სიახლეები

მარცვალაძე დილას ადასტურებს და ნაკრებისთვის დროს ითხოვს

გაუზიარე
ტოსნოდან წამოსვლის შემდეგ, ოთარ მარცვალაძე ფორმას ინდივიდუალური ვარჯიშით ინარჩუნებს და როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, სავარაუდოდ, კარიერას გორის დილაში გააგრძელებს.

ოთარ მარცვალაძეს გუშინ შევეხმიანეთ...

თავიდან ტოსნოდან წამოსვლის შესაებ გვითხარი. ვიცით, რომ ეს ლეგიონერებზე ლიმიტის გამო მოხდა, მაგრამ მაინც გასაკვირი იყო კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება.

გასაკვირი ნამდვილად იყო. მათ შეეძლოთ, უფრო ადრე დამლაპარაკებოდნენ ამ საკითხზე და მაშინ მარტივად გადავიდოდი სხვა გუნდში. ახლა კი გუნდის დატოვება მაშინ მომიწია, როდესაც მეორე წრე მიმდინარეობდა და ბუნებრივია, ვერცერთ გუნდს ვეღარ შევუერთდებოდი.

სათამაშო ფორმას როგორ ინარჩუნებ?

ინდივიდუალურად, ინტენსიურად ვვარჯიშობ. დავრბივარ, მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობ, მაგრამ ცხადია, ეს ვერ შეედრება გუნდთან ერთად ვარჯიშს.

როგორც ვიცით, შენი გადაბირებით გორის დილაა დაინტერესებული. ლაპარაკი მხოლოდ ევროთასებზეა თუ უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობაზე?

ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია, ინტერესი არის და მეც მსურს, ამ გუნდში თამაში, მაგრამ ჯერ დაველოდოთ სეზონის დასრულებას და ამის შემდეგ გაირკვევა ყველაფერი. დეტალებზე ახლა ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერჯერობით კონკრეტულზე არაფერზე შევთანხმებულვართ. 

სანამ ტოსნოში გადახვიდოდი, დინამოში თამაშისას საქართველოს ჩემპიონი გახდი, მაგრამ ტოსნოს მსგავსად, დინამოც მოულოდნელად დატოვე...

ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშეთ წარუმატებლად და გუნდის ხელმძღვანელობამაც კლუბში სერიოზული ცვლილებები განახორციელა. ყველაფერი მშვიდად მოხდა, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე დავშორდი დინამოს.

ცხრა წლის წინ ვიტ ჯორჯიას ღირსებას იცავდი, როგორ ფიქრობ, ჩვენი ჩემპიონატის დონე საითკენ მიდის?

ადრე უფრო ძლიერი ჩემპიონატი იყო, მაგრამ ახლა რომ დაძაბულობაა, ფაქტია. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და პირველი ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის, ასეთი დაძაბულობა კი ბუნებრივია, დონის ამაღლებას ხელს შეუწყობს.

როდესაც ვიტ ჯორჯიადან კიევის დინამოში გადახვედი, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელად ითვლებოდი და ყველას გვქონდა იმედი, რომ გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშებდი.

ამის იმედი ბუნებრივია, მეც მქონდა და ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი. გადამწყვეტი ალბათ ის აღმოჩნდა, რომ კარიერის განმავლობაში არაერთი ტრავმა მქონდა და ამან სერიოზულად უკან დამწია, გარდა ამისა, ალბათ იყო სხვა მიზეზებიც, მაგრამ დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ და კვლავინდებურად ძველებური შემართებით ვაგრძელებ ვარჯიშს. დარწმუნებული ვარ, ჩემს სიტყვას კიდევ ვიტყვი.

კახა ცხადაძემ თავდაპირველად გაფართოებულ შემადგენლობაში დაგასახელა. მართალია, სანაკრებო შეკრებაზე ვერ მოხვდი, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გაკვირდება...

ცხადაძესთან არასდროს მიმუშავია, მაგრამ მის მიერ ნაჩვენები შედეგები კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა დონის სპეციალისტმა ჩაიბარა ნაკრები. ახლა, მთავარია მას შესაბამისი დრო მიეცეს იმისთვის, რომ ნაკრების თამაში დააყენოს და ამ შემადგენლობას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, წარმატებას რომ მიაღწიოს.

მალტასთან და გერმანიასთან ჩატარებულ შეხვედრებზე რას იტყვი?

მალტელებს ყველა ასპექტში ვაჯობეთ და დამსახურებულადაც მოვიგეთ, ეგაა, გოლის გატანა დაგვიგვიანდა. რაც შეეხება გერმანელებთან შეხვედრას, მათ ბრაზილიას მოუგეს 7:1 და ჩვენ რომ დაგვამარცხეს, გასაკვირი არაა. მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული გუნდის თამაშში ბევრი სიახლე იყო, მაგალითად, ვცდილობდით ბურთის დაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს ვეთამაშებოდით, მაინც გვქონდა მცდელობა, რომ შედარებით მეტი დრო გაგვეტარებინა შეტევაში და ეს ყოველივე მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ამ ნაკრებს პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

პაატა ძნელაძე