სიახლეები

სამტრედია თასის ფინალს ელოდება [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

გურია-სამტრედია 3:1

9 მაისი. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 2 500 მაყურებელი

1:0 ისიანი (18),  2:0 ზოზულია (44), 2:1 ზოზულია (53 ს.კ.), 3:1 შეველი (90)   

გურია: თებიძე, ზოზულია, გოგიაშვილი (ღაღანიძე 85), ჭეიშვილი, მჭედლიშვილი, ბენაშვილი, ინგოროყვა, მოსიაშვილი (შეველი 83), კოშკაძე, წილოსანი (კონოვალოვი 89), ისიანი

სათადარიგოები: გოგუაძე, მათიაშვილი, რეხვიაშვილი, გაბრიჩიძე

მწვრთნელი: გიგლა იმნაძე

სამტრედია: თევდორაძე, თედორე გრიგალაშვილი, შალიკაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, კვირკველია, შარიქაძე, გორგიაშვილი (კაპანაძე 68), იაშვილი, გ. თევზაძე (გეწაძე 46), ა. გურული (დოლიძე 46), გაბედავა   

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ბეჭვაია, დ. ბოლქვაძე, ი. კერძევაძე   

მწვრთნელი:  ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: მჭედლიშვილი (49), შალიკაშვილი (56), ბენაშვილი (57), თორნიკე გრიგალაშვილი (76)   

მსაჯი: ჯენერი ხორავა

განსხვავებული მიზნებით შეხვდნენ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას მეტოქენი. გურულთათვის სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა მათ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ გასულ ტურში ზუგდიდლებთან დიდი ანგარიშით (5:0) იმარჯვეს და ხასიათი გამოიკეთეს. რაც შეეხება სამტრედიელებს, ბოლო ორ შეხვედრაში მათ მხოლოდ თითო-თითო ქულის აღება მოახერხეს, მეოთხე ადგილი ცხინვალს დაუთმეს და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დააყენეს. იმერლებს იქ მოხვედრა ახლა მხოლოდ თასის აღებით შეუძლიათ, ამისთვის კი მათ 26 მაისის ფინალურ შეხვედრაში თბილისის დინამო უნდა დაამარცხონ. 
შეხვედრას მეტოქენი დანაკლისით შეხვდნენ. სამტრედიელებს ტრავმირებული ლევან კაკუბავა და დისკვალიფიცირებული ზურაბ ხიზანიშვილი ვერ ეხმარებოდნენ. იგივე მიზეზით მასპინძლები ერეკლე კილაძესა და კობა შალამბერიძეს მოისაკლისებდნენ.
შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და ,,ევგრაფი შევარდნაძეზე” შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა გახსნილი, სახიფათო ეპიზოდებით დატვირთული, ლაღი ფეხბურთი იხილა.
პირველად სტუმრებმა შეუტიეს. გაბედავა ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან დაეუფლა და ძლიერად დაარტყა განახორციელა, თუმცა მიზანს ააცილა. მერე იმერლებს დაწინაურება შეეძლოთ. კომბინაცია იაშვილმა წამოიწყო და მარცხენა ფლანგზე შეტევაში გიორგი თევზაძე ჩართო, რომელმაც თავის მხრივ კარგი გადაცემით სანდრო გურული თებიძეს პირისპირ შეჰყარა. საბოლოოდ, გურულთა კიპერმა იმარჯვა და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა. 
მასპინძელთა საპასუხო იერიში კი შედეგიანი გამოდგა. კოშკაძემ გამოზომილი გადაცემით საჯარიმოში მყოფი ისიანი მოძებნა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული თევდორაძემ მოიგერია. დამატებაზე ისევ ვილიმ იმარჯვა, ყველას დაასწრო და სამტრედიელთა კარის ბადე შეარხია - 1:0.
ტაიმის შუაწელს გურულებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. მოედნის ცენტრიდან დაძრულმა ბენაშვილმა კარში დარტყმა გადაწყვიტა და საკმაოდ შორიდან ძლიერად დააქუხა. თევდორაძისთვის დარტყმა მოულოდნელი აღმოჩნდა და ბურთის მუშტებით მოგერიება გაჭირვებით მოახერხა.
ნახევარი საათის მიწურულს სტუმართა შეტევისას მოვლენების ეპიცენტრში სანდრო გურული აღმოჩნდა. თანაგუნდელებმა იგი მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ ამჯერადაც თებიძემ იყოჩაღა. მან კარი დროულად დატოვა და მომხვდურს ბურთთან ერთი წამით მიასწრო. 
ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს. გოლი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოჰყვა. კოშკაძის ჩაწოდებულ საჯარიმოზე ყველას შორეულ ძელთან მყოფმა ზოზულიამ დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით თევდორაძეს კარის გადარჩენის არავითარი შანსი არ დაუტოვა - 2:0.
მეორე ნახევარში სტუმართა დამრიგებელმა ზაზა ზამთარაძემ ცვლილებებს მიმართა და მოედანზე დოლიძე და გეწაძე შეიყვანა. სამტრედიელები ამის შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშდნენ. სწორედ გეწაძის აქტიურობას მოჰყვა ის ერთადერთი გოლი, რომელიც იმერლებმა 53-ე წუთზე გაიტანეს. გეწაძემ მარცხენა ფლანგზე თავისი მეურვე სისწრაფეში დაჯაბნა და გურულთა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც ზოზულიას ბურთი ფეხზე აეჭრა, მიმართულება იცვალა და თებიძე უსაქმოდ დატოვა - 2:1. 
სხვაობის მინიმუმამდე შემცირების მიუხედავად, გურულებმა ღია ფეხბურთის თამაში განაგრძეს. სახიფათო მომენტები ორივე კართან მრავლად იქმნებოდა. 63-წუთზე მასპინძელთა შეტევის შემდეგ სამტრედიელთა მოგერიებულ ბურთს ინგოროყვა დაეუფლა და დაახლოებით 30 მეტრიდან შეუჩერებელი დარტყმით სტუმართა კარის ხარიხა შეაზანზარა. 
ამის შემდეგ სამტრედიელებმა კიდევ ერთი ცვლილება განახორციელეს და მინდორზე კაპანაძის გამოსვლით შეტევა უფრო გააძლიერეს. იმერელთა ფორვარდმა თამაშში ჩართვიდან ორ წუთში საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მასპინძელთა გასახარად, ბურთი კარის ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე სამტრედიელებმა ვეღარ ივარგეს.
საპასუხო შეტევაში თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობა ჭეიშვილს ჰქონდა, თუმცა მახვილი კუთხიდან მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო.
შეხვედრის ბოლოსკენ ანგარიშის გათანაბრების შანსი იაშვილს მიეცა, მაგრამ მისი სახიფათო საჯარიმო ოდნავ ასცდა კარის ჩარჩოს. სტუმრები მიზანთან ყველაზე ახლოს 85-ე წუთზე იყვნენ. სამტრედიელთა ვეტერანმა ამჯერად ასისტენტობა გასწია და ტექნიკური გადაცემით კაპანაძე საგოლე პოზიციაში გაიყვანა, რომლის დარტყმა თებიძემ აკრობატულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია.
არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში, მასირებულ იერიშზე გადასულ სტუმრებს გურულთა კონტრშეტევა გაეპარათ. თავი შეცვლაზე შესულმა შეველმა გამოიჩინა. უკრაინელმა ლეგიონერმა თანაგუნდელების წამოწყებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ირაკლი ქავთარაძე ლანჩხუთიდან