სიახლეები

გიორგი პაპუნაშვილი : სამწუხაროდ, ჩემპიონები ვერ გავხდებით

გაუზიარე

მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის ლიდერი და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილია. 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ზამთარში, 2014 წლის საუკეთსო ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო, წელს კი მასზე გაცემულ ავანსებს ამართლებს და ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მოლოდ ირაკლი მოდებაძეს ჩამორჩება. პაპუნაშვილმა დინამოს მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში 11 გოლი გაიტანა და დეკემბერში, თბილისური კლუბიდან ესპანელი ჩისკოს წასვლის შემდეგ, წინა ხაზის ლიდერიც გახდა- კარგი ტექნიკა, სისწრაფე, ძლიერი დარტყმა და ცივსიხლიანობა, ეს ის თვისებებია, რომლებიც პაპუნაშვილს მოედანზე გამოარჩევს.

ბოლო პერიოდში დინამოს წარუმატებელ თამაშზე, კარიერის უცხოეში შესაძლო გაგრძელებასა და მოახლოებულ თასის ფინალზე სასაუბროდ სწორედ მას დავუკავშირდით. ინტერვიუ ბოლო ტურში, ბათუმის დინამოსთან  თამაშის შეფასებით დავიწყეთ

ბათუმის დინამოსთან თამაში მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბათუმელები 2 ქულით გვისწრებდნენ და სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ არიან. ისე მოხდა, რომ ვერ მოვიგეთ, ამ შედეგით კი ყველაზე მეტად გორის დილამ ისარგებლა და თავისი თამაში მოიგო.

ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩიდან 3 ვერ მოიგეთ. როგორ ფიქრობ, კიდევ აქვს დინამოს რეალური შანსი, ჩემპიონობა რომ შეინარჩუნოს?

სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ სეზონში ჩვენთვის ჩემპიონობაზე ფიქრი დასრულდა.

შენი აზრით, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დინამოს ასე გაუჭირდა? რა დაგაკლდათ ყველაზე მეტად...

მთავარი მიზეზი უპირველესად, ჩვენი ახალგაზრდული გუნდია. ზოგიერთ ფეხბურთელს წელს პირველად უწევს უმაღლეს ლიგაშ თამაში. ერთი წელიც არაა, რაც ერთად ვართ და ამასთან, ზაფხულში მწვრთნელიც შეიცვალა. ასეთ დროს რმატების მისაღწევად გუნდს დრო სჭირდება. შეიძლება აგრეთვე სხვადასხვა მიზეზებზე საუბარი, თუმცა ყველაზე მეტად გორის დილასთან საშინაო მატჩს გამოვარჩევდი, სადაც 2 ქულა დავკარგეთ და 2:2 ვითამაშეთ. ვფიქრობ, იმ თამაშმა ბევრი რამ გადაწყვიტა.

ერთია შედეგი, მეორე- სანახაობრივი მხარე. თავად თუ მოგწონს, რა ფეხბურთსაც დინამო თამაშობს?

იყო გარკვეული თამაშები, რომელიც გუნდმა ჩააგდო, მაგრამ მთლიანობაში სანახაობრივი თვალსაზრისით ყველაფერი კარგად არის. ყოველი თამაშის შემდეგ ვარჩევთ მოედანზე გუნდის და კონკრეტული ფეხბურთელების ქმედებებს, იყო თამაშები, სადაც 1000-მდე პასი გავაკეთეთ და მთელი მატჩის მანძილზე ვდომინირებდით.

საკუთარ თამაშზე რას იტყვი? დინამოდან ჩისკოს წასვლის შემდეგ, გუნდის ბომბარდირის და შეტევაში ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე აიღე, კმაყოფილი ხარ?

ვფიქრობ, წარმატებული სეზონი მაქვს და ეს ყვეალფერი, პირველ რიგში ჩემი გუნდელების და დინამოს მწვრთნელების დამსახურებაა. რაც შეეხება ბომბარდირობას, რომ არა ტრავმა და ამ მიზეზით რამდენიმე თამაშის გამოტოვება, გაცილებით უკეთესი შედეგი მექნებოდა. მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ და სეზონის დასრულებამდე შედეგის გაუმჯობესება ჯერ კიდევ შემიძლია.

ზოგადად, ჩემპიონატის დონეზე რას იტყვი? შენთვის უმაღლეს ლიგაში ეს სეზონი პირველი არ არის, გაამართლა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა?

რაც შეეხება ჩემპიონატს, ვფიქრობ, საქმე ცოტა რთულად არის. არიან გუნდები, სადაც წყლის, განათების და ელემენტარული პრობლემებია, ასეთ ფონზე კი გუნდების რაოდენობის გაზრდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

26 მაისს, სამტრედიასთან თასის ფინალი გელით. ჩემპიონატში მათ ორივე მატჩში მოუგეთ, მაგრამ ფინალი სამტრედიისთვის გადამწყვეტია, რადგან ტიტულის გარდა, სასწორზე ევროპის ლიგის საგზურიც დევს. რა შანსი აქვს დინამოს გამოცდილი ფეხბურელების წინააღმდეგ?

სამტრედიას ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ყველაფერს ვიღონებთ ფინალის მოსაგებად. შარშან დეკემბერში საქართველოს სუპერთასი მოვიგეთ და ვინაიდან წელს, ეროვნულ ჩემპიონატში პირველობის მხოლოდ თეორიული შანსი გვაქვს, საქართველოს თასი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა სეზონი ერთი ტიტულით მაინც დავასრულოთ.

ბოლოხანს, შენი კვიპროსულ ანორთოსისში გადასვლის თემა აქტუალურია. გაქვს თუ არა რეალური შემოთავაზება და რამდენად რეალურია, სეზონის დასრულების შემდეგ შენი დინამოდან წასვლა? როგორც ცნობილია, ამ ტრანსფერს კლუბის პრეზიდენტი, რომან ფიფიაც ეწინააღმდეგება...

რომელი ფეხბურთელიც იტყვის, რომ კარიერის უცხოეთში გაგრძელება არ უნდა, ის უბრალოდ, იტყუება. ყველა ფეხბრთელს აქვს ოცნება, რომ ევროპაში ითამაშოს და თავისი სიტყვა თქვას, მათ შორის ცხადია, მეც ვარანორთოსისში ჩემ ტრანსფერთან დაკავშირებით მეც ბევრი წავიკითე, მაგრამ პირადად არავინ დამკავშირებია და რეალური შემოთავაზება არც ყოფილა.

რომ იყოს, წახვალ?

ახლა ამის თქმა ნამდვილად გამიჭირდება. არის მოლაპარაკებები, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. დინამოში ჯერ ყველაფერი მაკმაყოფილებს და მინდა, ზაფხულში გუნდს ევროთასებზე დავეხმარო. ვნახოთ, მერე რა მოხდება.

რახან ევროთასები ახსენე, შენი აზრით, რა იქნება ზაფხულში დინამოს მაქსიმუმი? ამ შემადგენლობით წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნება...

საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი ვართ და რა თქმა უნდა, ასე ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ შანსი ყველასთან არის და ვფიქრობ, ბრძოლა ყველასთან შეგვიძლია. მწვრთნელის გადასაწყვეტია, სეზონის დასრულების შემდეგ ვინ დაგვემატება, მაგრამ გაძლიერება რომ გვჭირდება, ფაქტია.

როგორ დაახასიათებ კახა გოგიჩაიშვილს, რამდენად იზრდები მის ხელში? დინამოს თამაშის ხარისხიც და შედეგიც აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.

პირველ რიგში ვიტყვი, რომ გოგიჩაიშვილმა ერთიანი გუნდი შექმნა და მის ხელში დინამო ერთი დიდი ოჯახია. ეს ალბათ, ყველაზე მთავარია წარმატების მისაღწევად. ცდილობს, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ და მოედანზე ყოველთვის რაღაც ახალი გავაკეთოთ. ეს ადვილი არ არის, რადგან გუნდში თავადაც ახალი მოსულია და ფეხბურთელების უმეტესობაც. ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას დრო და შეთამაშება სჭირდება. ვფიქრობ, რაც მასთან ერთად ამ მოკლე დროში მოვახერხეთ, ეს უკვე წარმატებაა. ფეხბურთელებს მისი გვჯერა და ყველა მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ.

ბოლოს, ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავ- თემურ ქეცბაიამ ნაკრებში რამდენჯერმე მიგიწვია და გათამაშა კიდეც. როგორც კახა ცხადაძემ თქვა, ის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაყრდნობას ჯერ არ აპირებს...

თემურ ქეცბაიას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ოცნება ამსრულა და ეროვნულ ნაკრებში პირველად მისი მწვრთნელობისას ვითამაშე. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ვფიქრობ, შანსი მომეცემა და აუცილებლად დავამტკიცებ, რომ ეროვნულ გუნდში გამოძახებას ვიმსახურებ. ყველაფერი ჩემზე და ჩემს სათამაშო ფორმაზეა დამოკიდებული.

ოთო მუმლაძე