სიახლეები

გოლი, რომელმაც ქინქლაძე გაგვახსენა [ვიდეო]

გაუზიარე

ჰოლანდიის ერედივიზიონის ბოლოსწინა ტურის დასკვნითი მატჩი როტერდამში გაიმართა. ადგილობრივმა ფეიენოორდმა ჩვენიანების ვიტესს უმასპინძლა და 1:4 განადგურდა. მასპინძელთა რბევას სათავე ვაკო ყაზაიშვილმა დაუდო – ვიტესის შუახაზელმა დრიბლინგი ლამის ცენტრიდან დაიწყო, საჯარიმო მოედანს მიახლოებულმა კი ფეიენოორდის წინ გამოსულ მეკარე კენეტ ვერმეერს გოლი ეფექტური მოჭრილი დარტყმით გაუტანა. ეს გოლი რაღაცით წააგავდა გიორგი ქინქლაძის გოლს, რომელიც მან უელსის ნაკრების მეკარე ნევილ საუთჰოლს კარდიფში თამაშისას გაუტანა. როტერდამში პირველი ტაიმი სტუმრებმა 3:1 მოიგეს, რასაც მატჩის მიწურულს ერთი გოლიც წაამატეს. 

როტერდამული მატჩი საიუბილეო იყო არნემელთა კაპიტან გურამ კაშიასთვის _ მან ვიტესის მაისურით 150-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ამ ფაქტის აღსანიშნად კი ქართველმა ფეხბურთელმა სპეციალური სამკლავური დაამზადებინა, რომელზეც ყველა იმ ფეხბურთელის გვარი დააწერინა, რომლებიც ამ 150 თამაშის განმავლობაში მისი თანაგუნდელები იყვნენ.

ლევან ჯანეზაშვილი