სიახლეები

ჯაბა მუჯირი: ფედერაციას ზესტაფონი შარშანვე უნდა გაერიცხა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს სთხოვა ფეხბურთელებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება და მათთვის კუთვნილი თანხის გადახდა, თუმცა ამაოდ... ზესტაფონს ფეხბურთელთა უფლებათა დამცველებმაც მიუთითეს საკონტრაქტო პირობების შესრულებისკენ, თუმცა ამაოდ... შემდეგ საქმეში ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ჩაერია და სწორედ ფეხბურთელთა მიმართ დავალიანებისა და საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის არად ჩაგდებისთვის, ზესტაფონს ევროსარბიელზე მონაწილეობა აუკრძალა, თუმცა, ბოლოს მაინც კეთილი ნება გამოიჩინა და ილია კოკაიას გუნდს ევროპის ლიგაზე მონაწილეობის უფლება მისცა. 

ზესტაფონელებმა მაშინ დაიჩივლეს, ფედერაციის გამო უეფაში სამონაწილეო განაცხადის შეტანას ვერ ვახერხებთო. არადა, ფედერაცია წეს-კანონით მოქმედებდა და ზესტაფონელებს ფეხბურთელებისადმი ნაკისრი სახელფასო ვალდებულების შესრულებასა და საფეხბურთო ტრიბუნალის გადაწყვეტილებათა აღიარებას სთხოვდა. 
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ზესტაფონისთვის სანქციების გამოყენება ჯერ კიდევ წინა ზაფხულს მართებდა. სწორედ მაშინ, როცა ზესტაფონს უეფაში ევროპის ლიგის განაცხადი უნდა შეეტანა, ფედერაცია კლუბს ვალებისა და ტრიბუნალის არაღიარებისთვის, ქართული საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთით დაემუქრა, მაგრამ ბოლოს მაინც კეთილი ნება გამოიჩინა და ზესტაფონს ევროსარბიელზე თამაშის უფლება მისცა“ _ ამბობს საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა მუჯირი. 

ზესტაფონი ევროპის ლიგის გათამაშებას პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა, როცა სლოვაკურ ტრნავის სპარტაკთან 0:0, 0:3 წააგო. ზესტაფონელები გამოვარდნენ, მაგრამ თორნიკე აფციაურის, შოთა ბაბუნაშვილისა და მეკარეების მწვრთნელის თამაზ ოდიკაძის დავალიანება ისევ დარჩათ.

„ევროპის ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ფედერაციამ ზესტაფონს რამდენიმე წერილი გაუგზავანა და შეატყობინა, რომ დავალიანება უნდა დაფარულიყო. ფედერაციამ ზესტაფონს, ისევე როგორც ყველა კლუბს, დახმარების მიზნით ზამთარში 200 ათასიც გადაურიცხა. ამ ფულით კლუბს დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. უფრო ადრე, ზესტაფონმა ევროპის ლიგაში მონაწილეობისთვის მიიღო უეფადან გარკვეული თანხა, მაგრამ არც იქიდან დაუფარავს დავალიანება. უეფადან თანხა ზესტაფონმა ფედერაციის გავლით მიიღო და ფედერაციასაც შეეძლო, ზესტაფონისთვის დავალინების თანხა დაეკავებინა, მაგრამ ისევ კეთილი ნება გამოიჩინა და საქმეც აქამდე მოვიდა. ფეხბურთის ფედერაციას ზესტაფონთან დაკავშირებით ადრევე რომ პრინციპული პოზიცია გამოევლინა, დღეს საქმე აქამდე არ მივიდოდა“ _ გვითხრა ჯაბა მუჯირმა. 

ზესტაფონს თორნიკე აფციაურის 12 300 დოლარი მართებს, შოთა ბაბუნაშვილის კი 5 600 დოლარი. ამ თანხას ზედ საურავიც ემატება და ჯამში, ზესტაფონელებს უფრო მეტი გამოსდით გადასახდელი. თუმცა, რად გინდა, ზესტაფონი არც საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილებას ცნობს და არც სააპელაციო სასამართლოს დადგენილებას ასრულებს. 

„ამ შემთხვევაში აღმსრულებლის ფუნქცია ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს. ზესტაფონისთვის ფედერაციის წევრობა გასულ ზაფხულს უნდა შეჩერებულიყო, მაგრამ ისიც კარგია, რომ ფედერაციის აღმასკომმა ეს ახლა მაინც გააკეთა. ახლა საქმე ზესტაფონზეა. რა იქნება, თუ ისევ არ გადაიხდიან დავალიანებას? ამ კითხვაზე პასუხს იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ გეტყვით. ერთი ზუსტად ვიცი, ვიდრე ზესტაფონს წევრობის სტატუსი შეჩერებული ექნება, ვერც ხმის უფლებით ისარგებლებს. ხოლო კიდევ რა იურიდიული ბერკეტები არსებობს საიმისოდ, რომ ზესტფონმა ფეხბურთელების დავალიანება ბოლომდე დაფაროს, მალე გავარკვევ“ _ ესეც ჯაბა მუჯირმა გვითხრა, ვინც უკვე წელიწადზე მეტია, რაც შოთა ბაბუნაშვილისა და თორნიკე აფციაურის ინტერესებს იცავს და ზესტაფონს ამათთვის კუთვნილის გადახდას სთხოვს.

ვნახოთ, რა იქნება. ფედერაციის აღმასკომმა გადაწყვეტილება მიიღო, მომდევნო ნაბიჯი ზესტაფონზეა...

კობა ინასარიძე