სიახლეები

ფრე დილას სასარგებლოდ [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

დინამო ბათუმი - დინამო თბილისი 0:0

9 მაისი. ქობულეთი, ჩელე არენა, უმაყურებლოდ.

დინამო ბთ: მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, მგელაძე, გოგიტიძე (ვარშანიძე 84), შონია, თევდორაძე (ჭკუასელი 75), ქავთარაძე, ტატანაშვილი (აბუსელიძე 89), ბერიაშვილი

სათადარიგოები: შოვნაძე, მუჯირი, მაკარიანი, ქორიძე.

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

დინამო თბ: დაუშვილი, ტაბატაძე (კაკაბაძე 31), რენე ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჯიღაური (ს. ლობჟანიძე 59), მანუელი (ჩირგაძე 69), კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი

სათადარიგოები: ჰრლდიჩკა, ბუკორაცი, ჯანელიძე, ვოლკოვი

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გაფრთხილება: თოთაძე (60)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
                                           
                                            
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა, ჩემპიონის ვინაობა კი ჯერაც უცნობია. „ჩელე არენაზე“ ორი დინამოს დაპირისპირებაში დაფიქსირებულმა  რეზულტატმა თითქოს გორის დილას საჩემპიონო წისქვილზე დაასხა წყალი, მაგრამ უმაღლესი ლიგის წლევანელი გათამაშება იმდენად დაძაბულად წარიმართა, რომ გადაწყვეტილად ვერაფერს იტყვი. 
ბათუმისა და თბილისის დინამოების შეხვედრას როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ქართული ფეხბურთის ქომაგთა ყურადღება სწორედ ქობულეთში იყო კონცეტრირებული. გულდასაწყვეტია, რომ სანქციების გამო ამ საფეხბურთო ზეიმზე დასწრება ვერც ერთი გუნდის გულშემატკივარმა ვერ შეძლო. კიდევ კარგი, მატჩის პირდაპირი ტრანსლიაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის ეთერში გადაიცემოდა. 
რამდენიმე ასეულმა ქომაგმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოიყარა თავი და სხვადსხვა შენობების სახურავებზე განთავსდა. საკუთრივ მატჩი ისტორიულმა მეტოქეებმა დაზვერვით დაიწყეს. ბათუმელებს ბოლო პერიოდში ჩინებულად მოთამაშე მეკარე მიხეილ ალავიძე აკლდათ,  მას მხრის ტრავმა აწუხებს. მასპინძლებს ასევე ვერ ეხმარებოდა ნიკა დიასამიძე, რომელიც ამ მომენტისთვის თბილისის დინამოს საკუთრებაა და კონტრაქტის მიხედვით, დედაქალაქელთა წინააღმდეგ თამაში ეკრძალება. საწყის წუთებში კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა კუთხურების კასკადი მოაწყვეს, მაგრამ მათ მცდელობას მეტოქის საჯარიმოში ხიფათი არ მოყოლია. მასპინძელთა საპასუხო სტანდარტულს კი ტატანაშვილის დარტყმა მოჰყვა, ბათუმელთა შემტევს დარტყმა არ გამოუვიდა. მალევე თბილისის დინამოს კარის მიმართულებით კიდევ ერთი სტანდარტული დაინიშნა, თევდორაძის ჩამოწოდებულს გოგიტიძის თავური მოჰყვა,  ბურთი ხარიხას დიდი მანძლით აცდა. 
მე-10 წუთზე ზღვისპირელთა კარის დარაჯი კიტეიშვლმა შეამოწმა, შორი მანძლიდან დარტყმულის აღება მამინაშვილს არ გასჭირვებია. სტუმართა მომდევნო შეტევას ისევ კიტეიშვილი აგვირგვინებდა, თბილისელთა მე-13 ნომერი მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გასცდა და მახვილი კუთხიდან კარში დარტყმა გადაწყვიტა, მამინაშვილმა ამ ეპიზოდშიც უშეცდომოდ ითამაშა. ბათუმელების საპასუხო კონტრიერიშის დროს ქავთარაძეს შეეძლო თამაშის გამწვავება, მან კარში დარტყმას გადაცემის გაკეთება არჩია, თუმცა ჩანაფიქრს მეტოქის მცველები მიუხვდნენ და სიტუაცია განმუხტეს. მე-18 წუთზე დედაქალაქელებმა გოლის გატანის კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან - მარჯვენა ფლანგზე ტაბატაძემ იაქტიურა და ოთარ კიტეიშვილს გამიზნული გადაცემა გაუკეთა, რომელიც დაახლოებით 8 მეტრიდან ურტყამდა, მამინაშვილმა სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 
მომდევნო წუთებში მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, მოედნის ცენტრში თამაშს ბათუმის დინამოს ფეხბურთელები აკონტროლებდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, დედაქალაქელების კონტრშეტევებს კი სიმწვავე აკლდა. აღსანიშნავია, რომ დაძაბულობის მიუხედავად შეხვედრა კორექტული აღმოჩნდა. 28 წუთზე თბილისური გუნდის მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძე უეცრად  შესაცვლელი შეიქნა, მიზეზი ჩელე არენის ხელოვნურსაფარიანი მინდორი გახლავთ. გოგიჩაიშვილმა მის ნაცვლად თამაშში კაკაბაძე ჩართო.  
33-ე წუთზე უკვე ლევან ხომერიკის შეგირდებს შეეძლოთ ტაბლოზე ანგარიშის შეცვლა, გიორგი ქავთარაძემ მარჯვენა ფლანგზე ერთბაშად რამდენიმე მეტოქეს აურა გვერდი და კარშიც დაარტყა, მის დარტყმულს ცინცაძე გადაეფარა, ბურთი საჯარიმოს გარეთ მყოფ გოგიტიძეს მიუვიდა, ბათუმელთა ნახევარცველმა შეუჩერებლად გაისროლა, დაუშვილი ბურთს ნახტომში დაეუფლა. ტაიმის ბოლოს თბილისელთა საჯარიმოსთან ერთმანეთს შონია და ცინცაძე შეეჯახნენ,  სახიფათო სტანდარტი სტუმართა კარის მიმართულებით დაინიშნა, საჯარიმო დაზარალებულმა შონიამ შეასრულა, მისი გასროლა კედელში მდგარ ფეხბურთელს შეეხო და კუთხურზე გადავიდა, ბათუმელებმა ვერც კუთხურიდან შეძლეს რეალური სახიფათო მომენტის შექმნა. 
მეორე ტაიმის საწყისი წუთებიც ანალოგიური სცენარით წარიმართა, სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ მაგრამ ტექნიკური წუნი როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის თამაშს ეტყობოდა. 57-ე წუთზე სტუმართა მცველებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთის ამოტანა დროულად ვერ მოახერხეს, ზღვიპირელებმა მცირე პრესინგს მიმართეს, შექმნილი ვითარებით გელა გოგიტიძემ ისარგებლა, ბათუმელთა მე-6 ნომერი ძალზედ შორი მანძილიდან ცარიელ კარში ურტყამდა, რადგან დაუშვილს საკუთარი კარი მიეტოვებინა,  მისთვის საბედნიეროდ გოგიტიძეს დარტყმა არ გამოუვიდა, ბურთი მიზანს დიდი მანძილით ასცდა. მალევე მოედანზე ახლად შემოსულ ლობჟანიძეს ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, მარცხენა ფლანგზე განვითარებული იერიშის შემდეგ სტუმართა ფეხბურთელი საჯარიმოში შეიჭრა და ბურთს შორეულ ძელთან გზავნიდა. რომ არა სუხიაშვილის კარგი თამაში, არავინ იცის,  ეპიზოდი როგორ დასრულდებოდა. 
ამის შემდეგ თბილისის დინამო შეტევაში დიდი ძალებით გადავიდა და კინაღამ დაისაჯა. ბათუმელთა საჯრიმოს მისადგომებთან კიტეიშვილი წაიქცა, მსაჯმა თამაში არ შეაჩერა, ბექა მახარაძემ მიკროდრიბლინგით  მოედნის საკუთარი ნახევარი გადაკვეთა და სიჩქარეაკრეფილ ბერიაშვილს ჩინებული გადაცემა გაუკეთა, ეს უკანასკნელი საჯარიმოში შევიდა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ეპიზოდი კარგად წაიკითხა ლაშა თოთაძემ, თბილისელთა კაპიტანი ბერიაშვილს ფეხდაფეხ მიჰყვა და ბოლო მომენტში მის დარტყმულს გადაეღობა. თბილისელთა საპასუხო იერიშს აქტიური ლობჟანიძე ასრულებდა, მისი დარტყმული მამინაშვილს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. 
ბოლო 10  წუთში თამაში საბოლოოდ გაიხსნა, ორივე გუნდი ერთნაირი მონდომებით უტევდა, იყო ეპიზოდი, როცა შეცვლაზე შემოსულ ტატო აბუსელიძეს შეეძლო სანატრელი სამი ქულის მოტანა მასპინძელთათვის, მაგრამ ბათუმელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, ხარიტონაშვილს საფინალო სასტვენმა ტაბლოზე უგოლო ფრე დააფიქსირა.
შედეგით ყველაზე მეტად გორის დილამ იხეირა, ორივე დინამოს ჩემპიონობის თეორიული შანსებიღა შერჩა. უფრო ახლოს გორელებთან ბათუმური დინამოა, მაგრამ გუნდისთვის, რომელიც უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდა ურიგო არც ვერცხლის მედლები და ევროტურნირებზე ასპარეზობა უნდა იყოს. მეორე პოზიციის შენარჩუნებისთვის ბათუმის დინამო კიდევ ორ მატჩში უნდა გაისარჯოს. ბათუმელი ქომაგი ამ ყველაფერს ათწლეულების განმავლობაში გახლდათ მოკლებული და მატჩის საფინალო სასტვენს ისინი კედლებს მიღმა, ანთებული პეტარდებით შეხვდნენ. 

ბესი ჩიბურდანიძე ქობულეთიდან