სიახლეები

ტორპედომ შენგელია გამარჯვებით აღნიშნა [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

ტორპედო-სიონი 1:0

9 მაისი. ქუთაისი. „რამაზ შენგელია“.  800 მაყურებელი

1:0 ვ. კვარაცხელია (89)

ტორპედო: შევჩენკო, ადამაძე, მირცხულავა, იოსელიანი, ზ. ჭელიძე (ბაბუნაშვილი 46), მამასახლისი, ქიმაძე, კლიმიაშვილი,  კირკიტაძე,  ბ. ტუღუში (ვ. კვარაცხელია 55), ზივზივაძე (გოგუაძე 75)

სათადარიგოები:  შეყრილაძე, მახვილაძე, ადამაშვილი, ფუხაევი

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

სიონი: მერლანი, ა. გურეშიძე, ცნობილაძე, მოსემღვდლიშვილი, დ. ფოფხაძე, გოგობერიშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (საჯაია 58),  დ. სიჭინავა (არაუჟო 79), უგულავა (ზვ. ლობჟანიძე 68), ლუის ალბერტო 

სათადარიგოები:  ორთოიძე, ოთარაშვილი, მიქაბერიძე, ჭიკაიძე

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გაფრთხილება: ქიმაძე (36), უგულავა (54), საჯაია (73)

მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს  რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა. საბჭოური პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის (მისი დებიუტი ტორპედოში 16 წლის ასაკში, 1973 წლის 26 ივნისს ოდესის ჩერნომორეცთან გასვლით მატჩში შედგა) მშობლიურ გუნდს პირველი მატჩი ჰქონდა სახელგადარქმეულ არენაზე. ეს ფაქტი, ბუნებრივია,  ტორპედოს თამაშისადმი პასუხისმგებლობას უორმაგებდა. მასპინძლები, უბრალოდ, ვალდებულნი იყვნენ, ისტორიული მოვლენა სათანადო შედეგით აღენიშნათ და შეძლეს კიდეც ამის გაკეთება, ოღონდ აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან გამარჯვება საკმაოდ ძნელად, მატჩის ბოლოსკენ იქნა მოპოვებული.
 თამაში ცვალებად ხასიათს ატარებდა. სადებიუტო ათ წუთში სტუმრები აქტიურად გამოიყურებოდნენ და მცირე უპირატესობასასაც ფლობდნენ. პირველი სახიფათო იერიში მათ განახორციელეს. ჯაბა უგულავამ მარცხენა ფლანგიდან შეუტია და ალექსეი შევჩენკოს კარისკენ დაარტყა, თუმცა ახლო ძელს ააცილა. მერე ინიციატივას ტორპედოელები დაეუფლნენ და სიონს ზედიზედ შეექმნა საფრთხე. მე-13 წუთზე მოედნის ცენტრიდან  ირაკლი კლიმიაშვილის მიერ წამოწყებული შეტევა კარში დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ დაასრულა, მაგრამ მირზა მერლანს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია. მალევე კლიმიაშვილის მიერ ბოლნისელთა საჯარიმოში  კუთხურიდან ჩაწოდებულს გურამ ადამაძემ მაღალ ნახტომში შეაგება თავური და ხარიხას გადააცილა. შემდეგ გივი იოსელიანის ფლანგურ გადაცემას ბექა ტუღუში გამოეხმაურა, საშუალო მანძილიდან შეუჩერებლივ დაარტყა კარში, თუმცა კიპერმა ამ შემთხვევაშიც იმარჯვა.
თანდათან თამაშის ტემპმა იკლო და დაახლოებით 15 წუთი მეტოქეებს საინტერესო არაფერი შეუქმნიათ. მოსაწყენ ბურთაობას დავით კირკიტაძემ დაუსვა წერტილი. მე-40 წუთზე მან ზაზა ჭელიძისგან მიიღო ბურთი და არცთუ შორიდან ძლიერად გაისროლა კარისკენ, სტუმართა კიპერმა შესაშური რეაქცია გამოავლინა და უძნელესი ბურთი კუთხურზე თავგანწირულ ნახტომში გადააგდო. პირველი ტაიმის ბოლოს სიონმა მეტოქის ნახევარზე საჯარიმოს უფლება მოიპოვა. დათა სიჭინავამ დაახლოებით 25 მეტრიდან, თანაც მახვილი კუთხიდან, სახიფათოდ შეასრულა სტანდარტული, მაგრამ ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია, ტორპედოელი მცველის ფეხიდან კუთხურზე ირიკოშეტა.
შესვენებამდე ყურადღება ერთმა ეპიზოდმაც მიიპყრო. 36-ე წუთზე ტორპედოელი გიორგი ქიმაძე მარცხენა ფრთაზე სწრაფი გრძელი რეიდის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შეჭრას ცდილობდაა, მაგრამ ბოლნისელ მცველთან ბრძოლაში წაიქცა. ძნელი სათქმელია, რამდენად სამართლიანად, მაგრამ არბიტრმა ქიმაძე სიმულაციაში დაადანაშაულა და გააფრთხილა...    
მეორე ნახევარისთვის გიორგი დარასელიამ შოთა ბაბუნაშვილი შეუშვა მინდორზე, რაც უმალ დაეტყო მასპინძელთა თამაშს. გამოცდილი პლეიმეკერი პარტნიორებსაც ამარაგებდა ზუსტი პასებით და როგორც კი შანსი მიეცემოდა, მერლანის კარისკენაც ურტყამდა. 53-ე წუთზე  ტორპედოელებს დაწინაურების საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდათ. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ტუღუშმა ზუსტად ჩაუწოდა საჯარიმოში მყოფ კირკიტაძეს, რომელმაც არ დაახანა და ახლოდან თავურით გაგზავნა კარისკენ, მაგრამ მიზანში ვერ მოახვედრა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში ბაბუნაშვილმა ორჯერ გაისროლა საჯარიმოს გარედან - პირველ შემთხვევაში ჩარჩოს მცირედით ააცილა, მეორედ კი ძელი შეაზანზარა. სახიფათო გახლდათ ქიმაძის გარღვევაც, რომელიც მან მარცხენა ფრთიდან განახორციელა და კარის გასწვრივ ჩაწოდებით დაასრულა, თუმც პარტნიორთაგან კარში დასარტყმელად ბურთს ვერავინ მიუსწრო.
ბოლნისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქის ზეწოლას გაუძლეს, მერე ძალა მოიკრიბეს, მასპინძლებს გაბედულად შეუტიეს და ორჯერ სულ ახლო იყვნენ მიზანთან. 68-ე წუთზე დათა სიჭინავას მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ ლუის ალბერტომ თითქოს საგოლედ დაჰკრა თავით , მაგრამ თავისიანები ქიმაძემ იხსნა, კარის ხაზიდან  გამოიტანა ბურთი. მერე იყო და მასპინძლები ალეკო გოგობერიშვილის უძლიერეს დარტყმას გადაურჩნენ - შევჩენკომ მოახერხა ბურთის მოგერიება.
ამის შემდეგ საფინალო სასტვენამდე დარჩენილი მთელი დრო თამაში უკვე ტორპედოელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. 85-ე წუთზე ბაბუნაშვილის გადაცემის შემდეგ ვახტანგ კვარაცხელიამ უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ სიონი  მერლანმა გადაარჩინა, თუმცა   მასპინძლებს მაინც დაუფასდათ გამარჯვებისკენ სწრაფვა. ბაბუნაშვილმა მარცხენა ფრთიდან შეასრულა სტანდარტული, ბურთი ბოლნისელთა საჯარიმოში ჩაახვია, კვარაცხელიამაც იმარჯვა და ზუსტი თავურით ტორპედოს მოაგებინა.

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
მალხაზ ახვლედიანის ფოტო