სიახლეები

ლიდერმა მდევარი ჩამოიტოვა [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

დილა-კოლხეთი 1:0

9 მაისი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”. 

1:0 მოდებაძე (46)

დილა: მიგინეიშვილი, ბაგაევი, ხიდეშელი (ჯაფარიძე 46), კვახაძე, ხურცილავა, გვალია, რაზმაძე (ძარია 78), კვეკვესკირი, გორელიშვილი, ერისთავი (ფალავანდიშვილი 84), მოდებაძე  

სათადარიგოები: სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, თექთურმანიძე, სეთურიძე 

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი 

კოლხეთი: სეფიაშვილი, თევზაძე, ლემონჯავა (კაკულია 86), ჩაკვეტაძე, ბარამიძე, გოგონაია, გურეშიძე, ჟიშკარიანი, შენგელია (ქორჩილავა 60), სიჭინავა (ამბროლაძე 68)

სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, სარსანია, გუგუშვილი

მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გაფრთხილება: ლემონჯავა (23), გვალია (74), გოგონაია (85) 

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო

გორის დილამ არცთუ იოლად, მაგრამ დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა და უშუალო კონკურენტების ყაიმის გამო სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ამ მატჩში გორული გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ირაკლი ძარიას, რომელიც ზამთარში ჩაირიცხა კლუბში, მაგრამ ტრავმის გამო აქამდე ვერ ეხმარებოდა თანაგუნდელებს საჩემპიონო ბრძოლაში. ტრავმისავე მიზეზით გარკვეული ხნის გაცდენის შემდეგ, დილას რიგებში დაბრუნდა გიორგი ხიდეშელი, რომელსაც ალექსანდრე კვახაძე და ალან ბაგაევი ჰყავდა დაცვის ცენტრში შეწყვილებული. დილა პირველ ტაიმში უკანა ხაზზე ამ სამეულით, გამოკვეთილად შემტევი ტაქტიკით ასპარეზობდა. დაცვითი თამაშით არც კოლხეთს გამოუდვია თავი. სტუმრები მოწინააღმდეგეს შეტევებისას საჯარიმოს წინ ხვდებოდნენ, მოქმედების არეალს უზღუდავდნენ და კონტრშეტევაზეც ხშირად გადადიოდნენ. 
13-ე წუთზე მცველის შეცდომით ისარგებლა ნიკა სიჭინავამ, მოედნის ცენტრში მოპოვებული ბურთით მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლოს უკნიდან წამოწეულმა ხიდეშელმა არ დაატყმევინა. ოთხ წუთში ზუსტად საჯარიმოს ხაზზე დანიშნული თავისუფალი დარტყმა ვერ გამოიყენეს კოლხებმა. საპირისპირო კართან კი ნიკოლოზ კვეკვესკირის კუთხურის შედეგად შექმნილი ხელსაყრელი ეპიზოდი გოლად ვერ აქცია კვახაძემ. შესვენებამდე კიდევ გიორგი ერისთავის შორეული უძლიერესი დარტყმული იყო გამოსარჩევი, თუმცა მცირედით აცდა მიზანს. ამ ფეხბურთელის კარგი თამაშიც უნდა გამოვარჩიოთ - შეტევის მარჯვენა ფრთიდან ერისთავმა არაერთხელ შეუქმნა ხიფათი მეტოქე გოლკიპერს და რამდენჯერმე შორიდანაც სცადა წარმატების მიღწევა. ყველაზე უკეთ კი ეს მეორე ტაიმის მიწურულს გამოუვიდა, როდესაც დაახლოებით 30 მეტრიდან გასროლილი ხარიხას გაარტყა. 
შესვენების შემდეგ დილა კიდევ უფრო ენერგიულად უტევდა, თუმცა ამაში სწრაფმა გოლმაც ითამაშა დიდი როლი. შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე - ერისთავის ჩამოწოდებული კარგად ვერ მოიგერია სტუმართა მცველმა და მოდებაძემ ორი მეტრიდან იოლად დალაშქრა კონსტანტინე სეფიაშვილის კარი. 
ანგარიშის გახსნიდან მალევე ერისთავის სწრაფი სოლორეიდი უნდა დასრულებულიყო მასპინძელთათვის კარგად, მაგრამ გიორგიმ მაქსიმალურად ახლოდან დარტყმა გადაწყვიტა და ამასობაში წამოწეულმა მცველმა აართვა ბურთი. დარჩენილმა დრომაც ორმხრივ იერიშებში ჩაიარა. ფოთელები ცდილობდნენ ფრისთვის გამოეკრათ ხელი, ხოლო მასპინძლებს მინიმალური ანაგრიშით წინ გასვლა არ აკმაყოფილებდათ და დასამშვიდებლად კიდევ ცდილობდნენ გატანას. ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურების შანსი ჰქონდა მოდებაძეს, თუმცა ირაკლიმ სეფიაშვილს ვერ აჯობა. ბოლოს განხორციელებული შეცვლებით უჩა სოსიაშვილმა ნახევარდაცვის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა და დილამ მატჩი დამსახურებულ გამარჯვებამდე მიიყვანა.  

დაჩი ნაპირელი გორიდან