სიახლეები

აღმასკომის სანქციები - ზესტაფონს სტუ და ჩხერიმელა მიაყოლეს

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ორი საკითხი განიხილა. პირველი გარიგებულ თამაშებში ეჭვმიტანილ პირებს ეხებოდა, ხოლო მეორე საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბესო აბაშიძის მიმართვა გახლდათ ზესტაფონის ყოფილი ფეხბურთელების, თორნიკე აფციაურის და შოთა ბაბუნაშვილის, ასევე ყოფილი მწვრთნელის თამაზ ოდიკაძის დავალიანების შესახებ, რომელიც მათ ყოფილ კლუბს გააჩნია მათ მიმართ.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ საფეხბურთო კლუბებს, სტუ-ს და ხარაგაულის ჩხერიმელას. იმ შეხვედრებში, რომლებშიც სტუ და ჩხერიმელა გარიგებაში არიან ეჭვმიტანილები, ორივე გუნდს ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვლება. ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებშიც ამ გუნდებს ანალოგიური ანგარიშით წაგება ჩაეთვლებათ. 

ასევე შეუჩერდათ უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე სტუ-ს პრეზიდენტს ოთარ შენგელიას, ჩხერიმელას ფეხბურთელებს გიორგი გოდერიძეს და თემურ სანიკიძეს. აღმასკომის გადაწყვეტილებით კი დავით გენძეხაძეს საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი დონის მატჩის დროს ეკრძალება სტადიონზე ყოფნა. იმ შემთხვევაში, თუ ოთარ შენგელია, გიორგი გოდერიძე და თემურ სანიკიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ სამართლიანობის ჯგუფთან ითანამშრომლებენ, შესაძლოა, მათ შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედოს. აღმასკომმა არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო გარიგებულ თამაშებში მონაწილე კიდევ ოთხ ეჭვმიტანილზე - გიგა ბურჯანაძეზე, ომარ ნაკაიძეზე, იოსებ გიოშვილზე და გიორგი კუხალეიშვილზე, რადგან ეს პიროვნებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამართლებრივ სივრცეში არ შედიან.

ახლა რაც შეეხება ზესტაფონის საკითხს. გამომდინარე იქედან, რომ ზესტაფონი ვალს არ უსტუმრებს თორნიკე აფციაურს, შოთა ბაბუნაშვილს და თამაზ ოდიკაძეს, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრობა შეუჩერდა და, თუ ეს დავალიანება არ იქნება გასტუმრებული ფედრაციის მორიგ ყრილობამდე, მაშინ ზესტაფონს ფეხბურთის ფედერაციიდან გარიცხავენ.

აღმასკომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს მურად ანჯაფარიძემ, ბესო აბაშიძემ და კესო ჩხიკვაძემ. 

მურად ანჯაფარიძე (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "აღმასკომს გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით ჰქონდა პრინციპული მიდგომა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ფეხბურთისთვის. მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ ორივე ეჭვმიტანილ კლუბს და ასევე ეჭვმიტანილ პირებს, იქამდე შეუჩერდათ უფლებამოსილება, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება".

კესო ჩხიკვაძე (სფფ-ის იურიდიული სამსახურის უფროსი): "აღმასკომის გადაწყვეტილებით, დავით გენძეხაძეს აეკრძალა არამხოლოდ საფეხბურთო საქმიანობა, არამედ საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი რანგის შეხვედრაზე დასწრება. ოთარ შენგელია, გიორგი გოდერიძე და თემურ სანიკიძე კი თუ ითანამშრომლებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ სამართლიანობის ჯგუფთან, მაშინ შესაძლოა, მათ შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედოს".

აღმასკომის დასრულების შემდეგ დავუკავშირდით შოთა ბაბუნაშვილს და თამაზ ოდიკაძეს, თუმცა ოდიკაძემ რაიმე სახის კომენტარისგან თავი შეიკავა.

შოთა ბაბუნაშვილი: "ზესტაფონს ჩემი დავალიანება დაახლოებით 5 600 დოლარი ჰქონდა, მაგრამ თავიდან ამ თანხას არ მიხდიდნენ. შემდეგ, რაც ჩემი უფლებების დაცვა გადავწყვიტე, მიხეილ ხუციშვილი მესაუბრა და შევთანხმდით, რომ ამ თანხას ყოველთვიურად ერთი წლის განმავლობაში გადამიხდიდნენ, მაგრამ მხოლოდ სამი თვისა გადამიხადეს და შემდეგ თეთრიც არ ამიღია. აღმასკომის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, იმედი მაქვს ჩემს კუთვნილ თანხას საბოლოოდ მივიღებ".

პაატა ძნელაძე