წინა ტურში გააძევეს. ანორთოსისში კი ირაკლი მაისურაძე არ გამოჩენილა (ტრავმა), ხოლო გიორგი აბურჯანია შეუცვლელად გაისარჯა და გაფრთხილებაც მიიღო. 

ჩეხეთში ლევან ყენიას სლავიამ პრჟიბრამთან სტუმრად 1:2 წააგო და ბოლოდან მესამე ადგილზეა, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ გავარდეს: სამი ტური დარჩა და 6 ქულით უსწრებს ბოლოსწინაადგილოსანს. ყენიამ 77 წუთი ითამაშა, 1:1-ისას შეცვალეს. 

მოლდოვაში დაჩიამ გასვლაზე 1:0 მოუგო ზიმბრუს და ლიდერობს: სამი ქულითU უსწრებს შერიფს. დაჩიაში დავით სირაძე 79-ე წუთიდან ათამაშეს, ხოლო ჯაბა დვალი მინდორზე არ გამოჩენილა.   

ნორვეგიაში სტაბეკმა სტუმრად 2:0 სძლია ვოლერენგას და მეორე ადგილზეა. კარგია, რომ სტაბეკში კვლავაც შეუცვლელად გაისარჯა ნახევარმცველი გიორგი გოროზია – ახალგაზრდა ფეხბურთელს მუდმივი პრაქტიკა აქვს გუნდში, რომელსაც ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი ბობ ბრედლი თავკაცობს. 

უნგრეთში დიორმა შინ 3:2 მოუგო ჰალადაშს და ცხრილის შუაშია. დიორელთა სათადარიგოთა სკამზე გახლდათ გიორგი ქვილითაია, მაგრამ ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს თამშის შანსი არ მისცემია. ცხრილში დიორის მეზობლადაა ნირედიჰაზაც, სადაც ზურაბ არზიანი და დავით დარციმელია არიან. ქართველები უიპეშტთან 2:4 წაგებულ შეხვედრაში გაისარჯნენ: არზიანი სასტარტოში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დარციმელიამ ბოლო 12 წუთი გაატარა მინდორზე. 

ფინეთში ირაკლი სირბილაძის კუპს-მა 1:0 აჯობა ჰიკ-ს, მეოთხე ადგილზეა და პოტენციური ლიდერია: ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს. ლიდერთა ჯგუფში მყოფ სხვა გუნდებს ექვსი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. სირბილაძემ ჰიკ-თან შეუცვლელად ითამაშა. ერთადერთი გოლიც, რომელიც პირველ ტაიმში გავიდა, სწორედ ქართველის პასს მოჰყვა.     

ილია ნანობაშვილი