სიახლეები

ლაშა ჯაკობია: 19-წლამდელების ელიტ-რაუნდზე არაერთი მენეჯერი ჩამოვა

გაუზიარე

ახალგაზრდები, გარემარბი გიორგი ბერიძე და მარცხენა ნახევარმცველი ლევან შენგელია გუშინ ფრანგულ ლილში გაემგზავრნენ, სადაც 10 დღე დარჩებიან და ლილის დუბლებში ივარჯიშებენ. თუ მწვრთნელებს თავს მოაწონებენ, შესაძლოა, ქართველებთან ზაფხულში გაფორმდეს კონტრაქტი. ბერიძე და შენგელია საფრანგეთში ლაშა ჯაკობიას მეშვეობით წავიდნენ. 

როგორც იცით, ჯაკობია ფოთის კოლხეთის სპორტული დირექტორია, საფრანგეთსა და ბელგიაში კარგი კავშირები აქვს. შარშან ლუკა კიკაბიძე სწორედ მისი მეშვეობით მოხვდა ბასტიაში. რა შეხსენება გინდათ, ჯაკობია ერთ დროს საქართველოს უპერსპექტიულეს ფეხბურთელად მიიჩნეოდა, ყველა ასაკობრივი ნაკრების ბომბარდირი გახლდათ.

რაც შეეხებათ ბერიძესა და შენგელიას. პირველი მათგანი დღეს გახდა 18 წლის: ბერიძე გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეულია, მისი ბოლო კლუბი ზესტაფონი იყო. რაც შეეხება 1995 წელს დაბადებულ შენგელიას, ის ფოთის კოლხეთის ფეხბურთელია და გუნდი რომ პროგრესირებს, ამაში შენგელიას დიდი წვლილიცაა: მან 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა.  

ჯაკობია: “არ დაგიმალავთ, იყო საუბარი მონაკოზე და კიდევ, ბელგიის სხვადასხვა კლუბებზე. მაგალითად, ბერიძე კიდევ სამ ფრანგულ გუნდს აინტერესებდა, მაგრამ ლილმა პირველმა მიიწვია და უარს ვერ ვეტყოდით. ბერიძე 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას მოეწონათ. ასევე, საქართველოში დავპატიჟე ფრანგი მენეჯერები და შენგელია მოეწონათ. ეს ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოში იყო, მაგრამ თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ფოთში კი ვენდეთ და ყველამ დაინახა მისი პოტენციალი. ბელგიურ კლუბებს შენგელიაც აინტერესებთ”. 

ჯაკობიამ გვითხრა, რომ თუ ქართველები მოეწონათ, კონტრაქტის გაფორმების პრობლემა არ იქნება. ისაუბრა გუბაზ დოლიძის დამსახურებაზეც: 

“გუბაზს ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს გაზრდილი, რომლებიც დღეს ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებით თამაშობენ. მათ შორის, პაპუნაშვილი, დვალი და 1995 წელს დაბადებული ბევრი მოთამაშე. ბერიძე და შენგელიაც მის ხელში არიან გამოვლილნი”. 

ხომ არაა მოსალოდნელი, რომ ბერიძისა და შენგელიას მსგავსად, სხვა ფეხბურთელებიც წავიდნენ უცხოეთში გასინჯვაზე? ჯაკობიას ამაზეც ვკითხეთ და გვიპასუხა, რომ დიდწილად ეს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩების შემდეგ გაირკვევა. შეგახსენებთ, დევდარიანის გუნდის მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან. ჯგუფის თამაშები თბილისში დაიწყება 29 მაისიდან: 

“მძიმე ჯგუფია, მაგრამ ასეთ ნაკრებებთან თამაშისას უფრო გამოჩნდება ჩვენების ძალა. ჩემი კავშირებით, მინიმუმ სამი კლუბიდან ჩამოვლენ მენეჯერები, დააკვირდებიან ქართველებს”. 

რაც შეხება ლუკა კიკაბიძის საკითხს, ჯაკობია ამბობს, რომ არავითარი ტრაგედია არაა, ფეხბურთელს თუ ბასტიას სასტარტოში არ ათამაშებენ: 

“როგორც იცით, კიკაბიძე ბასტიას მეორე გუნდში თამაშობს. ამასწინათ გოლიც გაიტანა. მეორე წრეში უკეთ გამოიყურება, პროგრესი აქვს. ძალიან რთულია, საქართველოს ჩემპიონატიდან საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში წახვიდე და პირველივე სეზონში გათამაშონ. ის კი არა, მეოთხე ლიგაშიც კი, სადაც კიკაბიძე თამაშობს, უფრო მეტი სისწრაფეებია, ვიდრე ჩვენთან. დანიაში ან შვედეთში რომ მიდიოდე, კიდევ მესმის, მაგრამ საფრანგეთი სხვა დონეა. ზაფხულში გადაწყდება კიკაბიძის საკითხი: თუ ნორმალურ გუნდში გაანათხოვრებენ, პრობლემა არაა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ბასტია ლუკას გაშვებას არ აპირებს”. 

ილია ნანობაშვილი