სიახლეები

შოთა არველაძემ აიაქსს სასამართლო მოუგო

გაუზიარე

შოთა არველაძის, ამსტერდამის აიაქსსა და ჰოლანდიურ მართლმსაჯულებას შორის 1999 წელს დაწყებული დავა გუშინ ქართველი მწვრთნელის გამარჯვებით დასრულდა!

მოკლედ შეგახსენებთ ამ 16-წლიანი საქმის არსს: მოგეხსენებათ, შოთა არველაძე 1997 წლის ზაფხულში თბილისის დინამოდან აიაქსში გადავიდა. შოთა თავისი მაღალი საფეხბურთო კლასით უმალ აალაპარაკა საფეხბურთო ჰოლანდია. მალევე კი აიაქსის ასეთი წარმატებული ტრანსფერით ჰოლანდილი სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ. მათ კარგად შეისწავლეს შოთას აიაქსში გადასვლის დეტალები და აღმოაჩინეს, რომ ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტს ის თანხა აკლდა, რაც ქვეყანას შოთა არველაძის აიაქსში გადასვლის შემდეგ ერგებოდა. სამოქალაქო საქმე 1999 წელს აღიძრა, რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. მოსამართლემ ბოლოს აიაქსი გაამტყუნა და ამ სახელოვან კლუბს ბიუჯეტის სასარგებლოდ რამდენიმე მილიონის გადახდა დააკისრა. 

ამსტერდამული კლუბის ბოსებს რისი იმედი ჰქონდათ ვერ გეტყვით, თუმცა კი სასამართლოს ვედიქტიდან რამდენიმე დღეში მათ სასამართლოში სარჩელი უკვე შოთა არველაძის წინააღმდეგ შეტანეს, აქაოდა, სატრანსფერო თანხის ბეგარა ჰოლანდიის ბიუჯეტში ფეხბურთელს უნდა გადაეხადაო. არველაძე - აიაქსის საქმეც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, ბოლო სიტყვა, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, მოსამართლემ გუშინ თქვა და საქმეში ამჯერადაც კლუბი გაამტყუნა. 

კობა ინასარიძე